четверг, 3 апреля 2014 г.

ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები

ავტორი: ნათია ნაფეტვარიძე
ქართულ სასულიერო მწერლობაში, ალბათ, არ არსებობს ნაწარმოები, რომელზეც იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, რამდენიც «შუშანიკის წამებაზე». ერთნი ამბობენ, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, მეორენი ამბობენ, არაო. მოკლედ, ამ ძეგლის თაობაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა ქართველი მკვლევარი აღიარებს, რომ ათას ხუთასი წლის წინ, V საუკუნეში, დაწერილი თხზულება, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) «შუშანიკის წამება», დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

მხატვრული ნაწარმოები, როგორც ასეთი, ყოველთვის იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას - ადამიანი მას იგებს ისე, იღებს ისე, როგორც უნდა ან როგორც უნდა რომ გაიგოს. ერთგვარი გამონაკლისი, ალბათ, ჰაგიოგრაფია და, საზოგადოდ, სასულიერო მწერლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღწერს წმინდანის წამების ან ცხოვრების ამბებს (ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ღირსებას). ამ «გამონაკლისის» გამონაკლისი კი იაკობ ხუცესის უკვდავი «შუშანიკის წამებაა», სადაც სარწმუნოებრივი კონფლიქტი ადამიანური ვნებებისა და მძაფრი ოჯახური დრამის ფონზე აიახება. ამაზე - ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ზოგად ჟანრობრივ საკითხებსა და თავისებურებებს შევეხოთ.
რა არის მიზანი ჰაგიოგრაფიული მწერლობისა? რატომ სურს ჰაგიოგრაფ ავტორს, გვიამბოს წმინდანის ცხოვრების ან წამების შესახებ?

ამას ორი დიდი მიზანი აქვს: პირველი - აღიწერება ამბები, რათა ისინი, ერთ დიდ სასულიერო მწერალს თუ დავესესხებით, «ჟამთა სიმრავლისაგან [არ] მიეცნეს დავიწყებასა», და მეორე - წმინდანის ღვაწლი (არ აქვს მნიშვნელობა, მისი ღირსად ცხოვრება თუ წამება) მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის: თუკი მან, მართალია, გამორჩეულმა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო და დაითმინა, «შიში კაცობრივი განაგდო» და თავისი თავი მიუძღვნა უფალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთარი სულის ცხოვრებას, მაშინ შენც, ამ ნაწარმოების წამკითხველი თუ მომსმენი (რადგან ხშირად ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, არსებითად, მათი კიმენური რედაქცია, ეკლესიაში იკითხებოდა წმინდანის ხსენების დღეს), შეძლებ ამას ნებისყოფის, მონდომების ხარჯზე, ჯილდო კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ქრისტიანისთვის სანატრელია: სულის საუკუნო სიცოცხლე.
ამის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული გმირი ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძია (აკი ნათქვამიც არის ერთ-ერთ ჰაგიოგრაფიულ პერსონაჟზე, რომ «ემსგავსებოდეს (მოწაფენი) მოძღვარსა თვისსა, ვითარცა იგი ემსგავსებოდის ქრისტესა»), როგორც შუამდგომელი («მეოხი») კაცისა უზენაესის წინაშე.

ასეა თუ ისე, ჰაგიოგრაფია, ენციკლოპედიური განმარტებით (ბერძნ. άγιος - «წმინდანი» და γράφω - «ვწერ») სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის; ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი ღვაწლით იესო ქრისტეს - ყოვლადწმინდა სამების განკაცებული ჰიპოსტასის, ძე ღვთისას - ცხოვრების გზას იმეორებენ ერთგვარად.

რას ნიშნავს თვითონ ქართული სიტყვა «მოწამე»? ეს ტერმინიც ბერძნულიდან მომდინარეობს, იგი კალკია ბერძნული «მარტიროს»-ისა, რაც ქართულად «მოწმეს» ნიშნავს. შესაბამისად, სიტყვა «მოწამეც», თავდაპირველი მნიშვნელობით, «მოწმეს» აღნიშნავდა, რომელიც ადასტურებდა თავის ქრისტიანობას და ამას საკუთარი სისხლით ამოწმებდა.

და მაინც, რა შეიძლება ითქვას ქართული ჰაგიოგრაფიის უკვდავი შედევრის, «შუშანიკის წამების» შესახებ? რით ჰგავს ან რით განსხვავდება ის ამ ტიპის (ვგულისხმობ სასულიერო მწერლობას) სხვა ნაწარმოებებისგან? ბევრი რამის თქმა შეიძლება როგორც ერთი, ისე მეორე კითხვის პასუხად.

ერთი შეხედვით, ესაა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, წამებათა ჟანრისა, რომელშიც აღწერილია მორწმუნე ქრისტიანი ქალის, დედოფლის, ქვემო ქართლის პიტიახშის მეუღლის, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასულის შუშანიკის თავდადება სარწმუნოებისთვის. ის სამჯერ გვემა ქმარმა სასტიკად, მერე კი ციხეში წააყვანინა, სადაც გაატარა მან მთელი დარჩენილი ცხოვრება (ექვსი წელი) და იქ ყოფნისას «წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა: მარხვითა, მარადის მღვიძარებითა, ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა». არ აძლევდა საკუთარ თავს დაცემისა და დასვენების უფლებას და მიიღო კიდეც საუკეთესო ჯილდო ღვთისგან - მარადიული სიცოცხლე ზეცაში. შუშანიკი - პერსონაჟი იაკობ ხუცესის ნაწარმოებისა - ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი მოწამე - პერსონაჟი სხვა ნაწარმოებებისა. შესაბამისად, ისიც ისევეა სამაგალითო სხვა ქრისტიანებისთვის, როგორც ის დანარჩენი წმინდანები, რომელთაც თავიანი სისხლის დამოწმებით დაადასტურეს საკუთარი ქრისტიანობა ღვთისა და ხალხის (მათ შორის – თავიანთი ჯალათების) წინაშე.

შუშანიკი, ისევე როგორც სხვა წმინდანები, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა («მოშიში ღმრთისაჲ... სიყრმითგან თჳსით»), ხოლო მას შემდეგ, რაც გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა (აქ არშეიძლება არ აღინიშნოს მისი სულიერი სიმტკიცე), გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს არ აძლევდა მოსვენებას არც დღისით და არც ღამით, ის სხვებისთვისაც ლოცულობდა და მათაც, წმინდანის ლოცვით, მიეცემოდათ: «უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნებაი, ბრმათა - თუალთა ახილვაი».

ნაწარმოებში არის ბევრი სხვა რამ, რაც აქცევს წმინდა შუშანიკს წმინდანად, დედოფალს - მოწამედ, «სამგზის სანატრელად» და «ნეტარად», როგორც მას იაკობ ხუცესი უწოდებს. ეს არის ის, რითაც ის ირიცხება წმინდანთა დასში და რის გამოც მას მორწმუნენი ღვთის წინაშე მეოხებას სთხოვენ.

წმინდა შუშანიკი დიდი შინგანი დაძაბულობის წყალობით მაღლდება მიწიერ ვნებებზე და აღწევს, სწვდება იდეალს. საკუთარი ცხოვრების დასასრულს ამბობს კიდეც: «ხოლო მე აწ ამას ვმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა (ე. ი. ვარსქენის მიერ მიყენებული ტანჯვით) მე ლხინებაი ვპოო და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსვენებასა მივემთხვიო... ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარულ, სატანჯუელთა ამათ წილ - განსუენებაი, გუემათა ამათ ჩემთა, თრევათა და შეურაცხებათა მივემთხვიო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა».

ამბობენ, რომ ძველი ლიტერატურა, პერსონაჟების ქცევის ასპექტები უნდა განვიხილოთ იმ ეპოქის ფონზე, რომელშიც იგი იწერება, - მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, სრულად ავხსნათ გმირის ქცევის მოტივებიო. შესაძლოა, ეს თვალსაზრისი მართებულიც იყოს, მაგრამ თანამედროვე მკითხველისთვის, ვფიქრობ, უფრო გასაგები იქნება, თუკი მოვლენებს სხვა კუთხიდანაც დავანახვებთ და არა მხოლოდ ისე, მაშინ ასე იყო მიღებულიო.

«შუშანიკის წამებაშიც», ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ეძიონ არა მხოლოდ ტიპური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, არამედ ისინიც, ამ ძეგლს იმავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებისგან რომ გამოარჩევს.

ამ თავისებურებათაგან, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანის გამოკვეთილ თვისებებთან ერთად ჩვენ, მკითხველები, მოწმენი ვხდებით, როგორ იქცევა თუნდაც დედოფალი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანად, როგორ სძლევს ის თავის ადამიანურ ვნებებს და შეძლებს სასუფევლის დამკვიდრებას.

ალბათ, ეს ასპექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნაწარმოები ნამდვილად V საუკუნეშია დაწერილი - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ჰაგიოგრაფიული გმირის იდეალი.

ამ ტიპის თხზულებებს (თვით «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაც» კი, სადაც უამრავი პერსონაჟია თავმოყრილი) ყოველთვის ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელზეც ფოკუსირებულია მოვლენები და ყველაფერი ამ გმირის განდიდებას ემსახურება; შესაბამისად, სხვა პერსონაჟების მხატვრულ სახეზე მსჯელობაც გაძნელდება. «შუშანიკის წამებაში» კი ასე არ არის, თავისუფლად შეიძლება ვარსქენის მხატვრული სახის ანალიზი - ესეც ამ ნაწარმოების კიდევ ერთი არაჰაგიოგრაფიული თავისებურება.

ზემოთ ვახსენე, შუშანიკი ჩვეულებრივი მოკვდავიდან წმინდანად მკითხველის თვალწინ გარდაიქმნება-მეთქი. იაკობ ხუცესი თვალნათლივ გვიჩვენებს, რის ფასად უჯდება ეს დედოფალს. ნაწარმოების დასაწყისში პიტიახშის მეუღლე საკუთარ მარტოობას განიცდის («ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე»). ესეც წმინდანის ადამიანური ბუნების გამოვლინებაა; მას გამუდმებით სჭირდება მოძღვრისა და თანამოაზრეების თანადგომა... თუმცა სწორედ ამ ადამიანური განცდების წარმოჩენით ახერხებს ავტორი, სხვებისთვისაც ახლობლად აქციოს თავისი პერსონაჟი, რომელსაც ასე გულშემატკივრობს.

ამ და კიდევ ბევრი სხვა პასაჟის დამსახურებაა, რომ «შუშანიკის წამება» «დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან მრავალი სხვაც, რომლებიც ძველ ქართულ პროზას წარმოადგენს, დღეს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, თუ როგორ ჰგვანან ადამიანები ერთიმეორეს და როგორ ვიბრძოდით ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის - ადამიანობის სამკვიდრებლად» (თამაზ ჭილაძე).

ვფიქრობ, «შუშანიკის წამების», როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, ღირსება უნდა ვეძიოთ მის ყველა თავისებურებაში (ჰაგიოგრაფიის ტიპურ მახასიათებელშიც და სასულიერო მწერლობისთვის უჩვეულოშიც), რადგან, საბოლოოდ, ესაა ერთი დიდი ქართველი მწერლის დიდებული, მაღალი მხატვრული გემოვნებით შესრულებული ტილო, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს ვერც ერთ ეპოქაში. ესაა ნაწარმოები, რომელიც შენც, უბრალო მკითხველსაც, აღწერილი ამბის თანამონაწილედ და თანამედროვედ გაქცევს.

დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქვს თავისი სათქმელი. სწორედ ეს უმკვიდრებს მას უკვდავობას, ისე, როგორც თუნდაც წმინდა შუშანიკს - თავისი ღვაწლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий