XXI საუკუნემ საგრძნობლად შეცვალა სამყაროსადმი ადამიანების დამოკიდებულება. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მომთხოვნი, კრიტიკული და თავდაჯერებულია. ახალმა რეალობამ საშუალება მოგვცა, გადაგვეფასებინა განვლილი გზა და თვალნათლივ დაგვენახა დაშვებული შეცდომები.
საუკუნის მიღწევებმა და ტექნიკურმა პროგრესმა დააჩქარა ცხოვრების რიტმი, ადამიანებიც უფრო პრაგმატულები გახდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარადიული თემები და კითხვები დღესაც ისევე აღელვებს საზოგადოებას, როგორც ადრეულ ეპოქებში. თავისუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის ძიება და არსებობის გამართლება - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც გამუდმებით ფიქრობს თითოეული ჩვენგანი.
ხელოვანები, მწერლები ამ თემებით განსაკუთრებით არიან დაიტერესებულნი, რადგან სამყაროს შემეცნება და ამოხსნა შემოქმედებითად მოაზროვნე ინდივიდებს უფრო ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, მათი მონაპოვარი და ნაღვაწი ზედმიწევნით და ზუსტად გადავცეთ ახალ თაობას. ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა შეიყვაროს წიგნი, მწერალი და ის ჯადოსნური სამყარო, რომელშიც მას ავტორი ამოგზაურებს. ვფიქრობ, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან ზიარება საუკეთესო საშუალებაა მოზარდისთვის მრავალმხრივი ინტელექტის განსავითარებლად. ჰოვარდ გარდნერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანს საყოველთაოდ ცნობილ რვა ინტელექტთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს მეცხრე, ეგზისტენციალური ინტელექტიც, რომელიც ფილოსოფიურ აზროვნებას გულისხმობს. ამგვარ საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობას ქმნის მდიდარი ლიტერატურული ცოდნა. ლიტერატურა არის მუსიკა, რომელსაც უსმენ და ყველა კითხვაზე პოულობ პასუხს.
საქართველოს მრავალი თვალსაჩინო მწერალი ჰყავს. შემოქმედის ყველაზე უტყუარი საზომი დროა. ხშირად აღიარება გარდაცვალების შემდეგ მოდის, მაგრამ მწერლის უკვდავების საზომი ის ნაწარმოებებია, რომლებმაც დროს გაუძლო.
ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა "იგი". მწერლისა და მისი შემოქმედების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.
მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ბენჯამენ ბლუმმა აზროვნება დონეებად დაყო, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულია. მარტივი ცოდნა არაფერია, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ნასწავლის შეფასებასა და ანალიზს. ამგვარად, რთულია გაიგო "იგი", თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.
უნდა დავიწყოთ თავიდან. სწორედ ამიტომ, შევეცდები, უფრო ღრმად განვიხილო ის მეტად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დიდმა ქართველმა მწერალმა თავისი შემოქმედების ბაზისად გამოიყენა.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჯემალ ქარჩხაძის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი მისი ცხოვრებით არის საინტერესო.
დაიბადა 1936 წელს უხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სულიერ ნათესაობას ნიკოლოზ ბარათაშვილთან გრძნობდა, უყვარდა დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება. საგულისხმოა, რომ პირველი ავტორი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წაუკითხავს, ყოფილა ჰომეროსი, ამიტომ შემთხვევითი როდია მის ნაწარმოებებში მითისა და რიტუალის ენა. მისი მოთხრობები და რომანები უკვე თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენაზე და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯემალ ქარჩხაძის პირველი მოთხრობა 1960 წელს დაიბეჭდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტად რთულ და კრიტიკულ დროს დაემთხვა. როგორც ნამდვილმა კალმის ოსტატმა, ისტორიული მოვლენები ფრთხილად და მოზომილად გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში. ცნობილია, რომ ერის თვითმყოფადობა და წინსვლა მის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაზეა დამოკიდებული. ქვეყნის შიდა პოლიტიკა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა, კულტურათა გაცვლა ხშირად განსაზღვრავს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. როდესაც კულტურულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და რომელსაც მწერალი გვერდს ვერ აუვლის. ჯემალ ქარჩხაძე არ მიუთითებს კონკრეტულ დროს, ეპოქას, მაგრამ გონიერი მკითხველი აუცილებლად დაინახავს კავშირს ისტორიულ სინამდვილესთან. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული და უკვე თანდაყოლილი პრობლემები ისე შევისისხლხორცეთ, რომ ზოგჯერ მგონია, მათი გადაჭრა, მათგან თავის დაღწევა აღარც კი გვინდა.
ქარჩხაძის გმირები გამოირჩევიან ჰუმანურობით, სამყაროს განსაკუთრებული სიყვარულით. ისინი ხშირად არღვევენ დადგენილ წესებს. ყველას უყვარს სიცოცხლე, ადამიანი. მწერალი თავის პერსონაჟებში ცოცხლობს, მათი პირით გვესაუბრება და მკითხველს ყველა კარს უღებს.
ავტორი მთელი თავისი არსით ცდილობს ამოიცნოს ქართული ხასიათის თავისებურებანი. გავიხსენოთ მისი შესანიშნავი მოთხრობა "გუბე", რომელიც იმდენად ქართულია თავისი კომპოზიციით, გმირებითა და სიუჟეტით, რომ შეუძლებელია არ შეგრცხვეს და არ გაწითლდე. კოსტა - ისიც ამ კულტურის ნაწილია - ბევრი ქართველია ერთად, რომელთაც ქვეყნის ორომტრიალში საკუთარი თავი დაუკარგავთ, აღრევიათ ღირებულებები და ბედის ანაბარა დარჩენილან.
მწერალი არ ერიდება კრიტიკას და სხვადასხვა პერსონაჟის საშუალებით ქართველების მანკიერ თვისებებს ამხელს. ამის ნათელი ილუსტრაციაა მოთხრობა "რაჰათ-ლუხუმი", რომელშიც მწერალი იხსენებს ჩვენი ქვეყნის წარსულს და ღალატისადმი ქართველთა უცნაურ მიდრეკილებას. მოთხრობაში მოხუცი თურქი ძალიან კარგად ახასიათებს ქართველებს, მაგრამ მწერალი უპირისპირებს მას მღვდლის სახეს და აჩვენებს, რომ ყველა ქართველი მოღალატე როდია.
მწერალი უცხო თვალით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დასკვნები ისე გამოაქვს. შემოქმედის მოვალეობაა, დასვას კითხვები და ნაწილობრივ გასცეს მათ პასუხი, საბოლოო დასკვნების გამოტანა კი მკითხველს მიანდოს. მაშინ არის მწერალი დიდი და საინტერესო.
ქართული ხასიათის შტრიხები გამოიკვეთა მოთხრობაში "ანტონიო" და დავითი". საყოველთაო გულგრილობა, ზრუნვა მხოლოდ პირადზე და თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი - აი, რა ამოძრავებთ სოფლის მკვიდრთ. მათი ბატონი კი "ჭეშმარიტი" ქართველია, რომელსაც ძალაუფლება ყველაზე ძვირად უღირს.
"იგი" პალეოლითის ხანის ადამიანია, თითქოს ისიც ქართველი, მაგრამ საკუთარ თავსა და "საზოგადოებაზე" გამარჯვებული. იგი ერთდროულად არის ერთიც და მრავალიც, ვინც აერთიანებს ადამიანურსა და ღვთაებრივს. უკვე არსებული და შობილი ხელახლა იბადება, რათა ადამიანის გონს, სულს უმღეროს სადიდებელი.
ჯემალ ქარჩხაძის ყველა გმირი პიროვნებაა, რომელიც ებრძვის ბრბოს და იმარჯვებს. "იგი" ადის დიდი დაძინების ქარაფზე, მაგრამ არ ეშინია. მან იცის ის, რაც არ იციან სხვებმა, თვით ბელადმაც კი. იცის წუხილი, სევდა, ტკივილი, სიყვარული და ღიმილი, რომელიც არ ჰგავს თანთმოძმეთა ავისმომასწავებელ კბილთა ღრჭენას; მას სითბო ეფინება სახეზე და გრძნობს რაღაც კარგს. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? ის უკვე თავად სრულყოფილებაა, რომელიც არასდროს შეწყვეტს არსებობას. ასეთივეა დავითი ("ანტონიო და დავითი") - ოდესღაც სოფლის მტერი, კაცთმოძულე და ურწმუნო, სრულიად გარდაისახება და ცხოვრების აზრს სიკეთის მსახურებაში ხედავს. ის აჯანყებული გმირია, რომელიც ბრბომ მკვლელად აქცია, მაგრამ განგებამ მოუვლინა ანტონიო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა იგი საუკუნო სატანჯველისგან.
როდესაც მწერალს ჰკითხეს, როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა სულიო, მან უპასუხა: "ბოლოს და ბოლოს, არც სიხარბეა ისე ძნელი დასამარცხებელი, არც პატივმოყვარეობა, არც ამპარტავნობა თუ სხვა ზადი და ბიწი, რომ ადამიანმა საკუთარი სულის გადარჩენა ვერ შეძლოს". შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, რომელთა დასტური თვით ჯემალ ქარჩხაძის გმირები არიან.
1988 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა ჯემალ ქარჩხაძის "მონოლოგი", რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ბედი და იმედი ადამიანებმა მწერლობას ჩააბარეს. "ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია", - ამბობდა იგი. მართლაც, მწერლები ის უიარაღო ჯარისკაცები არიან, რომელთაც არაფერი გააჩნიათ, სიტყვის გარდა. სიტყვის ძალა კი განუზომლად დიდია. ნიშანდობლივია, რომ ჯემალ ქარჩხაძის გმირები ემორჩილებიან ამ ძალას. "იგი" სულიერ ამაღლებას იწყებს მას შემდეგ, რაც მის არსებაში იჭრება გაცნობიერებული, ხორცშესხმული სიტყვა. ანტონიო ებრძვის დავითს, მაგრამ უიარაღოდ, სიტყვით, და სძლევს მას, დაეხმარება შიშის დამარცხებაში. მწერლის მიზანიც ეს არის - კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს საკუთარ სიმართლეში.
ვცადე, ამ პატარა წერილში კიდევ ერთხელ წარმომეჩინა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების რამდენიმე ასპექტი, თუმცა ნაწარმოებები თავად მეტყველებენ მასზე. ყველა მოთხრობა იდუმალებით სავსე და მეტად მრავალფეროვანია, ყოველ მათგანში გაშლილია კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე არსებული ყველა კითხვა, თავმოყრილია ადამიანური, ზოგადი და პირადი, ცნობიერი და შეუცნობელი, ერთმანეთს ერწყმის მისტიკა და რელიგია, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობს და ერთ მთლიანობას ქმნის.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий