"ცდა ბედის მონახევრეა"
ქართული ანდაზა
"ლეს ესსაის" - ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა - XVI საუკუნეში. ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა - ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება.
რადგან ესსაი - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს, მონტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო ადამიანური ბუნების საიდუმლო.
კაცობრიობის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭრიახი ადამიანის გონება. პედაგოგიკაც არ გამორჩენია და თავის წიგნში "ბავშვის აღზრდას" მთელი თავი დაუთმო: "მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველაფერს, მხოლოდ ის საუბრობდეს _ მოძღვარმა თავის შეგირდსაც უნდა მოუსმინოს". ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვნილებაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის "ცდებს" უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს მწერლის გაკვეთილებს.
სწორედ მონტენის წერისა და აზროვნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა.
მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა...
ვცადოთ...
აი, მონტენის პასუხიც: "მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხოლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სიმართლე გითხრათ, სრულიად სხვაგვარად შევასრულებდი ამ საქმეს. მაგრამ ყოველივე უკვე აღსრულებულია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია.
ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარიტებას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან.
ჩემ მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხედავ... მოძრაობაში... უნდა გვახსოვდეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება - მე ხომ შეიძლება უცბად შევიცვალო... ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში - ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხვავებულ სიტუაციაში - რის გამოც სხვადასხვაგვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზრისებში, რომლითაც მივუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმარიტებას კი - არასოდეს... მხოლოდ ჩემსავე თავს".
დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბიექტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბრობს მონტენი ადამიანზე, შემოქმედებასა და ჭეშმარიტებაზე.
გულწრფელად რომ ვთქვათ, არააკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვნებისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ მწერალი, ფაქტობრივად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს...
მონტენის "ცდებმა", ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითარებას. სწორედ მისმა არააკადემიურმა - ლაკონურმა, ექსპრესიულმა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტილი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ.
რაც შეეხება შეკითხვას - როგორ ვწეროთ ესე? - მარტივად შგვიძლია ვუპასუხოთ - მივბაძოთ მონტენს და არა მარტო მას! დაწვრილებით შევისწავლოთ და გავაანალიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკვირდეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავაზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედვით, ადვილად შეძლებენ წერის ტექნიკის დაუფლებას.
არც თუ ურიგო მეთოდია, საკმაოდ პრაქტიკული და, პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ერთი შეხედვით, სრულყოფილი. მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გვრჩება უყურადღებოდ. კერძოდ, რა უფრო არსებითია, - წერის ტექნიკის დაუფლება თუ შემოქმედებითი აზროვნება და თავისუფლება? რას ვანიჭებთ უპირატესობას, დამოუკიდებელ, არასტანდარტულ აზროვნებას თუ ენობრივ ნორმებსა და ესეს სტრუქტურის ცოდნას? თუ ეს საკითხები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და გაუმართლებელია რომელიმე მათგანზე აქცენტირება?
ბოლო შეკითხვა ახალი მსჯელობის თემაა, ზოგადად, ლიტერატურის სწავლების თავისებურებას ეხება და ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, ისედაც ბევრი შეკითხვები დაგვიგროვდა...
მონტენის შემდეგ ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა დიდი ცვლილება განიცადა, გამრავალფეროვნდა თემატური და სტილისტური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე მთავარი - აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება უცვლელად შეინარჩუნა. რას ნიშნავს ეს?
ჩვენ შემთხვევაში - სრულ შემოქმედებით თავისუფლებას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ განსხვავებული აზრისთვის მას არავინ გაკიცხავს; მისი თავისუფალი, ზოგჯერ პარადოქსული, მაგრამ გულწრფელი მოსაზრებები არ გახდება აღშფოთების საგანი. მონტენი ხომ თავის ნაშრომს გულწრფელ წიგნს უწოდებდა და გულახდილობას ძალიან აფასებდა.
მაშ ასე, მოსწავლე თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თემას და თავადვე განსაზღვრავს საკუთარი ნაწერის სტილს.
ესეში მოსწავლემ უპირველესად საკუთარი ინდივიდუალური ფასეულობები უნდა წარმოაჩინოს. ნაწერში უნდა ჩანდეს მისი პიროვნული დამოკიდებულება სამყაროსთან. სწორედ გამოხატვის ეს ფორმა განასხვავებს ესეს ტრადიციული თხზულებისაგან, რომელშიც მოსწავ-ლემ ობიექტური მსჯელობა კონკრეტულ მოთხოვნას - მოცემული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს უნდა შეუსაბამოს.
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ირაციონალური ტექსტია. მას აქვს თავისი სუბიექტური ლოგიკა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ესეს ავტორის აზრებში, შთაბეჭდილებებსა და განცდებში. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ სრული თავისუფლება არ ნიშნავს ქაოსურ და ეკლექტურ მსჯელობას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია:
ნებისმიერ საკითზე მსჯელობისას, ორიგინალური მოსაზრებებისა და ინდივიდუალური პოზიციის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ესე ტრადიციულ თემაზე იწერება;
განსახილველი პრობლემის არასტანდარტული ინტერპრეტაცია, მიუხედავად იმისა (და სწორედ იმის გამო), რომ არავინ მოითხოვს მისგან ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას;
ტექსტი გამოირჩეოდეს ლექსიკური მრავალფეროვნებითა და ხატოვანებით. გამოთქმული მოსაზრებები კი - ლოგიკური და სტილური გამართულობით.
ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ისტორიულ-ლიტერატურული პარალელების გამოყენება და მათი ბუნებრივად დაკავშირება ტექსტის ძირითად იდეასთან, ავტორის პოზიციასთან.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ მოსწავლის ესე, რომელიც ბავშვობის ასაკიდან კითხულობს, წერს, ფიქრობს და აზროვნებას სწავლობს, ცხადია, მასწავლებლის დახმარებით.
პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის
ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხველისათვის ნაცნობი, ადვილად აღსაქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკითხველს კიდევ ერთხელ დაუკონკრეტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგადი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკითხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუმენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრაფიული; ფსიქოლოგიური; სოციოლოგიური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგენილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.
დეტალური გეგმა საშუალებას მოგცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი, ლოგიკურად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძლება ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით - ამოიღოთ ან გადაადგილოთ მისი შემადგენელი ნაწილები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий