არისტოტელე ამბობდა: ”ვინც წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, მაგრამ ჩამორჩენილია ზნეობრივად, ის უკან მიდის და არა წინ”. ვფიქრობ, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანი ჯერ ადამიანობით ფასობს და მერე - წარმატებული კარიერით.
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლორენს კოლბერგმა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ადამიანის მორალური განვითარების ეტაპების კვლევა. როგორც ცნობილია, კოლბერგი კოგნიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მასვე ეკუთვნის მორალური განვითარების თეორიაც. აქ უნდა ითქვას, რომ ზნეობა, მორალი და ეთიკა ხშირად იდენტურ, სინონიმურ ცნებებად აღიქმება, თუმცა ზნეობა გაცილებით ვიწრო ცნებაა და მას ადამიანი საკუთარი ცნობიერების, იმ შეხედულებების საფუძველზე იყალიბებს, რომლებიც მისივე თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება მორალს, მისი ზუსტი განმარტება ასეთია: იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ამის კვალობაზე, მორალი გაცილებით ფართო მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ზნეობა. მორალი ცალკეული ინდივიდების მიერ შემუშავებული და მიღებული წესები როდია; მას ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფი, სოციუმი აყალიბებს და არგებს იმ კულტურას, რომელშიც უწევს არსებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არის შემთხვევები, როდესაც საზოგადო და ინდივიდუალური მორალი ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც - კანონმორჩილება, წესების პატიცისცემა ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაშიც კი მოდის ადამიანურ მორალთან, ზნეობასთან. ის, რაც მისაღები და თითქოს კანონიერია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია, რაც კამათსა და გაუგებრობას წარმოშობს.
აღმოჩნდა, რომ ბავშვებზე დაკვირვებით, მათი საქციელის ანალიზით კოლბერგმა ძალზე საინტერესო დასკვნები გამოიტანა. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მოზარდს სამყაროს შეცნობისა და გარემო პირობებთან ადაპტაციასთან ერთად უნდა განუვითარდეს შინაგანი მორალიც, რაც სამომავლოდ მის დადებით ან უარყოფით პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვის გარშემო შეიქმნას ჯანსაღი ატმოსფერო, რომელიც კარგი და ნათელი მაგალითებით იქნება გამყარებული.
ყველა ადამიანი თავისთავადი, განუმეორებელი ინდივიდია. მართალია, კოლბერგს მიაჩნდა, რომ მოზარდი ერთნაირად გაივლის განვითარების ყველა ეტაპს, პირველიდან მეექვსემდე, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახერხებს მორალურად, ზნეობრივად სწორად ფორმირებასა და ცხოვრებას. ამიტომ საზოგადოებრივი ნორმების მიღება მათ გაზიარებასა და გათავისებას როდი ნიშნავს; ეს უფრო საკუთარ თავთან კომპრომისია.
ქართული კულტურა, ხელოვნების ყველა დარგი და მთლიანად ჩვენი საზოგადოება, ერთი შეხედვით, გადაჭარბებულად მორალური და დამრიგებლობითია, თუმცა ქართველები საოცრად არაკანონმორჩილები და ხშირად უწესრიგოებიც კი ვართ.
თანამედროვეობის დიდი მონაპოვარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად სწავლობს კანონის პატივისცემას, მაგრამ აქვე დავძენ, რომ საკამათოა, რამდენად მორალურია თავად ეს კანონები. ძნელი გასარკვევია, რა უფრო მართებულია: ხანდაზმულ ადამიანს დაუთმო ადგილი და მოიქცე ისე, როგორც წინაპარი გასწავლიდა თუ მიიღო და გაიზიარო შეხედულება, რომლის თანახმადაც, როდესაც ტრანსპორტში ”ოფლითა შენითა” მოპოვებულ ფულს იხდი და კომფორტულად მგზავრობა გინდა, ხანდაზმულის მდგომარეობა შეიძლება სულაც არ გენაღვლებოდეს, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა და პატივისცემაც თითოეული მოქალაქის ვალია. აქ ჭიდილში ერთვება საზოგადო მორალი და პიროვნული ზნეობა და, ბუნებრივია, რომელიმე მათგანი იმარჯვებს, მაგრამ ორივე მიდგომა დასაშვებია და რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, ვერავინ გაგვკიცხავს, რადგან ამას გვკარნახობს ახალი რეალობა.
სწორედ ამიტომ მივიჩნიე მართებულად ზნეობისა და მორალის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
კოლბერგის თეორიის უმაღლესი დონე სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. გადამწყვეტია შინაგანი პრინციპი, რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადო მორალური კანონი.
ქართული ლიტერატურა, როგორც ყველამ ვიცით, ძალზე მორალისტურია. ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა და არა შეძენილი. დამრიგებლობითი, დიდაქტიკური ტონი ზოგჯერ შეფარვით გამოსჭვივის მასში, ზოგჯერ კი აშკარად შეინიშნება. დადებითი ლიტერატურული გმირები საკუთარი ქცევით, ყოფითა და საუბრით ახდენენ მკითხველზე ზემოქმედებას და ემსახურებიან მის სულიერ გაჯანსაღებას. პირველი, ვინც ამ შემთხვევაში გაგვახსენდება, არის სულხან-საბა, რომლის იგავები მორალურ-ზნეობრივი კანონების ერთობლიობას წარმოადგენს.
ზემოთქმულის გასამყარებლად, ვფიქრობ, საკმარისი იქნება ერთი იგავის - ”კუ და მორიელის” - გახსენება. ვერავინ მეტყვის, რა უფრო მორალურია - მტრისთვის საზღაურის მიზღვა თუ მისი ”გადარჩენა”. ძნელია მოსწავლეს აუხსნა, რატომ არ უნდა დაახრჩოს კუმ მორიელი, მაშინ, როდესაც მან იცის, რომ ავისმქმნელი, ბოროტი ისჯება. მეორე მაგალითიც საინტერესოა: იგავში ”კაცი და გველი” ნათლად ჩანს, რომ მორალურ და ალტრუისტულ საქციელს ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს და რომ ადამიანები სიკეთეს ზოგჯერ ბოროტებით პასუხობენ. ხშირად ბავშვებს ოჯახშიც ასწავლიან, თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეო. აქ ბავშვის შინაგანი სამყარო წყვეტს, რა მიიღოს და რას არ დაეთანხმოს.
მნიშვნელობა არ აქვს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება მოზარდი - დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ასაკი დიდ გავლენას არ ახდენს. ალბათ, ამ შემთხვევებს გულისხმობს კოლბერგი, როდესაც ამბობს, რომ მეექვსე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღწევს.
საგულისხმოა, რომ ლიტერატურული პარალელები კარგი საშუალებაა მოსწავლეზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად, მის არსებაში თანადგომის, სხვაზე ზრუნვისა და პატივისცემის მოთხოვნილების გასაღვიძებლად. რასაკვირველია, ეს ზემოქმედება უნდა იყოს მეტად ფრთხილი და ძალდაუტანებელი, რადგან გადაჭარბებული სიკეთეც კი გამაღიზიანებელია და შესაძლოა, არასწორადაც აღიქვან. ბავშვისთვის მარტივი ცხოვრებისეული მაგალითიც საკმარისია.
გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები, რომლებიც მეტად რეალისტური, დამთრგუნველი და ძალზე ადამიანურია. ყველა მოთხრობის მთავარი იდეა მორალურ-ზნეობრივისა და ამორალურის ჭიდილია. ამ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საჭირო მითითება, რა კარგია და რა - ცუდი; გონიერი ბავშვი თავადაც მიხვდება, სად არის ჭეშმარიტება. ჩანჩურა, ეკა, სოფიო, კურკა - ყველა ეს პერსონაჟი სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. აბდულა მკვლელია, მაგრამ მაინც მართალია, არღვევს საყოველთაო მორალს, მაგრამ ზნეობრივად იმარჯვებს ბოროტებაზე. მორალი ამ შემთხვევაშიც ორგვარია; როგორც ყველა მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევა ხშირად უფრო მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.
კოლბერგმა განვითარების მეოთხე სტადიად გამოყო კანონებითა და წესებით ხელმძღვანელობა და იქვე აღნიშნა, რომ ხშირად მოზარდები გაუცნობიერებლად იქცევიან ასე, მაგრამ მე ამას მარტო მოზარდებზე ვერ ვიტყოდი; ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე მისთვის სრულიად გაუგებარ წესებს ემონება, რადგან მორჩილება მისი შინაგანი თვისებაა.
საზოგადოების დიდი ნაწილი დახმარების, სიკეთის გაცვლა-გამოცვლის პრინციპით ხელმძღვანელობს. მოზარდიც, რომელიც ამგვარ სოციუმში ცხოვრობს, ითვისებს ამ წესებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთისთვის ჯილდოს მიღება ყოველთვის დასაშვები და აუცილებელი არ არის. დასანანია, როდესაც ადამიანი განვითარების ამ დონეზე რჩება.
ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელის, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და უამრავი სხვა სასახელო ქართველი მწერლის მთელი შემოქმედება კაცთმოყვარეობასა და უანგარო თავგანწირვის სურვილზეა აგებული, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტ ღირებულებებთან ზიარება, სულიერი სამყაროს გამდიდრება, ადამიანურისა და ზნეობრივი კარგი მაგალითების მიღება მოსწავლეებს მშობლიური ლიტერატურიდანაც შეუძლიათ, რომელიც კულტურისა და ეროვნული ფასეულობების სინთეზს წარმოადგენს.
ლიტერატურას ნაწილობრივ რწმენა განსაზღვრავს, ქრისტიანობა კი სიკეთის ქმნას, მოყვასისა და მტრის ერთნაირად სიყვარულს გულისხმობს.
აქვე დავძენ, რომ თავად მასწავლებლებს მოეთხოვებათ, იდგნენ მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე, პროფესიონალიზმთან ერთად მეტი გულისხმიერება, სიყვარული და ტაქტი გამოიჩინონ აღსაზრდელების მიმართ, რადგან მორალი მარტო საკლასო ოთახში არ უნდა ფასობდეს, - ის სკოლის გარეთ უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, ამას გულისხმობდა არისტოტელეც, რომლის სიტყვებიც მოვიხმე წერილის დასაწყისში.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий