გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარება არ არის მხოლოდ მშობლიური ენის, როგორც საგნის, მიზანი. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი.
არსებობს უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ საგანში ეფექტიანია. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია - „დაკარგული სიტყვები" - წინა სტატიაში შემოგთავაზეთ. ამჯერად გთავაზობთ კიდევ ერთს - გაგებისა და ანალიზის მარტივ სქემებს.
ეს სქემები წარმოადგენს ერთგვარ ტრაფარეტს, რომელიც:
ააქტიურებს ახლად ათვისებულ ინფორმაციას.
აძლევს მოსწავლეს საშუალებას, შეაჯამოს მოსაზრებები წაკითხულის შესახებ.
აჩვევს სტრუქტურირებულ მსჯელობას.
აძლევს მოსწავლეს საშუალებას, გამოყოს მთელისაგან ნაწილი და, პირიქით, გაამთლიანოს მიღებული ინფორმაცია, განასხვავოს მნიშვნელოვანი ნაკლებ მნიშვნელოვნისაგან.
უადვილებს აზრის მოკლედ და ლაკონიურად ჩამოყალიბებას.
ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს.
აძლიერებს მოტივაციას. გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების საშუალებით შეიძლება პერსონაჟის დახასიათება/პერსონაჟების შედარება, მნიშვნელოვანი იდეის განსაზღვრა, წაკითხულის რეზიუმირება, ძირითადი ცნებების განმარტებათა ჩამოყალიბება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნა და სხვა. ყველაფერი ეს უკავშირდება წერის უნარის განვითარებასაც. დასამალი არ არის, რომ ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ დასაწერად თხზულებებს, რომლებიც მათგან მსჯელობას მოითხოვს. იმის გამო, რომ დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ აზრის წერილობით ჩამოყალიბების ჩვევა, მათთვის ასეთი დავალებები ზედმეტად რთულია და ამიტომ მოტივაციაც იკლებს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლეები მასწავლებლის მიერ კლასში წამოჭრილ საკითხზე საინტერესო აზრებს გამოთქვამენ, მაგრამ როცა იმავე აზრების გამთლიანებასა და წერილობით ჩამოყალიბებაზე მიდგება საქმე, უჭირთ მწყობრი, სტრუქტურირებული მსჯელობა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება მათ გაგებისა და ანალიზის სქემები აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სქემები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებასთან ერთად წერისათვისაც ამზადებს. მათთვის წერის დამღლელი და რთული პროცესი სახალისო და შედარებით ადვილად დასაძლევ საქმედ იქცევა. ისინი თანდათანობით, ნელ-ნელა, მათთვის შუმჩნევლად ითვისებენ შინაარსისა თუ მსჯელობის სტრუქტურულ ჩარჩოს. შეიძლება ბევრმა ამაში ერთფეროვნებისა და მსჯელობის შეზღუდვის რისკი დაინახოს, მაგრამ სხვის (ძირითადად უფროსების) მიერ დაწერილისა და საკუთრად გასაღებულის ნაცვლად საწერი დავალებისათვის მოსამზადებლად საწყის ეტაპზე ასეთი ჩარჩოს გამოყენება დასაშვებია. მეტიც -სასარგებლო.
გთავაზობთ გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების რამდენიმე ვარიანტს.
მოთხრობის შეჯამება ერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციით.
ჩვენი მოთხრობა არის _________ შესახებ.
------ არის მნიშვნელოვანი გმირი (მოქმედი პირი) იმიტომ, რომ იგი ცდილობს ----------
მოთხრობა თავდება, როცა ----------
მსგავსი სქემის გამოყენება შესაძლებელია ისტორიული გმირის შესახებ ინფორმაციის შესაჯამებლად. მაგალითად,
_________ (გმირის სახელი)______ ისტორიაში შევიდა, როგორც ---------------
ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ ----------
ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ---------------------------------
მნიშვნელოვანი პრობლემისა და მისი გადაჭრის გზის შესახებ.
მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ---------------------
ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ---------------------
პრობლემა გადაიჭრება, როცა ----------------------------
და/ან პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ ------------------- .
ტექსტში მოთხრობილი ამბის დროისა და ადგილის განსაზღვრა.
ამბავი ხდება (როდის?) ----------------
ასე ვფიქრობ, რადგან _______
სხვა მინიშნებები, რომლებიც გვიჩვენებს, როდის მოხდა ეს ამბავი, არის __
ადგილს, სადაც ხდება მოქმედება, ავტორი აღწერს ამგვარად: ____________
პერსონაჟის დახასიათება.
________ არის მთავარი და მნიშვნელოვანი გმირი ამ მოთხრობაში. _____________
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ___________________
ერთხელ ის _______________
სხვა დროს __________________
მე ვფიქრობ, რომ ______(გმირის სახელი)---------- არის _________ (გმირის ხასიათის თვისება)_______, რადგან
პერსონაჟების შედარება.
_________ და _________ამ მოთხრობის ორი გმირია. ____(გმირის სახელი) __________ არის ____________
(გმირის ხასიათი/თვისება) -----------------------------
მაშინ, როცა ____________(გმირის სახელი) ------------- არის ___________ (გმირის ხასიათი/თვისება) _______________.
მაგალითად, ____(ერთი)____________ ცდილობს ________________
_______(მეორე)_____________, პირიქით, ______________
ორივე არის _________ (საერთო თვისება/თვისებები) ____________
ასეთი სქემის მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენება შეიძლება ორი მოვლენის / ორი ცნების შესადარებლადაც.
ცნობილია, რომ მოსწავლეებს ხშირად ესმით ცნების, ტერმინის არსი, მაგრამ უჭირთ მისი განმარტების ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია ასეთი სქემის გამოყენება. მოსწავლეების ინტერესს გაზრდის ისიც, თუ მათ მიერ შევსებული სქემის საფუძველზე ჩამოყალიბებულ განმარტებას ისინი შეადარებენ სახელმძღვანელოში მოცემულ განმარტებას, აღმოაჩენენ მსგავსება-განსხვავებას.
კლასში შესაძლებელია რამდენიმე სქემაზე მუშაობა ერთდროულად. სასურველია, თუ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს შესავსებად მივცემთ თითო სქემას. ეს საშუალებას მოგვცემს ტექსტის თითქმის ყველა ასპექტი გავააზრებინოთ მოსწავლეებს და მსჯელობის სხვადასხვა მოდელი მივაწოდოთ.
ჯგუფში მუშაობა და სქემის ერთობლივად შევსება იმით არის გამართლებული, რომ მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას, ერთად ეძებენ და პოულობენ შესაბამის სიტყვებს/ცნებებს, არგებენ ფრაზებს მოცემულ ტრაფარეტს. ასეთ დროს კითხვის პროცესი ხდება უფრო საინტერესო და ნაყოფიერი (სქემის შესავსებად მოსწავლეები რამდენჯერმე უბრუნდებიან ტექსტს), მოსწავლეები იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს/ტერმინებს. მათ ადვილად ამახსოვრდებათ არსებითი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დეტალები ტექსტიდან.
მასწავლებლებს შეუძლიათ ამ სქემების მოდიფიცირება, გართულება ან გამარტივება საგნის სპეციფიკის, კლასის დონისა და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий