მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდისათვის




მეტაკოგნიცია

ბლუმის ტაქსონომია და სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები  

ალ რას სწვლს ალურ იტი  ორ



ბანდურას სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია მოიცავს ისეთ კოგნიტურ ფაქტორებს, როგორებიცაა: რწმენები, მოლოდინები, მოტივაცია, მე-კონცეფცია. მისთვის სწავლა შემეცნებითი სტრუქტურების კომპეტენციაა (მათი მეშვეობით ვსწავლობთ), თვითეფექტიანობა გაგებულია, როგორც ცნობიერი წარმოდგენა ან მსჯელობა საკუთარ შესაძლებლობებზე, მოტივაციაც კოგნიტური პროცესების წყალობით წარმოიქმნება; კერძოდ, ადამიანის მოტივაციაში მთავარი ისაა, რომ მოქმედება უშუალო განმტკიცების გარეშეც ხორციელდება - ადამიანს შეუძლია მომავალი წარმატების ან წარუმატებლობის წინასწარმეტყველება და სათანადო ქცევის განხორციელება. ამ უნარის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგები (სხვის მაგალითზე) და თავიდან აიცილონ არასასურველი შეცდომები.
ბანდურას აზრით, ადამიანის ფუნქციონირებას არ განსაზღვრავს მხოლოდ გარეგანი ფაქტორები და არც მხოლოდ შინაგანი. ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები, მათი ურთიერთდამოკიდებულება.
პიროვნულ ფაქტორებში მოიაზრება: რწმენები, მოლოდინი, დამოკიდებულებები და ა.შ.; გარემოში - დასჯა და წახალისება, სხვა ადამიანები, მათი ქცევები და ამ ქცევათა შედეგები, ფიზიკური ადგილმდებარეობა და ა.შ. ქცევაში კი - ინდივიდუალური ქმედებები, სიტყვიერი გამონათქვამები და სხვა. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ერთმანეთზე. ბანდურა ამ პროცესს ურთიერთდეტერმინიზმს უწოდებს - ერთი მხრივ, პიროვნების ქცევა მის ინტელექტზე, ემოციებზე, განწყობებსა და მოთხოვნილებებზე არის დამოკიდებული, მეორე მხრივ, გარემოც უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ქცევაზე. გარემოს ზეგავლენის დაღი ატყვია პიროვნების ცოდნის მარაგს, ქცევის რეპერტუარს; და პირიქით, დიდია ადამიანის გავლენა გარემოზეც. თუ პიროვნული ფაქტორები, ქცევა და გარემო ერთმანეთთან მუდმივ ინტერაქციაში არიან, მაშინ მოვლენათა ციკლი პროგრესული და უწყვეტია. ამ იდეიდან გამომდინარე, ერთი წუთით დავფიქრდეთ, რა დიდი ძალა აქვს საკლასო ოთახში მასწავლებლის და მოსწავლის პიროვნებას, საკლასო გარემოსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთდეტერმინიზმს! ეს ურთულესი პროცესია, რომელიც განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ფუნქციონირების ეფექტიანობას. მაგალითად, თუ მოსწავლე თანაკლასელებს უხეშად ექცევა, თანაკლასელების საპასუხო რეაქცია მისთვის სასჯელი იქნება, მაგრამ უხეშ ქცევას აგრეთვე შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს გარშემომყოფების განწყობაზე და საპირისპიროდ, თუ მოსწავლე სახალისო ამბებს უყვება თანაკლასელებს, მათი სიცილი იქნება მისთვის დადებითი განმამტკიცებელი, და ანალოგიურად მისი ეს ქცევა გარშემომყოფების პოზიტიურ განწყობას შექმნის. მაშ, ასე, ალბერტ ბანდურას თეორიაში სამივე ეს ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
როგორ სწავლობს ადამიანი? როგორც ვიცით, ბიჰევიორისტული შეხედულების მიხედვით, ადამიანი სწავლობს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი ქცევის შედეგებით; სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით კი ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქცევის დასწავლისა და განხორციელებისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უშუალო, პირდაპირ განმტკიცებას, არამედ არაპირდაპირ განმტკიცებასაც, ანუ სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით ქცევის დასწავლას, რაც დახარჯული ძალების და დროის დიდ ეკონომიას იძლევა. მოსწავლე შეიძლება ხედავდეს სხვების წახალისებას გარკვეული ქცევის გამო და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. მაგ. თუ თქვენ შეაქებთ ორ მოსწავლეს მათ მოხსენებებში ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისათვის, იმ მოსწავლეაბმა, რომლებიც აკვირდებიან თქვენს შექებას, შეიძლება შემდეგ ჯერზე ილუსტრირებული მოხსენებები ჩაგაბარონ. ეს არის არაპირდაპირი განმტკიცება - სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით დასწავლილი ქცევა.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას. სუფთა მიბაძვის დროს, მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი ქცევები ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და მასაც თავისი დადებითი ღირებულება აქვს განვითარებისთვის. დასწავლისთვის კი ისაა დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. ბანდურას აზრით, სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ოპერანტული განმტკიცებისა და არაპირდაპირი (სხვის ქცევაზე დაკვირვების გზით) განმტკიცების გარდა, არსებობს განმტკიცების კიდევ ერთი ფორმა - თვითგანმტკიცება, რომელიც გულისხმობს საკუთარი განმამტკიცებლების კონტროლს. ამ სახის განმტკიცება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენ გვინდა ჩვენი მოსწავლეები უკეთესები იყვნენ არა იმიტომ, რომ გარკვეული ჯილდო მიიღონ, ან სხვისი წარმატება მათთვის სწავლის მოტივატორი გახდეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მოსწავლეებმა დააფასონ თავიანთი კომპეტენტურობის ზრდა და ამით სიამოვნება მიიღონ. მასწავლებლისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ეს მომენტი. თვითგანმტკიცება ხშირად მათთვის საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი იმპულსია.
ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს - მოდელირებას.
ტერმინი ,,მოდელი” თანაბრად აღნიშნავს, როგორც რეალურ ადამიანს, ვის ქცევასაც ვაკვირდებით (ეს შეიძლება იყოს მეგობარი, მშობელი, და ან ძმა, მასწავლებელი და სხვა ადამიანები, რომლებიც რეალურად მის გვერდით არსებობენ), ასევე, ფილმის, ნაწარმოების გმირები და სხვ. ეს სიმბოლური მოდელები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური. მოსწავლისათვის, ხშირად, მისაბაძნი სწორედ სიმბოლური მოდელები ხდებიან.
მოდელზე დაკვირვების გზით, ბავშვი არაპირდაპირ ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიც არის შიში ან სიხარული, აგრესია და სხვა, სხვებზე დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის პროცესიც არაპირდაპირი განმტკიცების მაგალითია.

Комментариев нет:

Отправить комментарий