четверг, 11 сентября 2014 г.

როგორ დავგეგმოთ პროექტგაკვეთილი

ბლუმის განათლების მიზნების ტაქსონომია

სასწავლო პროცესის დაგეგმვა

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა

ინკლუზიური განათლება

четверг, 3 апреля 2014 г.

როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის

ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე
თარიღი: 07 მაისი 2012
რა არის პრეზენტაცია?
პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენაუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის - მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის - წინაშე.

რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას

პრეზენტაციის დაგეგმვა
სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:


აუდიტორია მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია?
თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს.
პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი.
პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.

პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი
პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი.
შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:

  • საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;
  • შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება და გაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;
  • გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადო თანამიმდევრობით დალაგება.


პრეზენტაციის ხანგრძლივობა
რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს.
სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს.
+ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ.

მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება
დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს.
დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება.
უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს.

შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო
კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება.
პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული:
1. შესავალი

  • მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;
  • საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;
  • საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.

2. ძირითადი ნაწილი

  • ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების არგუმენტირებული დასაბუთება.

3. დასკვნა.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;
  • პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი ლიტერატურის წარდგენა;
  • აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;

მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა.

აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული.
მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს.
მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში.
მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს.
შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი.

პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა
პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს.
გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი.
მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ.

რესურსებისგონივრული გამოყენება
რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს.
ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც - არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს.
მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის.
ისევე, როგორც სახლისთვის - სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა.

ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება
წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები - მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას - ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს.

როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია?
პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება.
გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას:
პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი
კრიტერიუმებიშეფასება
საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას, ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)ძალიან კარგი
საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.კარგი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.დამაკმაყოფილებელი
საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი რიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებსარადამაკმაყოფილებელი
პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტი ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობს გაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.სრულიად არადამაკმაყოფილებელი

მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?

  • პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?
  • პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?
  • პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის აღქმა?
  • აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება - როგორ მივიპყრო მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?

ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების ისტორიულ-კულტურული ანალიზი

ავტორი: თინათინ სახელაშვილი
XXI საუკუნემ საგრძნობლად შეცვალა სამყაროსადმი ადამიანების დამოკიდებულება. თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად მომთხოვნი, კრიტიკული და თავდაჯერებულია. ახალმა რეალობამ საშუალება მოგვცა, გადაგვეფასებინა განვლილი გზა და თვალნათლივ დაგვენახა დაშვებული შეცდომები.

საუკუნის მიღწევებმა და ტექნიკურმა პროგრესმა დააჩქარა ცხოვრების რიტმი, ადამიანებიც უფრო პრაგმატულები გახდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარადიული თემები და კითხვები დღესაც ისევე აღელვებს საზოგადოებას, როგორც ადრეულ ეპოქებში. თავისუფლებისკენ სწრაფვა, საკუთარი თავის ძიება და არსებობის გამართლება - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც გამუდმებით ფიქრობს თითოეული ჩვენგანი.

ხელოვანები, მწერლები ამ თემებით განსაკუთრებით არიან დაიტერესებულნი, რადგან სამყაროს შემეცნება და ამოხსნა შემოქმედებითად მოაზროვნე ინდივიდებს უფრო ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, მათი მონაპოვარი და ნაღვაწი ზედმიწევნით და ზუსტად გადავცეთ ახალ თაობას. ბავშვმა მცირე ასაკიდან უნდა შეიყვაროს წიგნი, მწერალი და ის ჯადოსნური სამყარო, რომელშიც მას ავტორი ამოგზაურებს. ვფიქრობ, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან ზიარება საუკეთესო საშუალებაა მოზარდისთვის მრავალმხრივი ინტელექტის განსავითარებლად. ჰოვარდ გარდნერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანს საყოველთაოდ ცნობილ რვა ინტელექტთან ერთად შესაძლოა ჰქონდეს მეცხრე, ეგზისტენციალური ინტელექტიც, რომელიც ფილოსოფიურ აზროვნებას გულისხმობს. ამგვარ საკითხებზე ფიქრის შესაძლებლობას ქმნის მდიდარი ლიტერატურული ცოდნა. ლიტერატურა არის მუსიკა, რომელსაც უსმენ და ყველა კითხვაზე პოულობ პასუხს.

საქართველოს მრავალი თვალსაჩინო მწერალი ჰყავს. შემოქმედის ყველაზე უტყუარი საზომი დროა. ხშირად აღიარება გარდაცვალების შემდეგ მოდის, მაგრამ მწერლის უკვდავების საზომი ის ნაწარმოებებია, რომლებმაც დროს გაუძლო.

ბოლო რამდენიმე წელია, სასკოლო პროგრამაში შეტანილია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა "იგი". მწერლისა და მისი შემოქმედების მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრს ის არ მოსწონს. ვფიქრობ, მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ავტორის, მისი შემოქმედების გაგება რთულია, როდესაც ვერ სწვდები მის შინაგან სამყაროს. ლიტერატურას სჭირდება ჩაღრმავება, შიდა შრეების გახსნა და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.

მოზარდის მიზანი ნაწარმოების გადაკითხვა არ უნდა იყოს; მთავარი მისი გაგება და ანალიზია. ბენჯამენ ბლუმმა აზროვნება დონეებად დაყო, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულია. მარტივი ცოდნა არაფერია, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ნასწავლის შეფასებასა და ანალიზს. ამგვარად, რთულია გაიგო "იგი", თუ არ იცი, საიდან იწყება მისი ამოხსნა.

უნდა დავიწყოთ თავიდან. სწორედ ამიტომ, შევეცდები, უფრო ღრმად განვიხილო ის მეტად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დიდმა ქართველმა მწერალმა თავისი შემოქმედების ბაზისად გამოიყენა.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ჯემალ ქარჩხაძის ბიოგრაფიას, რადგან მწერალი მისი ცხოვრებით არის საინტერესო.

დაიბადა 1936 წელს უხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სულიერ ნათესაობას ნიკოლოზ ბარათაშვილთან გრძნობდა, უყვარდა დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება. საგულისხმოა, რომ პირველი ავტორი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წაუკითხავს, ყოფილა ჰომეროსი, ამიტომ შემთხვევითი როდია მის ნაწარმოებებში მითისა და რიტუალის ენა. მისი მოთხრობები და რომანები უკვე თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და გერმანულ ენაზე და დღესაც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჯემალ ქარჩხაძის პირველი მოთხრობა 1960 წელს დაიბეჭდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მეტად რთულ და კრიტიკულ დროს დაემთხვა. როგორც ნამდვილმა კალმის ოსტატმა, ისტორიული მოვლენები ფრთხილად და მოზომილად გააცოცხლა თავის ნაწარმოებებში. ცნობილია, რომ ერის თვითმყოფადობა და წინსვლა მის კულტურულ და ისტორიულ განვითარებაზეა დამოკიდებული. ქვეყნის შიდა პოლიტიკა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა, კულტურათა გაცვლა ხშირად განსაზღვრავს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს. როდესაც კულტურულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი, რომელიც ერთიან, უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და რომელსაც მწერალი გვერდს ვერ აუვლის. ჯემალ ქარჩხაძე არ მიუთითებს კონკრეტულ დროს, ეპოქას, მაგრამ გონიერი მკითხველი აუცილებლად დაინახავს კავშირს ისტორიულ სინამდვილესთან. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნული და უკვე თანდაყოლილი პრობლემები ისე შევისისხლხორცეთ, რომ ზოგჯერ მგონია, მათი გადაჭრა, მათგან თავის დაღწევა აღარც კი გვინდა.

ქარჩხაძის გმირები გამოირჩევიან ჰუმანურობით, სამყაროს განსაკუთრებული სიყვარულით. ისინი ხშირად არღვევენ დადგენილ წესებს. ყველას უყვარს სიცოცხლე, ადამიანი. მწერალი თავის პერსონაჟებში ცოცხლობს, მათი პირით გვესაუბრება და მკითხველს ყველა კარს უღებს.

ავტორი მთელი თავისი არსით ცდილობს ამოიცნოს ქართული ხასიათის თავისებურებანი. გავიხსენოთ მისი შესანიშნავი მოთხრობა "გუბე", რომელიც იმდენად ქართულია თავისი კომპოზიციით, გმირებითა და სიუჟეტით, რომ შეუძლებელია არ შეგრცხვეს და არ გაწითლდე. კოსტა - ისიც ამ კულტურის ნაწილია - ბევრი ქართველია ერთად, რომელთაც ქვეყნის ორომტრიალში საკუთარი თავი დაუკარგავთ, აღრევიათ ღირებულებები და ბედის ანაბარა დარჩენილან.

მწერალი არ ერიდება კრიტიკას და სხვადასხვა პერსონაჟის საშუალებით ქართველების მანკიერ თვისებებს ამხელს. ამის ნათელი ილუსტრაციაა მოთხრობა "რაჰათ-ლუხუმი", რომელშიც მწერალი იხსენებს ჩვენი ქვეყნის წარსულს და ღალატისადმი ქართველთა უცნაურ მიდრეკილებას. მოთხრობაში მოხუცი თურქი ძალიან კარგად ახასიათებს ქართველებს, მაგრამ მწერალი უპირისპირებს მას მღვდლის სახეს და აჩვენებს, რომ ყველა ქართველი მოღალატე როდია.

მწერალი უცხო თვალით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და დასკვნები ისე გამოაქვს. შემოქმედის მოვალეობაა, დასვას კითხვები და ნაწილობრივ გასცეს მათ პასუხი, საბოლოო დასკვნების გამოტანა კი მკითხველს მიანდოს. მაშინ არის მწერალი დიდი და საინტერესო.

ქართული ხასიათის შტრიხები გამოიკვეთა მოთხრობაში "ანტონიო" და დავითი". საყოველთაო გულგრილობა, ზრუნვა მხოლოდ პირადზე და თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი - აი, რა ამოძრავებთ სოფლის მკვიდრთ. მათი ბატონი კი "ჭეშმარიტი" ქართველია, რომელსაც ძალაუფლება ყველაზე ძვირად უღირს.

"იგი" პალეოლითის ხანის ადამიანია, თითქოს ისიც ქართველი, მაგრამ საკუთარ თავსა და "საზოგადოებაზე" გამარჯვებული. იგი ერთდროულად არის ერთიც და მრავალიც, ვინც აერთიანებს ადამიანურსა და ღვთაებრივს. უკვე არსებული და შობილი ხელახლა იბადება, რათა ადამიანის გონს, სულს უმღეროს სადიდებელი.

ჯემალ ქარჩხაძის ყველა გმირი პიროვნებაა, რომელიც ებრძვის ბრბოს და იმარჯვებს. "იგი" ადის დიდი დაძინების ქარაფზე, მაგრამ არ ეშინია. მან იცის ის, რაც არ იციან სხვებმა, თვით ბელადმაც კი. იცის წუხილი, სევდა, ტკივილი, სიყვარული და ღიმილი, რომელიც არ ჰგავს თანთმოძმეთა ავისმომასწავებელ კბილთა ღრჭენას; მას სითბო ეფინება სახეზე და გრძნობს რაღაც კარგს. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? ის უკვე თავად სრულყოფილებაა, რომელიც არასდროს შეწყვეტს არსებობას. ასეთივეა დავითი ("ანტონიო და დავითი") - ოდესღაც სოფლის მტერი, კაცთმოძულე და ურწმუნო, სრულიად გარდაისახება და ცხოვრების აზრს სიკეთის მსახურებაში ხედავს. ის აჯანყებული გმირია, რომელიც ბრბომ მკვლელად აქცია, მაგრამ განგებამ მოუვლინა ანტონიო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა იგი საუკუნო სატანჯველისგან.

როდესაც მწერალს ჰკითხეს, როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა სულიო, მან უპასუხა: "ბოლოს და ბოლოს, არც სიხარბეა ისე ძნელი დასამარცხებელი, არც პატივმოყვარეობა, არც ამპარტავნობა თუ სხვა ზადი და ბიწი, რომ ადამიანმა საკუთარი სულის გადარჩენა ვერ შეძლოს". შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს, რომელთა დასტური თვით ჯემალ ქარჩხაძის გმირები არიან.

1988 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა ჯემალ ქარჩხაძის "მონოლოგი", რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ბედი და იმედი ადამიანებმა მწერლობას ჩააბარეს. "ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია", - ამბობდა იგი. მართლაც, მწერლები ის უიარაღო ჯარისკაცები არიან, რომელთაც არაფერი გააჩნიათ, სიტყვის გარდა. სიტყვის ძალა კი განუზომლად დიდია. ნიშანდობლივია, რომ ჯემალ ქარჩხაძის გმირები ემორჩილებიან ამ ძალას. "იგი" სულიერ ამაღლებას იწყებს მას შემდეგ, რაც მის არსებაში იჭრება გაცნობიერებული, ხორცშესხმული სიტყვა. ანტონიო ებრძვის დავითს, მაგრამ უიარაღოდ, სიტყვით, და სძლევს მას, დაეხმარება შიშის დამარცხებაში. მწერლის მიზანიც ეს არის - კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს საკუთარ სიმართლეში.

ვცადე, ამ პატარა წერილში კიდევ ერთხელ წარმომეჩინა ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების რამდენიმე ასპექტი, თუმცა ნაწარმოებები თავად მეტყველებენ მასზე. ყველა მოთხრობა იდუმალებით სავსე და მეტად მრავალფეროვანია, ყოველ მათგანში გაშლილია კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე არსებული ყველა კითხვა, თავმოყრილია ადამიანური, ზოგადი და პირადი, ცნობიერი და შეუცნობელი, ერთმანეთს ერწყმის მისტიკა და რელიგია, რომლებიც ჰარმონიულად თანაარსებობს და ერთ მთლიანობას ქმნის.

როგორ ვწეროთ ესე

ავტორი: ნიკოლოზ ჩუბინიძე
"ცდა ბედის მონახევრეა"
ქართული ანდაზა



"ლეს ესსაის" - ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა - XVI საუკუნეში. ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა - ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება.



რადგან ესსაი - ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს, მონ­­ტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო ადამიანური ბუნების საიდუმლო.

კაცობრიობის მოღვაწეობის თითქ­მის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭ­­რი­ახი ადამიანის გონება. პედა­გო­გი­კაც არ გამორჩენია და თავის წიგნში "ბავშვის აღზრდას" მთელი თავი და­­უთმო: "მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველა­ფერს, მხოლოდ ის საუბრობ­დეს _ მოძღ­ვარ­მა თავის შეგირდსაც უნდა მო­­უსმინოს". ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვ­­ნი­ლებაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის "ცდებს" უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს მწერ­ლის გაკვეთილებს.

სწორედ მონტენის წერისა და აზროვ­­ნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა.

მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა...


ვცადოთ...

აი, მონტენის პასუხიც: "მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხო­­ლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სი­­მართლე გითხრათ, სრულიად სხვაგ­ვარად შევასრულებდი ამ საქმეს. მაგრამ ყოველივე უკვე აღსრუ­ლე­ბუ­ლია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია.

ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარი­ტე­ბას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან.

ჩემ მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხე­­დავ... მოძრაობაში... უნდა გვახ­სოვ­დეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება - მე ხომ შეიძლება უც­­ბად შევიცვალო... ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში - ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხ­ვავებულ სიტუაციაში - რის გამოც სხვადას­ხვაგ­ვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზ­რისებში, რომლითაც მი­­ვუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმა­რი­ტებას კი - არასოდეს... მხოლოდ ჩემსავე თავს".

დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბი­ექ­ტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბ­რობს მონტენი ადამიანზე, შემოქ­მედებასა და ჭეშმარიტებაზე.

გულწრფელად რომ ვთქვათ, არა­­­­აკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუ­­ოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვ­ნე­ბისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, დავინა­ხავთ, რომ მწერალი, ფაქტობრი­ვად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს...

მონტენის "ცდებმა", ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვ­ლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითა­რებას. სწორედ მისმა არააკადე­მიურმა - ლაკონურმა, ექსპრესი­ულ­მა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტი­ლი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ.

რაც შეეხება შეკითხვას - როგორ ვწეროთ ესე? - მარტივად შგვიძ­ლია ვუპასუხოთ - მივბაძოთ მონ­­ტენს და არა მარტო მას! დაწვრი­ლებით შევისწავლოთ და გავაანა­ლიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკ­ვირ­დეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავა­ზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედ­ვით, ადვილად შეძლებენ წერის ტექნიკის დაუფლებას.

არც თუ ურიგო მეთოდია, საკმაოდ პრაქტიკული და, პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ერთი შეხედ­ვით, სრულყოფილი. მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბევრი მნიშვნე­ლო­ვანი დეტალი გვრჩება უყურად­ღე­ბოდ. კერძოდ, რა უფრო არსე­ბი­თია, - წერის ტექნიკის დაუფლება თუ შემოქმედებითი აზროვნება და თა­­ვისუფლება? რას ვანიჭებთ უპი­რა­ტესობას, დამოუკიდებელ, არას­ტან­დარტულ აზროვნებას თუ ენობრივ ნორმებსა და ესეს სტრუქ­­ტურის ცოდ­ნას? თუ ეს საკითხები გადაჯაჭვუ­ლია ერთმანეთთან და გაუმართ­ლე­ბელია რომელიმე მათგანზე აქცენ­ტი­რება?

ბოლო შეკითხვა ახალი მსჯელობის თემაა, ზოგადად, ლიტერატურის სწავლების თავისებურებას ეხება და ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, ისედაც ბევრი შეკითხვები დაგვიგ­როვდა...

მონტენის შემდეგ ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა დიდი ცვლილება განიცადა, გამრავალ­ფეროვნდა თემატური და სტილის­ტური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე მთავარი - აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება უცვლელად შეინარჩუნა. რას ნიშნავს ეს?

ჩვენ შემთხვევაში - სრულ შემოქ­მე­დებით თავისუფლებას. მოსწავ­ლემ უნდა იცოდეს, რომ განსხვა­ვე­ბული აზრისთვის მას არავინ გაკიცხავს; მისი თავისუფალი, ზოგ­­ჯერ პარადოქსული, მაგრამ გულ­­წრ­ფელი მოსაზრებები არ გახდება აღშფოთების საგანი. მონტენი ხომ თავის ნაშრომს გულწრფელ წიგნს უწოდებდა და გულახდილობას ძალიან აფასებდა.

მაშ ასე, მოსწავლე თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თემას და თა­­ვადვე განსაზღვრავს საკუთარი ნაწერის სტილს.

ესეში მოსწავლემ უპირველესად საკუთარი ინდივიდუალური ფასე­ულობები უნდა წარმოაჩინოს. ნაწერში უნდა ჩანდეს მისი პიროვ­ნუ­ლი დამოკიდებულება სამყაროს­თან. სწორედ გამოხატვის ეს ფორ­­მა განასხვავებს ესეს ტრადიციული თხზულებისაგან, რომელშიც მოსწავ­­-ლემ ობიექტური მსჯელობა კონკრე­­ტულ მოთხოვნას - მოცემული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს უნდა შეუსაბამოს.

ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ირაციონალური ტექსტია. მას აქვს თავისი სუბიექტური ლოგიკა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ესეს ავტორის აზრებში, შთაბეჭ­დი­ლებებსა და განცდებში. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ სრული თავი­­სუფლება არ ნიშნავს ქაოსურ და ეკლექტურ მსჯელობას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია:

ნებისმიერ საკითზე მსჯელობი­სას, ორიგინალური მოსაზრე­ბე­ბისა და ინდივიდუალური პო­­ზიციის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ესე ტრადიციულ თემაზე იწერება;

განსახილველი პრობლემის არასტანდარტული ინტერპრე­ტა­ცია, მიუხედავად იმისა (და სწორედ იმის გამო), რომ არავინ მოითხოვს მისგან ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას;

ტექსტი გამოირჩეოდეს ლექსი­კური მრავალფეროვნებითა და ხატოვანებით. გამოთქმული მოსაზრებები კი - ლოგიკური და სტილური გამართულობით.
ცხოვრებისეული გამოცდი­ლე­ბი­სა და ისტორიულ-ლიტერატუ­რუ­ლი პარალელების გამოყენება და მათი ბუნებრივად დაკავშირება ტექსტის ძირითად იდეასთან, ავტორის პოზიციასთან.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრი­­ტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ მოსწავლის ესე, რომელიც ბავშ­ვო­ბის ასაკიდან კითხულობს, წერს, ფიქ­­რობს და აზროვნებას სწავლობს, ცხადია, მასწავლებლის დახმა­რე­ბით.

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:

I.შესავალი

იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექ­­ტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

1. ტექსტის შესავალ ნაწილში მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ­ველს განსახილველი საკითხი.
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხვე­ლი­სათვის ნაცნობი, ადვილად აღ­­საქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამ­­ბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.


II.ძირითადი ნაწილი

ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარ­­ტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული დებულებები და მოსაზრებები.

მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად. წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.


III.დასკვნითი ნაწილი

დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკით­­ხველს კიდევ ერთხელ დაუ­კონ­კ­რე­ტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.

ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი სახის ესე:

1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.

ახსნითი ესე

ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგა­დი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკით­­ხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას. ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.

არგუმენტირებული ესე

არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას და კონკრეტული არგუ­­მენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.

მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენ­ტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.

შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის­­-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრა­ფი­ული; ფსიქოლოგიური; სოციოლო­გი­ური და ა.შ.

დეტალური გეგმის შედგენა

ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგე­­ნილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი.

დეტალური გეგმა საშუალებას მოგ­­ცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი, ლოგი­კუ­რად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით.

გეგმის პირველი ვარიანტი შეიძ­ლე­ბა ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით - ამოიღოთ ან გადაად­გი­ლოთ მისი შემადგენელი ნაწილები.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა

ავტორი: თინათინ სახელაშვილი
ჩვენში, როდესაც ქართულ ტრადიციებზე იწყებენ საუბარს, პირველად ქართულ სუფრას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს ახსენებენ ხოლმე, თუმცა ქართველებს სხვაც ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებოა.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მონდომებით გვაწერინებდნენ სკოლაში თხზულებებს და როგორ ჰგავდა ეს თხზულებები ერთმანეთს. რად ღირს თუნდაც "ვეფხისტყაოსანი” და მისი პერსონაჟები, რომელთა დახასიათება ნახევარმა საქართველომ ზეპირად იცოდა... თუ ვინმე საკუთარი აზრის გამოთქმას გაბედავდა, ეს უთუოდ შეცდომად ჩაეთვლებოდა. ამან განაპირობა მოზარდთა ნეგატიური დამოკიდებულება მშობლიური ლიტერატურის მიმართ. საკუთარი თვალთახედვის გადმოცემა ვერასოდეს მოუტანდა დამწერს ისეთ წარმატებას, როგორსაც რომელიმე "გარჩევის წიგნიდან” გადმომღერებული სხვისი ნააზრევი, რომელიც ხშირად სრულიად არ შეესაბამებოდა მოსწავლის ასაკსა და ინტელექტს. იქნებ ბევრმა გამკიცხოს კიდეც ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც უთუოდ დამეთანხმება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ გაგიღიმებდა ბედი, როგორი მასწავლებელი შეგხვდებოდა...
როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელმაც ზეპირად იცის უამრავი ლექსი და პარადოქსია, მაგრამ მათ მნიშვნელობაზე ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს. მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი, მოსწონთ ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის...
სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.
ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ ვიგოტსკის დავესესხებით, "ხარაჩო", საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.
რა არის წერა და რაში სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ტექნიკური მიღწევების ეპოქაში უწევს ცხოვრება, წერითი კულტურის გაღრმავება და განვითარება?
წერა არის ინდივიდის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალურიც და არავერბალურიც და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზეპირი კონტაქტი. საკუთარი ნაფიქრალის, ნააზრევის გადმოცემას ბევრი წერილობით უკეთ ახერხებს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, ნაწილობრივ თავისუფლდება გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია.
წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.
ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა - მინიშნება მთავარ იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.
ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს, მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს, ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას? ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება, ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა. ნაწერი ძალზე ღირებულია მაშინ, როდესაც ექსპრესიულია, მხატვრულ-გამომსახველობითი. ტროპული მეტყველება ნაწერს განსაკუთრებით ამდიდრებს. ჯერ კიდევ რომაელი ორატორი მარკუს ფაბიუს კვინტილიანე ამბობდა, რომ "ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როცა ეს მნიშვნელობა მდიდრდება. აქვე დავძენ, რომ თავისუფალი თემა მაშინ იწერება კარგად, როცა მოსწავლეს სწავლის პირველი, დაწყებითი საფეხური უკვე გავლილი აქვს და მისი ცნობიერება განვითარების გარკვეულ დონეს აღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, ბუნებასთან ურთიერთობა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოზარდს სრული თავისუფლება ეძლევა, მისი ჩარჩოში მოქცევა, რამის მითითება გაუმართლებელია. ასეთ ბავშვებს არც "საყრდენი" სჭირდებათ და არც მინიშნებები.
სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს. აქვე ვახსენოთ კონსტრუქტივისტული აზროვნებაც, რაც საკუთარ ცოდნაზე დამყარებით ახალი ცოდნის აგებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს საჭირო თეორიაა, რომელიც ძალზე აადვილებს მოსწავლის შემეცნებითი უნარის განვითარებას. როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, თუ ლექსიკური მარაგი მწირი აქვს, კარგი თხზულების დაწერა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება გაუჭირდება. ამგვარად, გამოსავალი ერთია: წიგნიერი ცოდნის შეძენა.
წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ფსიქოლოგები კალიგრაფიით ადამიანის ხასიათის შტრიხებსაც კი ამოიცნობენ ხოლმე. ყველას როდი შეუძლია, წერის დროს მხატვრული ხერხები გამოიყენოს და თხრობა უფრო მიმზიდველი გახადოს, მაგრამ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამართული წინადადების აგება უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას დაასრულებს.
მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა, სხვადასხვა კუთხით განხილვა, - ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს, მთავარი კი სულ სხვა რამაა.
როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრესულად, ლოგიკურად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობისთვის დაუსწავლელი არაფერია. მითი იმის შესახებ, თითქოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე რთული თხზულების წერაა, იმ ადამიანების შეთხზული მგონია, ვისაც სერიოზულად არასდროს უფიქრია ამის შესახებ. სირთულე ტექსტის იდეის ამოცნობა და წვდომაა, თორემ თხზულებები ცოდნასთან ერთად თავისთავად იწერება, ჯერ - მოსწავლის გონებაში, მერე კი ფურცელზე. პრობლემა გაგებაა და არა გაგებულის თხზულებაში გადმოტანა. მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობა კი საპროგრამო მასალის სწორად ახსნა, სინთეზურად მსჯელობა და გადმოცემაა.

ქართული ლიტერატურა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორია

ავტორი: თინათინ სახელაშვილი
არისტოტელე ამბობდა: ”ვინც წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, მაგრამ ჩამორჩენილია ზნეობრივად, ის უკან მიდის და არა წინ”. ვფიქრობ, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანი ჯერ ადამიანობით ფასობს და მერე - წარმატებული კარიერით.


ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლორენს კოლბერგმა XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ადამიანის მორალური განვითარების ეტაპების კვლევა. როგორც ცნობილია, კოლბერგი კოგნიტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია და მასვე ეკუთვნის მორალური განვითარების თეორიაც. აქ უნდა ითქვას, რომ ზნეობა, მორალი და ეთიკა ხშირად იდენტურ, სინონიმურ ცნებებად აღიქმება, თუმცა ზნეობა გაცილებით ვიწრო ცნებაა და მას ადამიანი საკუთარი ცნობიერების, იმ შეხედულებების საფუძველზე იყალიბებს, რომლებიც მისივე თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება მორალს, მისი ზუსტი განმარტება ასეთია: იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას და ყოფაქცევას ამა თუ იმ საზოგადოებაში. ამის კვალობაზე, მორალი გაცილებით ფართო მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ზნეობა. მორალი ცალკეული ინდივიდების მიერ შემუშავებული და მიღებული წესები როდია; მას ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფი, სოციუმი აყალიბებს და არგებს იმ კულტურას, რომელშიც უწევს არსებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არის შემთხვევები, როდესაც საზოგადო და ინდივიდუალური მორალი ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც - კანონმორჩილება, წესების პატიცისცემა ზოგიერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაშიც კი მოდის ადამიანურ მორალთან, ზნეობასთან. ის, რაც მისაღები და თითქოს კანონიერია, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს მიუღებლად მიაჩნია, რაც კამათსა და გაუგებრობას წარმოშობს.


აღმოჩნდა, რომ ბავშვებზე დაკვირვებით, მათი საქციელის ანალიზით კოლბერგმა ძალზე საინტერესო დასკვნები გამოიტანა. კერძოდ, მან დაასკვნა, რომ მოზარდს სამყაროს შეცნობისა და გარემო პირობებთან ადაპტაციასთან ერთად უნდა განუვითარდეს შინაგანი მორალიც, რაც სამომავლოდ მის დადებით ან უარყოფით პიროვნებად ჩამოყალიბებას განაპირობებს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვის გარშემო შეიქმნას ჯანსაღი ატმოსფერო, რომელიც კარგი და ნათელი მაგალითებით იქნება გამყარებული.
ყველა ადამიანი თავისთავადი, განუმეორებელი ინდივიდია. მართალია, კოლბერგს მიაჩნდა, რომ მოზარდი ერთნაირად გაივლის განვითარების ყველა ეტაპს, პირველიდან მეექვსემდე, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ადამიანების მხოლოდ გარკვეული ნაწილი ახერხებს მორალურად, ზნეობრივად სწორად ფორმირებასა და ცხოვრებას. ამიტომ საზოგადოებრივი ნორმების მიღება მათ გაზიარებასა და გათავისებას როდი ნიშნავს; ეს უფრო საკუთარ თავთან კომპრომისია.


ქართული კულტურა, ხელოვნების ყველა დარგი და მთლიანად ჩვენი საზოგადოება, ერთი შეხედვით, გადაჭარბებულად მორალური და დამრიგებლობითია, თუმცა ქართველები საოცრად არაკანონმორჩილები და ხშირად უწესრიგოებიც კი ვართ.


თანამედროვეობის დიდი მონაპოვარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად სწავლობს კანონის პატივისცემას, მაგრამ აქვე დავძენ, რომ საკამათოა, რამდენად მორალურია თავად ეს კანონები. ძნელი გასარკვევია, რა უფრო მართებულია: ხანდაზმულ ადამიანს დაუთმო ადგილი და მოიქცე ისე, როგორც წინაპარი გასწავლიდა თუ მიიღო და გაიზიარო შეხედულება, რომლის თანახმადაც, როდესაც ტრანსპორტში ”ოფლითა შენითა” მოპოვებულ ფულს იხდი და კომფორტულად მგზავრობა გინდა, ხანდაზმულის მდგომარეობა შეიძლება სულაც არ გენაღვლებოდეს, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა და პატივისცემაც თითოეული მოქალაქის ვალია. აქ ჭიდილში ერთვება საზოგადო მორალი და პიროვნული ზნეობა და, ბუნებრივია, რომელიმე მათგანი იმარჯვებს, მაგრამ ორივე მიდგომა დასაშვებია და რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, ვერავინ გაგვკიცხავს, რადგან ამას გვკარნახობს ახალი რეალობა.
სწორედ ამიტომ მივიჩნიე მართებულად ზნეობისა და მორალის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
კოლბერგის თეორიის უმაღლესი დონე სწორედ ამგვარი დილემის წინაშე აყენებს ადამიანს. გადამწყვეტია შინაგანი პრინციპი, რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადო მორალური კანონი.
ქართული ლიტერატურა, როგორც ყველამ ვიცით, ძალზე მორალისტურია. ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა და არა შეძენილი. დამრიგებლობითი, დიდაქტიკური ტონი ზოგჯერ შეფარვით გამოსჭვივის მასში, ზოგჯერ კი აშკარად შეინიშნება. დადებითი ლიტერატურული გმირები საკუთარი ქცევით, ყოფითა და საუბრით ახდენენ მკითხველზე ზემოქმედებას და ემსახურებიან მის სულიერ გაჯანსაღებას. პირველი, ვინც ამ შემთხვევაში გაგვახსენდება, არის სულხან-საბა, რომლის იგავები მორალურ-ზნეობრივი კანონების ერთობლიობას წარმოადგენს.


ზემოთქმულის გასამყარებლად, ვფიქრობ, საკმარისი იქნება ერთი იგავის - ”კუ და მორიელის” - გახსენება. ვერავინ მეტყვის, რა უფრო მორალურია - მტრისთვის საზღაურის მიზღვა თუ მისი ”გადარჩენა”. ძნელია მოსწავლეს აუხსნა, რატომ არ უნდა დაახრჩოს კუმ მორიელი, მაშინ, როდესაც მან იცის, რომ ავისმქმნელი, ბოროტი ისჯება. მეორე მაგალითიც საინტერესოა: იგავში ”კაცი და გველი” ნათლად ჩანს, რომ მორალურ და ალტრუისტულ საქციელს ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს და რომ ადამიანები სიკეთეს ზოგჯერ ბოროტებით პასუხობენ. ხშირად ბავშვებს ოჯახშიც ასწავლიან, თუ ვინმე რამეს დაგიშავებს, საკადრისი პასუხი უნდა გასცეო. აქ ბავშვის შინაგანი სამყარო წყვეტს, რა მიიღოს და რას არ დაეთანხმოს.
მნიშვნელობა არ აქვს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება მოზარდი - დარწმუნებული ვარ, სიკეთისა და ბოროტებისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ასაკი დიდ გავლენას არ ახდენს. ალბათ, ამ შემთხვევებს გულისხმობს კოლბერგი, როდესაც ამბობს, რომ მეექვსე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღწევს.
საგულისხმოა, რომ ლიტერატურული პარალელები კარგი საშუალებაა მოსწავლეზე დადებითი ზეგავლენის მოსახდენად, მის არსებაში თანადგომის, სხვაზე ზრუნვისა და პატივისცემის მოთხოვნილების გასაღვიძებლად. რასაკვირველია, ეს ზემოქმედება უნდა იყოს მეტად ფრთხილი და ძალდაუტანებელი, რადგან გადაჭარბებული სიკეთეც კი გამაღიზიანებელია და შესაძლოა, არასწორადაც აღიქვან. ბავშვისთვის მარტივი ცხოვრებისეული მაგალითიც საკმარისია.


გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები, რომლებიც მეტად რეალისტური, დამთრგუნველი და ძალზე ადამიანურია. ყველა მოთხრობის მთავარი იდეა მორალურ-ზნეობრივისა და ამორალურის ჭიდილია. ამ შემთხვევაში სრულიადაც არ არის საჭირო მითითება, რა კარგია და რა - ცუდი; გონიერი ბავშვი თავადაც მიხვდება, სად არის ჭეშმარიტება. ჩანჩურა, ეკა, სოფიო, კურკა - ყველა ეს პერსონაჟი სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. აბდულა მკვლელია, მაგრამ მაინც მართალია, არღვევს საყოველთაო მორალს, მაგრამ ზნეობრივად იმარჯვებს ბოროტებაზე. მორალი ამ შემთხვევაშიც ორგვარია; როგორც ყველა მედალს, მასაც ორი მხარე აქვს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ დაწერილი თუ დაუწერელი კანონების დარღვევა ხშირად უფრო მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება.
კოლბერგმა განვითარების მეოთხე სტადიად გამოყო კანონებითა და წესებით ხელმძღვანელობა და იქვე აღნიშნა, რომ ხშირად მოზარდები გაუცნობიერებლად იქცევიან ასე, მაგრამ მე ამას მარტო მოზარდებზე ვერ ვიტყოდი; ზოგიერთი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე მისთვის სრულიად გაუგებარ წესებს ემონება, რადგან მორჩილება მისი შინაგანი თვისებაა.


საზოგადოების დიდი ნაწილი დახმარების, სიკეთის გაცვლა-გამოცვლის პრინციპით ხელმძღვანელობს. მოზარდიც, რომელიც ამგვარ სოციუმში ცხოვრობს, ითვისებს ამ წესებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სიკეთისთვის ჯილდოს მიღება ყოველთვის დასაშვები და აუცილებელი არ არის. დასანანია, როდესაც ადამიანი განვითარების ამ დონეზე რჩება.


ვაჟა-ფშაველას, გოდერძი ჩოხელის, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილისა და უამრავი სხვა სასახელო ქართველი მწერლის მთელი შემოქმედება კაცთმოყვარეობასა და უანგარო თავგანწირვის სურვილზეა აგებული, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტ ღირებულებებთან ზიარება, სულიერი სამყაროს გამდიდრება, ადამიანურისა და ზნეობრივი კარგი მაგალითების მიღება მოსწავლეებს მშობლიური ლიტერატურიდანაც შეუძლიათ, რომელიც კულტურისა და ეროვნული ფასეულობების სინთეზს წარმოადგენს.
ლიტერატურას ნაწილობრივ რწმენა განსაზღვრავს, ქრისტიანობა კი სიკეთის ქმნას, მოყვასისა და მტრის ერთნაირად სიყვარულს გულისხმობს.


აქვე დავძენ, რომ თავად მასწავლებლებს მოეთხოვებათ, იდგნენ მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე, პროფესიონალიზმთან ერთად მეტი გულისხმიერება, სიყვარული და ტაქტი გამოიჩინონ აღსაზრდელების მიმართ, რადგან მორალი მარტო საკლასო ოთახში არ უნდა ფასობდეს, - ის სკოლის გარეთ უფრო მნიშვნელოვანია. ალბათ, ამას გულისხმობდა არისტოტელეც, რომლის სიტყვებიც მოვიხმე წერილის დასაწყისში.

ინტერაქციულობა და ქართულის გაკვეთილები

ავტორი: ქეთო ნინიძე
ნაწილი პირველი

მოსწავლე სუფთა დაფა რომ არ არის, ამის შესახებ ევროპელი ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, თითქმის, საუკუნეა წერენ. საგანმანათლებლო პროცესების დემოკრატიზაციას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ჩაეყარა საფუძველი ჯონ დიუისა და მის თანამედროვეთა თეორიებში. დიუის მიდგომის თანახმად, ერთმანეთს არსებითად ემიჯნება "სწავლებისა" და "სწავლის" ცნებები. საგანმანათლებლო პროცესის უმთავრეს გამოწვევად მოიაზრება ექსპერიმენტული შესაძლებლობების გაფართოება და ყოფითი, ცხოვრებისეული გამოცდილების ადეკვატური გარემოს შექმნა სასწავლო სივრცეში. დიუისა და მონტესორის კონცეფციები საფუძვლად დაედო კონსტრუქტივიზმსა და ჰუმანიზმს, როგორც განათლების თეორიებს.

1946 წელს თავის ერთ-ერთ საეტაპო ნაშრომში "განათლება ახალი სამყაროსთვის” მარია მონტესორი წერდა, რომ განათლება არ არის ის, რასაც მასწავლებელი გვაძლევს; განათლება ინდივიდის მიერ სპონტანურად მიღწეული ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვიღებთ არა მოსმენის, არამედ განსაზღვრულ გარემოში მიღებული გამოცდილების ხარჯზე. სწორედ გამოცდილების დაგროვება, არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენების შესაძლებლობა გახდა კონსტრუქტივიზმის მთავარი პოსტულატი. თავის მხრივ, კონსტრუქტივიზმი როგორც თეორია საგანმანათლებლო პრაქტიკებში წაახალისებს სწავლის ინტერაქციულ მეთოდებს.
მოსწავლეზე ორიენტირებული ლიბერალური მიდგომები დასავლეთის ქვეყნებში მე-19 საუკუნემდე ფეხს ვერ მოიკიდებდა, რადგან მანამდე ბავშვი არ წარმოედგინათ დამოუკიდებელ ინდივიდად. ის აღიქმებოდა როგორც "პატარა დიდი”. მე-19 საუკუნიდან კი ბავშვის ქცევა, აზროვნების სტილი და გემოვნება განიხილებოდა როგორც თავისთავადი და არა დუბლიკატური მოვლენა. ეს პროცესი მხოლოდ მეცნიერთა ყურადღების ფოკუსში კი არ მოექცა, არამედ შესაბამისი რეფლექსიებით აღიბეჭდა ხელოვნებაში. თვით ისეთ სფეროსაც კი, როგორიც ბავშვთა მოდაა, მე-19 საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი.
ქართულ ლიტერატურასა და საგანმანათლებლო გარემოშიც ბავშვი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა, როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რეგიონების მიუვალ სოფლებში დაიწყო ბიბლიოთეკებისა და სკოლების გახსნა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაარსდა ქალთა რამდენიმე საზოგადოება, რომელთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა. ორგანიზაციის აქტიური წევრები (ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია) ქმნიდნენ ლიტერატურას ბავშვებზე და ბავშვებისთვის.
საბჭოთა სკოლაში მოსწავლის როლი მაქსიმალურად იყო შესუსტებული, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა დონეზე _ გაკვეთილის სტრუქტურასა და გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული პედაგოგიკური მეთოდების ხასიათითაც (აქტიური მასწავლებელი:პასიური მოსწავლე/მოუბარი მასწავლებელი:მსმენელი მოსწავლე). ყოველივე ეს ტოტალიტარული სისტემის ლოგიკით შეიძლება აიხსნას _ საბჭოთა კავშირის მიზანი არ იყო აქტიური, კრიტიკული და დამოუკიდებელი მოქალაქის აღზრდა. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ სასწავლო პროცესი საქართველოში ინტერაქციულ სწავლებას და იმ ფილოსოფიას ემყარება, რომლის მიხედვით, თავად ამ პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას.
რა განასხვავებს თანამედროვე სკოლას საბჭოთა პერიოდის სასწავლო გარემოსგან მაშინ, როდესაც ცოდნის მიმღები და საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ბენეფიციარი ძველ სისტემაშიც მოსწავლე იყო? რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ თანამედროვე სწავლების თეორიები მოსწავლეზე ორიენტირებულია? უმთავრესი ცვლილება და მიდგომათა განსხვავება უნდა გავიგოთ ასე _ დღეს მოსწავლეები სასწავლო პროცესის პასიური შემსრულებლები კი არ არიან, არამედ აქტიურად მონაწილეობენ სისტემის მართვაში. შესაბამისად, აქტუალურობას კარგავს უფროსებზე (მასწავლებლებსა და მშობლებზე) მორგებული "ღონისძიებები", "ღია გაკვეთილები", "ბანკეტები" და სხვა აქტივობები, სადაც მოსწავლეები სხვათა კარიერული წინსვლის ინსტრუმენტებად დარჩებიან. სასკოლო კურიკულური და ექსტრაკურიკულური აქტივობების მიზანი მხოლოდ მოსწავლეთა სასწავლო და სოციალური უნარების განვითარება უნდა იყოს.
რა როლი შეიძლება დაეკისროს ქართულის სწავლებაში ინტერაქციას? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ მოსწავლე-მკითხველი, არამედ, საზოგადოდ, მკითხველი უფრო აქტიურია, ვიდრე ოდესმე. ამას განაპირობებს კულტურალურ თავისებურებათა წყება, რაც პოსტმოდერნისტულმა ესთეტიკამ მოიტანა. მხატვრულმა ტექსტმა დაკარგა ის ფორმობრივი და ნარატიული მთლიანობა, რაც ე.წ. კლასიკურ ლიტერატურას ახასიათებდა. ნაწარმოებში ძველებური სიმძლავრით აღარ ისმის ავტორის ხმა, რომელიც ამთლიანებდა სიუჟეტურ ქარგასა და თხრობის სხვადასხვა მოდალობას. მე-20 საუკუნის ლიტერატურული თეორიების საფუძველზე ავტორის როლი ტექსტში საგრძნობლად შესუსტდა, მისი სოციალური ფუნქცია რა ხანია აღარ იგივდება ერის წინამძღოლის ხატთან. თუ უტრირებულად გადმოვცემთ მოვლენის არსს, ავტორიტარული მწერლის ფუნქცია ლიბერალურმა პროცესმა _ მკითხველთა მიერ ტექსტის ინტერპრეტაციების განუსაზღვრელმა შესაძლებლობამ ჩაანაცვლა.
ვებ 2.0 საგანმანათლებლო ხელსაწყოებისა და ინტერაქციული წიგნების ფონზე მოსწავლეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია ქართულის მოცულობითი ტექსტების კითხვა სპეციალური სავარჯიშოების, დამხმარე მასალებისა და უკუგების გარეშე. ეს მათ ისედაც დაბალ მოტივაციას კითხვისა და სწავლის მიმართ კიდევ უფრო დაბლა სწევს. მწერლები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ პოტენციური მკითხველი წიგნისკენ მოაბრუნონ. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენს ქვეყანაში არის აკა მორჩილაძის ინტერაქციული წიგნები "სანტა ესპერანსა" და "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი", სადაც მკითხველი წიგნის თანაავტორია არა მხოლოდ ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, არამედ ტექსტის კითხვის სტილითაც. "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი" არ არის კლასიკური ფორმის წიგნი; ეს ყუთია, სადაც შეკრებილია საგამოძიებო მასალები: მოსაწვევი ბარათები, ბლოკნოტები, სპექტაკლის ბილეთები, დღიურები და სხვ. გამომძიებელი მისტერ დიქსლი კი თავად მკითხველია, რომელმაც ეს მასალები სიუჟეტად უნდა გაამთლიანოს და საქმის არსს ჩასწვდეს. ასეთი პროექტები წარმატებით იმუშავებს სკოლაში, განსაკუთრებით _ იმ ტექსტების სწავლებისას, რომელთა მიმართ მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ. თუკი ბავშვებს ამ ნაწარმოებებს ასეთივე საინტერესო და ორიგინალური ფორმით მივაწვდით, ისინი ხალისით შეისწავლიან საგანს და ადვილად გადალახავენ ტექსტების კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებსა და მასწავლებლის წიგნებს თუ გადავავლებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათში საგრძნობლად გაიზარდა ინტერაქციულობის ხარისხი. დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი წიგნებისგან განსხვავებით, სადაც აქტივობის ძირითად ფორმად ჯერ კიდევ ე.წ. ფრონტალური კითხვები რჩებოდა, ქართული ენისა და ლიტერატურის ამჟამინდელი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს სავარჯიშოთა მეტ მრავალფეროვნებას სთავაზობს. მათში წარმოდგენილია დამხმარე მასალები: ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ამა თუ იმ კრიტიკოსის შეხედულება საანალიზო ტექსტის შესახებ და მისთ. თუმცა სასურველი იქნება, მეთოდურ მითითებებში უკეთ წარმოჩნდეს მასალების მიზნობრიობა და ის სასწავლო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც უნდა მოხერხდეს გაკვეთილზე ამ მასალების გამოყენება. სავარჯიშოების დიდი ნაწილი კვლავ "წავიკითხოთ, ვიმსჯელოთ" რუბრიკის სახით არის წარმოდგენილი, კითხვები კი თავის თავში პასუხებსაც აერთიანებს, ანუ იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ მტკიცებულების დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობაღა რჩება. ამასთანავე, გაურკვეველია, პრაქტიკულად ვისთვის არის გამიზნული ეს კითხვები, რომელთა მოცულობა და ხასიათი არ შეესაბამება საგაკვეთილო დროსა და ფორმატს. საზოგადოდ, ნუ მოვერიდებით ჩვენი სასწავლო ინსტრუმენტების არსენალიდან ზეპირი კითხვების მაქსიმალურად ამოღებას. ამით დავზოგავთ დროს და უზრუნველვყოფთ საგაკვეთილო პროცესში არა მხოლოდ სხარტად მოაზროვნე და კომუნიკაბელური მოსწავლეების ჩართვას, არამედ იმ მოზარდების გააქტიურებასაც, რომლებიც განსაკუთრებული მოხერხებულობით არ გამოირჩევიან, თუმცა მათი ცოდნა და განვითარების დონე არაფრით ჩამოუვარდება წარმატებული თანაკლასელებისას.
გაკვეთილი რომ უფრო დემოკრატიული იყოს, სახელმძღვანელო უნდა გვთავაზობდეს სხვადასხვა ფსიქოტიპის მოსწავლის, მათ შორის _ სპეციალური საჭიროებების მქონეთა გააქტიურების შესაძლებლობას. ქართულის სახელმძღვანელოების არჩევისას კათედრებმა, ვფიქრობ, სწორედ ამგვარ წიგნებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. თუ სახელმძღვანელო ამის საშუალებას არ იძლევა, მასწავლებელს მოუხდება დამატებითი მუშაობა, რომ თავად დაგეგმოს აქტივობები, მოიძიოს დამხმარე ტექსტები, გაამდიდროს გაკვეთილი ვიზუალური ელემენტებით, შეადგინოს ტესტები, რაც მას მოსწავლეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომისა და გაკვეთილის ინტერაქციულ რეჟიმში წარმართვის საშუალებას მისცემს.
გარკვეული გამოცდილებისა და მასალების დაგროვების შემდეგ მასწავლებელთა ჯგუფებს ან დამოუკიდებელ მასწავლებლებს თავად შეეძლებათ სახელმძღვანელოს შექმნა. როგორც ცნობილია, მოქმედი სტანდარტების მიხედვით სახელმძღვანელოს ავტორობა მხოლოდ საგნის ექსპერტებისთვის არ არის შესაძლებელი.
ინტერაქციული სწავლებისთვის აუცილებელი მასალების სიმწირის გარდა დგას მათი რელევანტურობის პრობლემა. იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის დღემდე არსებულ არც ერთ სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა არ არის გაკვეთილებად დაყოფილი, ძალიან ხშირად მასწავლებლებს უძნელდებათ გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა. ისინი კი არ ირგებენ მასალებს სასწავლო მიზნებისთვის, არამედ თავად ერგებიან არსებულს. ეს მოვლენა აფერხებს მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გაანალიზებული საკითხების რეფლექსიასა და ცოდნის გამთლიანებას. მიზნობრივი მასალების შერჩევას ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, თუ გაკვეთილი მიმართულია მოსწავლეების მიერ ჰაგიოგრაფიული ეტიკეტის (ე.წ. ჰაგიოგრაფიული შაბლონის) შესწავლისკენ, უსარგებლოა ქართული ლიტერატურული ძეგლების ხელნაწერთა ისტორიის შესახებ არსებული მასალების დამუშავება, ხოლო თუ ტექსტების ისტორიის სწავლებას ვგეგმავთ, არამიზნობრივია ამონარიდების გაცნობა ამა თუ იმ მკვლევარის სამეცნიერო ნაშრომიდან, სადაც საუბარია ჰაგიოგრაფიული ჟანრის თავისებურებებზე.
გარდა იმისა, რომ შერჩეული მასალები გაკვეთილის მიზანს უნდა მოერგოს, დიდი მნიშვნელობა აქვს მასალების ხასიათსაც. მოსწავლეებისთვის ტექსტის "გასაგებად" მეორადი ლიტერატურის მიწოდება ნაკლებად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ამ ლიტერატურაში გამოთქმულ დასკვნებამდე მოსწავლეს თავად შეუძლია მივიდეს. მაგალითად, ავერინცევის ნაშრომის ამონარიდის გაცნობას აგიოგრაფიული ნაწარმოების თავისებურებების შესახებ ჯობს, მოსწავლეებს უშუალოდ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი, სადაც ეს სპეციფიკა თავისთავად იკვეთება. სასურველია, თუ დამხმარე მასალად გამოვიყენებთ ლიტერატურის მომიჯნავე დარგებს, ამ შემთხვევაში _ იკონოგრაფიას, გალობას, ხუროთმოძღვრებას და სხვ. თუ თქვენთვის მაღალპოლიგრაფიული ენციკლოპედიები და კატალოგები არ არის ხელმისაწვდომი, უფრო მოხერხებულია ვებრესურსების გამოყენება, ხოლო თუ შესაბამისი მანიპულაციების გამოცდილება არ გაქვთ, სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს, დაგეხმარონ. ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთვებიან ამ საქმეში, თქვენც გაგიადვილებენ მუშაობას და თავადაც პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად იგრძნობენ თავს.

ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები

ავტორი: ნათია ნაფეტვარიძე
ქართულ სასულიერო მწერლობაში, ალბათ, არ არსებობს ნაწარმოები, რომელზეც იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, რამდენიც «შუშანიკის წამებაზე». ერთნი ამბობენ, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, მეორენი ამბობენ, არაო. მოკლედ, ამ ძეგლის თაობაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა ქართველი მკვლევარი აღიარებს, რომ ათას ხუთასი წლის წინ, V საუკუნეში, დაწერილი თხზულება, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) «შუშანიკის წამება», დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

მხატვრული ნაწარმოები, როგორც ასეთი, ყოველთვის იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას - ადამიანი მას იგებს ისე, იღებს ისე, როგორც უნდა ან როგორც უნდა რომ გაიგოს. ერთგვარი გამონაკლისი, ალბათ, ჰაგიოგრაფია და, საზოგადოდ, სასულიერო მწერლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღწერს წმინდანის წამების ან ცხოვრების ამბებს (ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ღირსებას). ამ «გამონაკლისის» გამონაკლისი კი იაკობ ხუცესის უკვდავი «შუშანიკის წამებაა», სადაც სარწმუნოებრივი კონფლიქტი ადამიანური ვნებებისა და მძაფრი ოჯახური დრამის ფონზე აიახება. ამაზე - ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ზოგად ჟანრობრივ საკითხებსა და თავისებურებებს შევეხოთ.
რა არის მიზანი ჰაგიოგრაფიული მწერლობისა? რატომ სურს ჰაგიოგრაფ ავტორს, გვიამბოს წმინდანის ცხოვრების ან წამების შესახებ?

ამას ორი დიდი მიზანი აქვს: პირველი - აღიწერება ამბები, რათა ისინი, ერთ დიდ სასულიერო მწერალს თუ დავესესხებით, «ჟამთა სიმრავლისაგან [არ] მიეცნეს დავიწყებასა», და მეორე - წმინდანის ღვაწლი (არ აქვს მნიშვნელობა, მისი ღირსად ცხოვრება თუ წამება) მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის: თუკი მან, მართალია, გამორჩეულმა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო და დაითმინა, «შიში კაცობრივი განაგდო» და თავისი თავი მიუძღვნა უფალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთარი სულის ცხოვრებას, მაშინ შენც, ამ ნაწარმოების წამკითხველი თუ მომსმენი (რადგან ხშირად ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, არსებითად, მათი კიმენური რედაქცია, ეკლესიაში იკითხებოდა წმინდანის ხსენების დღეს), შეძლებ ამას ნებისყოფის, მონდომების ხარჯზე, ჯილდო კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ქრისტიანისთვის სანატრელია: სულის საუკუნო სიცოცხლე.
ამის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული გმირი ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძია (აკი ნათქვამიც არის ერთ-ერთ ჰაგიოგრაფიულ პერსონაჟზე, რომ «ემსგავსებოდეს (მოწაფენი) მოძღვარსა თვისსა, ვითარცა იგი ემსგავსებოდის ქრისტესა»), როგორც შუამდგომელი («მეოხი») კაცისა უზენაესის წინაშე.

ასეა თუ ისე, ჰაგიოგრაფია, ენციკლოპედიური განმარტებით (ბერძნ. άγιος - «წმინდანი» და γράφω - «ვწერ») სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის; ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი ღვაწლით იესო ქრისტეს - ყოვლადწმინდა სამების განკაცებული ჰიპოსტასის, ძე ღვთისას - ცხოვრების გზას იმეორებენ ერთგვარად.

რას ნიშნავს თვითონ ქართული სიტყვა «მოწამე»? ეს ტერმინიც ბერძნულიდან მომდინარეობს, იგი კალკია ბერძნული «მარტიროს»-ისა, რაც ქართულად «მოწმეს» ნიშნავს. შესაბამისად, სიტყვა «მოწამეც», თავდაპირველი მნიშვნელობით, «მოწმეს» აღნიშნავდა, რომელიც ადასტურებდა თავის ქრისტიანობას და ამას საკუთარი სისხლით ამოწმებდა.

და მაინც, რა შეიძლება ითქვას ქართული ჰაგიოგრაფიის უკვდავი შედევრის, «შუშანიკის წამების» შესახებ? რით ჰგავს ან რით განსხვავდება ის ამ ტიპის (ვგულისხმობ სასულიერო მწერლობას) სხვა ნაწარმოებებისგან? ბევრი რამის თქმა შეიძლება როგორც ერთი, ისე მეორე კითხვის პასუხად.

ერთი შეხედვით, ესაა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, წამებათა ჟანრისა, რომელშიც აღწერილია მორწმუნე ქრისტიანი ქალის, დედოფლის, ქვემო ქართლის პიტიახშის მეუღლის, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასულის შუშანიკის თავდადება სარწმუნოებისთვის. ის სამჯერ გვემა ქმარმა სასტიკად, მერე კი ციხეში წააყვანინა, სადაც გაატარა მან მთელი დარჩენილი ცხოვრება (ექვსი წელი) და იქ ყოფნისას «წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა: მარხვითა, მარადის მღვიძარებითა, ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა». არ აძლევდა საკუთარ თავს დაცემისა და დასვენების უფლებას და მიიღო კიდეც საუკეთესო ჯილდო ღვთისგან - მარადიული სიცოცხლე ზეცაში. შუშანიკი - პერსონაჟი იაკობ ხუცესის ნაწარმოებისა - ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი მოწამე - პერსონაჟი სხვა ნაწარმოებებისა. შესაბამისად, ისიც ისევეა სამაგალითო სხვა ქრისტიანებისთვის, როგორც ის დანარჩენი წმინდანები, რომელთაც თავიანი სისხლის დამოწმებით დაადასტურეს საკუთარი ქრისტიანობა ღვთისა და ხალხის (მათ შორის – თავიანთი ჯალათების) წინაშე.

შუშანიკი, ისევე როგორც სხვა წმინდანები, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა («მოშიში ღმრთისაჲ... სიყრმითგან თჳსით»), ხოლო მას შემდეგ, რაც გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა (აქ არშეიძლება არ აღინიშნოს მისი სულიერი სიმტკიცე), გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს არ აძლევდა მოსვენებას არც დღისით და არც ღამით, ის სხვებისთვისაც ლოცულობდა და მათაც, წმინდანის ლოცვით, მიეცემოდათ: «უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნებაი, ბრმათა - თუალთა ახილვაი».

ნაწარმოებში არის ბევრი სხვა რამ, რაც აქცევს წმინდა შუშანიკს წმინდანად, დედოფალს - მოწამედ, «სამგზის სანატრელად» და «ნეტარად», როგორც მას იაკობ ხუცესი უწოდებს. ეს არის ის, რითაც ის ირიცხება წმინდანთა დასში და რის გამოც მას მორწმუნენი ღვთის წინაშე მეოხებას სთხოვენ.

წმინდა შუშანიკი დიდი შინგანი დაძაბულობის წყალობით მაღლდება მიწიერ ვნებებზე და აღწევს, სწვდება იდეალს. საკუთარი ცხოვრების დასასრულს ამბობს კიდეც: «ხოლო მე აწ ამას ვმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა (ე. ი. ვარსქენის მიერ მიყენებული ტანჯვით) მე ლხინებაი ვპოო და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსვენებასა მივემთხვიო... ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარულ, სატანჯუელთა ამათ წილ - განსუენებაი, გუემათა ამათ ჩემთა, თრევათა და შეურაცხებათა მივემთხვიო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა».

ამბობენ, რომ ძველი ლიტერატურა, პერსონაჟების ქცევის ასპექტები უნდა განვიხილოთ იმ ეპოქის ფონზე, რომელშიც იგი იწერება, - მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, სრულად ავხსნათ გმირის ქცევის მოტივებიო. შესაძლოა, ეს თვალსაზრისი მართებულიც იყოს, მაგრამ თანამედროვე მკითხველისთვის, ვფიქრობ, უფრო გასაგები იქნება, თუკი მოვლენებს სხვა კუთხიდანაც დავანახვებთ და არა მხოლოდ ისე, მაშინ ასე იყო მიღებულიო.

«შუშანიკის წამებაშიც», ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ეძიონ არა მხოლოდ ტიპური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, არამედ ისინიც, ამ ძეგლს იმავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებისგან რომ გამოარჩევს.

ამ თავისებურებათაგან, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანის გამოკვეთილ თვისებებთან ერთად ჩვენ, მკითხველები, მოწმენი ვხდებით, როგორ იქცევა თუნდაც დედოფალი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანად, როგორ სძლევს ის თავის ადამიანურ ვნებებს და შეძლებს სასუფევლის დამკვიდრებას.

ალბათ, ეს ასპექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნაწარმოები ნამდვილად V საუკუნეშია დაწერილი - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ჰაგიოგრაფიული გმირის იდეალი.

ამ ტიპის თხზულებებს (თვით «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაც» კი, სადაც უამრავი პერსონაჟია თავმოყრილი) ყოველთვის ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელზეც ფოკუსირებულია მოვლენები და ყველაფერი ამ გმირის განდიდებას ემსახურება; შესაბამისად, სხვა პერსონაჟების მხატვრულ სახეზე მსჯელობაც გაძნელდება. «შუშანიკის წამებაში» კი ასე არ არის, თავისუფლად შეიძლება ვარსქენის მხატვრული სახის ანალიზი - ესეც ამ ნაწარმოების კიდევ ერთი არაჰაგიოგრაფიული თავისებურება.

ზემოთ ვახსენე, შუშანიკი ჩვეულებრივი მოკვდავიდან წმინდანად მკითხველის თვალწინ გარდაიქმნება-მეთქი. იაკობ ხუცესი თვალნათლივ გვიჩვენებს, რის ფასად უჯდება ეს დედოფალს. ნაწარმოების დასაწყისში პიტიახშის მეუღლე საკუთარ მარტოობას განიცდის («ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე»). ესეც წმინდანის ადამიანური ბუნების გამოვლინებაა; მას გამუდმებით სჭირდება მოძღვრისა და თანამოაზრეების თანადგომა... თუმცა სწორედ ამ ადამიანური განცდების წარმოჩენით ახერხებს ავტორი, სხვებისთვისაც ახლობლად აქციოს თავისი პერსონაჟი, რომელსაც ასე გულშემატკივრობს.

ამ და კიდევ ბევრი სხვა პასაჟის დამსახურებაა, რომ «შუშანიკის წამება» «დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან მრავალი სხვაც, რომლებიც ძველ ქართულ პროზას წარმოადგენს, დღეს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, თუ როგორ ჰგვანან ადამიანები ერთიმეორეს და როგორ ვიბრძოდით ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის - ადამიანობის სამკვიდრებლად» (თამაზ ჭილაძე).

ვფიქრობ, «შუშანიკის წამების», როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, ღირსება უნდა ვეძიოთ მის ყველა თავისებურებაში (ჰაგიოგრაფიის ტიპურ მახასიათებელშიც და სასულიერო მწერლობისთვის უჩვეულოშიც), რადგან, საბოლოოდ, ესაა ერთი დიდი ქართველი მწერლის დიდებული, მაღალი მხატვრული გემოვნებით შესრულებული ტილო, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს ვერც ერთ ეპოქაში. ესაა ნაწარმოები, რომელიც შენც, უბრალო მკითხველსაც, აღწერილი ამბის თანამონაწილედ და თანამედროვედ გაქცევს.

დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქვს თავისი სათქმელი. სწორედ ეს უმკვიდრებს მას უკვდავობას, ისე, როგორც თუნდაც წმინდა შუშანიკს - თავისი ღვაწლი.

მეთოდიკური მითითებები ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთათვის

ავტორი: მაია ინასარიძე
მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ჩვენს დროში დიდი ყურადღება ექცევა. ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. დაიხვეწა სწავლების მეთოდები, ხერხები, შემუშავდა ახალი სტრატეგიები. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა ჩვენთან, რადგან საქართველოს მოსახლეობის ერთმა მეხუთედმა არ იცის სახელმწიფო ენა, რაც ხელს უშლის მათ, საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. იმისთვის, რომ არაქართველი მზად იყოს საქართველოში შრომითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ყოფით, სასწავლო, სოციალურ, კულტურულ და ოფიციალურ-საქმიან სფეროში ურთიერთობებისთვის, მას უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე ურთიერთობა, ამ ენაზე საუბარი, კითხვა და წერა.
ქართული ენის შესწავლა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის, გულისხმობს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების - მოსმენის, ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის - ინტეგრირებულ განვითარებას. რამდენადაც მეორე ენის სწავლების მთავარი მიზანი გაგება, შინაარსის გადმოცემა და აზრის გამოთქმაა, მეორე ენის გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის ცოდნა თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ სწორედ სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ეს როდი ნიშნავს, რომ მეორე ენის სწავლებაში უგულებელყოფილია ლინგვისტური კომპეტენცია; სხვა კომპეტენციებთან ერთად უთუოდ იგულისხმება ისიც და მეორე ენის სწავლებისას მშობლიური ენის სწავლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს.
ამასთან დაკავშირებით ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთა წინაშე ბოლო ხანს დაისვა კითხვათა მთელი წყება. კერძოდ:
* უნდა ვასწავლოთ თუ არა ქართული ენის გრამატიკა არაქართულენოვან მოსწავლეებს და თუ ვასწავლოთ, როგორ?
* შეიძლება თუ არა ქართული ენის გრამატიკის სწავლება გრამატიკის წესების გარეშე?
* რა ვასწავლოთ: ფუნქციური თუ თეორიული გრამატიკა?
* როგორ ვასწავლოთ გრამატიკა ისე, რომ მივიღოთ პრაქტიკული შედეგები და მოსწავლეებს განუვითარდეთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები?
* რა მეთოდები არსებობს გრამატიკული მოვლენებისა და კატეგორიების გასაგებად და კომუნიკაციის დროს მათ გამოსაყენებლად?
და ა.შ.
ცხადია, ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პრეტენზია ამ წერილს ვერ ექნება. ჩვენი მიზანია, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გრამატიკის სწავლებისას მოსწავლეებს შეასწავლონ კონკრეტული სამეტყველო აქტები და ოპერაციები, ენობრივი პარადიგმები, რათა მათ შეძლონ ამ ენობრივ მონაცემთა ცოდნის ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციაში გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი გზა გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომაა.
გრამატიკის სწავლებისადმი კომუნიკაციური მიდგომის შესახებ არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი. ზოგი ავტორი უპირატესობას ანიჭებს გრამატიკის ზედმიწევნით ცოდნას, კარგ სტრუქტურულ ბაზას, რომელზეც შეიძლება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაფუძნება. მეორენი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სწრაფმეტყველებას და მიაჩნიათ, რომ გრამატიკული კომპეტენცია ყალიბდება თავისთავად, კომუნიკაციის პროცესში, გრამატიკის ცოდნის მიუხედავად. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების გარდა არსებობს მიდგომები, რომლებიც ოქროს შუალედის გამონახვას ცდილობს. მათ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ექსპლიციტური გრამატიკული წესები და ტერმინოლოგია არ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა ანუ გრამატიკული მოდელების სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპობრივ სიტუაციაზე. ასე რომ, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი გულისხმობს ძირითადად კომუნიკაციურ სავარჯიშოთა სისტემის გამოყენებას, რომლებიც თავისთავად გრამატიკულ კანონზომიერებებს ეყრდნობა. კომუნიკაციური მეთოდისთვის მნიშვნელოვანია კომბინირებული სავარჯიშოები, რომელთაც გრამატიკულ მიმართულებასთან ერთად კომუნიკაციური ხასიათი აქვთ და პირიქით.
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მიერ იმის გაცნობიერებას, რომ გრამატიკული ფორმები აუცილებელია კომუნიკაციური ამოცანის გადასაჭრელად და რომ მათი გააზრებით ადვილია ამ ფორმების გადატანა და გამოყენება ახალ კონტექსტში.
კომუნიკაციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას აღიარებს სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რომელიც ემყარება არა უბრალოდ წინადადების, არამედ გამონათქვამის დონეზე მუშაობის აუცილებლობას. სწავლების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია საურთიერთობო მეტყველების ელემენტარული ჩვევების ფლობა. წინ წამოიწევს მარტივი წინადადებებისა და ფრაზების გამოყენება, მარტივი შეკითხვის დასმა და პასუხის გაცემა, ურთიერთობის დამყარება მარტივ, ტიპურ სიტუაციებში (მისალმება, დამშვიდობება, გაცნობა) და სხვ.
მასალა, რომელიც კომუნიკაციური მიდგომისას შეირჩევა, უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სიტუაციის მიხედვით კონკრეტული ენობრივი ფორმების გამოყენებაში, სწორი მეტყველების დაუფლებასა და მართებული წერის ჩვევების გამომუშავებაში. მასალის შერჩევისას გათვალისწინებულია კომუნიკაციური სწავლების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. კერძოდ:
* ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს არა გრამატიკული წესების, ტერმინების ცოდნაზე, არამედ კონკრეტული ენობრივი მასალის კონკრეტულ კომუნიკაციურ, სამეტყველო სიტუაციაში გამოყენებაზე.
* ენობრივი და სამეტყველო მასალა - კლიშეები, მოდელები, სქემები, ცხრილები, წინადადებები, მინიტექსტები, დიალოგები - ორგანიზებული უნდა იყოს თემატურად და სამეტყველო ფუნქციების მიხედვით.
* ტექსტებსა და სავარჯიშოებში სტიმულირებული უნდა იყოს რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია, რომელიც ახლოსაა მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
* სწავლებისა და სწავლისას აქცენტირება უნდა ხდებოდეს არა სიტყვების დამახსოვრებაზე, არამედ წინადადებებზე, გამონათქვამებსა და ტექსტებზე.
* კომუნიკაციურობის მიღწევა მხოლოდ ინტერაქტიული სწავლების პირობებშია შესაძლებელი, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის (წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის) გამოყენების შესაძლებლობა.
გასათვა­ლის­წი­ნე­ბელია ის პრინციპებიც, რომლებსაც, საზოგადოდ, მეორე ენის სწავლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, ეს არის:
* კომუნიკაციურობის პრინციპი. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ისინი იქცნენ კომუნიკაციური აქტის ძირითად მონაწილეებად, მასწავლებელმა კი გზამკვლევის, დამხმარისა და დამკვირვებლის ფუნქცია იკისროს.
* განმეორებადობის პრინციპი. განმეორება რომ ცოდნის დედაა, უპირველესად ენის სწავლებისას მტკიცდება. ხშირი განმეორება, თანაც სხვადასხვა კონტექსტსა და სიტუაციაში, მარტო მექანიკურ კი არა, გააზრებულ დამახსოვრებას უწყობს ხელს. მისი სიხშირე და ხანგრძლივობა მასალის სირთულეზეა დამოკიდებული.
* მისაწვდომობის პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მასალა არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი, რადგან ორივე შემთხვევაში მოტივაცია ეცემა. მიცემული დავალებები გასაგები უნდა იყოს და მოსწავლეს მათი დაძლევა შეეძლოს.
* გააზრებულობის / შეგნებულობის პრინციპი. გააზრების გარეშე ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების განვითარება არ ხდება. მოსწავლემ შეგნებულად უნდა გაიგოს გრამატიკული მასალა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი მის გამოყენებას წერითსა და ზეპირ მეტყველებაში.
* აქტიურობის პრინციპი. მასწავლებელი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, როგორ დაგეგმოს გაკვეთილი იმგვარად, რომ გაააქტიუროს მოსწავლე, უზრუნველყოს მისი აზროვნების, ნებისყოფისა და ყურადღების კონცენტრაცია. ეს პრინციპი ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ნურასდროს გააკეთებთ იმას თქვენ, რის გაკეთებაც მოსწავლეს შეუძლია.
* აპროქსიმაციის პრინციპი. ენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, შეცდომა გასწორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კომუნიკაციას აბრკოლებს. შეცდომის ხშირი გასწორება უშუალოდ მეტყველების პროცესში მოსწავლეს უჩენს ერთგვარ შიშსა და არასრულფასოვნების კომპლექსს, უკარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
* თვალსაჩინოების პრინციპი. მასალის აღქმასა და გააზრებას აადვილებს ვიზუალური მასალა, კერძოდ, სქემები, ტაბულები, დიაგრამები, ცხრილები და ა.შ., რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული საკითხების კონკრეტიზაციასა და უკეთ დამახსოვრებაში.

გრამატიკის სწავლების საბოლოო მიზანი ზეპირი და წერილობითი ტექსტების შექმნა უნდა იყოს. რა სახის სავარჯიშოების შეთავაზებაა რეკომენდებული ამისთვის?
შევეცდებით, ეს სავარჯიშოები გარკვეული თანამიმდევრობით წარმოგიდგინოთ:
* მოცემული ფორმებიდან მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი და გამოტოვებულ ადგილას ჩასვას.
* ჩასასმელი მასალა მოცემულია საწყისი ფორმით და მოსწავლემ ის შესაბამისი ფორმით უნდა ჩასვას წინადადებაში.
* არეული თანამიმდევრობით და საწყის ფორმაში მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა.
* ორი ან სამი სვეტიდან მოსწავლემ უნდა იპოვოს შესაბამისი ნაწილები და ისრით ერთმანეთთან დააკავშიროს.
* სიტყვების მოცემული გროვიდან ფორმების კლასიფიკაცია-კატეგორიზაცია.
* შეკითხვებისა და არეულად მოცემული პასუხების დაკავშირება

* მოცემული ფორმების გამოყენებით წინადადებების შედგენა.
* პასუხების მიხედვით შეკითხვების დასმა.
* კითხვებზე პასუხის გაცემა.
* აღწერითი ტიპის სავარჯიშოები (მოცემული მონაცემების მიხედვით მოს­წავ­ლემ უნდა შეადგინოს ტექსტი კონკრეტულ პიროვნებებზე).
* ე. წ. ტრანსფორმაციული სავარჯიშოები. მაგალითად, წინადადებების შეცვლა იმდაგვარად, რომ მოსწავლე "იძულებული გახდეს" გამოიყენოს გარკვეული გრამატიკული ფორმა (პირველი პირის ფორმიანი წინადადებების გადაყვანა მესამე პირის ფორმაში, დროში გადატანა გუშინ/დღეს/ხვალ ზმნიზედების საშუალებით) და სხვა.
ყველა ეს სავარჯიშო საბოლოოდ ტექსტის შექმნისკენაა მიმართული. საწყის ეტაპზე ტექსტები მოცემული უნდა იყოს ნაკლულად და მოსწავლემ უნდა შეავსოს. მომდევნო საფეხურზე ტექსტი იქმნება მოდელის მიხედვით, ანუ მოსწავლეს მოეთხოვება მოცემული ტექსტის მცირეოდენი სახეცვლილება. უკანასკნელ ტაპზე მოსწავლე გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით დამოუკიდებლად ქმნის ტექსტს.
იმისთვის, რომ გრამატიკის გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს, მასწავლებელი:
* არ უნდა დასჯერდეს მარტო სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს და შეეცადოს, თავად შეიტანოს საჭირო დამატებითი მასალა;
* გრამატიკულ მასალაზე იმუშაოს დიფერენცირებულად, ჩამოსაყალიბებელი სამეტყველო უნარ-ჩვევების მიხედვით;
* გაზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა, ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპურ სიტუაციებზე;
* უფრო ინტენსიურად გამოიყენოს სწავლების ინდუქციური მეთოდი, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ გრამატიკულ კანონზომიერებას;
* გამოიყენოს მშობლიური ენის გრამატიკა მეორე ენის გრამატიკული საკითხების გასააზრებლად შედარების გზით, დაადგინოს მსგავსება-განსხვავებები მშობლიურისა და მეორე ენის გრამატიკაში;
* უზრუნველყოს სწავლების განმეორებადობა პრინციპით: ძველი მასალა ახალ დონეზე, ძველ მასალაზე ახლის დაშენება;
* პერიოდულად შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მომდევნო პუბლიკაციებში შევეცდებით, გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომის უფრო კონკრეტული მაგალითები შემოგთავაზოთ.

"პროგრესული დასწავლის" წესი თუ ანალიზი

ავტორი: მადლენა ჩუბინიძე
ფსიქოლოგმა რიდმა ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ არსებობს ზეპირად დასწავლის გლობალურსა და ფრაგმენტულზე რაციონალური წესი, რომელიც ორივე ზემოხსენებული წესის უპირატესობებს აერთიანებს. ეს არის პროგრესული დასწავლა. წესი ასეთია: მასალას ყოფენ ნაწილებად (მაგალითად, ლექსს ტაეპებად), ჯერ პირველ ნაწილს დაისწავლიან, შემდეგ - მეორეს, შემდეგ ორივეს ერთად იმეორებენ და ა. შ. პროგრესული წესის მიხედვით, დასწავლის პროცესში, ერთი მხრივ, ცნობიერებაში ყალიბდება მთლიანი მასალა, მეორე მხრივ კი დეტალებსაც ექცევა ყურადღება.

როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ სასწავლო მასალა? რას მისცემს მას თუნდაც ლექსების დაზეპირება? ზეპირად სწავლის პოზიტიური მხარე დახსომების სიმტკიცე და დეტალების ცოდნაა, რაც ხანგრძლივ პერიოდზე განაწილებული ტექსტის გამეორებით მიიღწევა. ზეპირად დასწავლილი მასალიდან სწრაფად და უკეთ ამახსოვრდებათ პირველი ელემენტები, სიტყვათა თანმიმდევრობა და ა.შ. ზეპირად დასწავლისას იჩრდილება მასალის აზრობრივი მხარე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექსტის ზეპირად თხრობა. დაზეპირება მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მოსწავლე ძალაუნებურად მეტ ყურადღებას აქცევს სიტყვათა ზუსტ, თანმიმდევრულ დასწავლასა და მათ სწორად გადმოცემას, ვიდრე ცალკეული ფრაზების ანალიზსა და მთავარი სათქმელის განსაზღვრას. მოზარდს ზეპირად სწავლა ვარჯიშის შედეგად შეძენილ ჩვევად უყალიბდება. დასწავლის ასეთი წესით იზრდება მხოლოდ დახსომების ეფექტი, ხოლო შეფასების, ანალიზის, სინთეზის უნარი მცირდება. ზეპირად სწავლას ნებისყოფა, შრომა და დრო სჭირდება. მოსწავლეს უჭირს, ერთ დღეში ზეპირად ისწავლოს "ლურჯა ცხენები" ან ავთანდილის ანდერძი, მაშინ როდესაც სხვა საგნებიც აქვს მოსამზადებელი. ამ შემთხვევაში მოსწავლის მოტივაცია მცირდება, იგი ინტერესს კარგავს საგნის მიმართ.
იმისთვის, რომ მოსწავლემ ადვილადაც ისწავლოს და ინტერესითაც, აუცილებელია, თავდაპირველად მას ძნელად გასაგები მასალის "მონელებაში" დავეხმაროთ. აზრობრივად უკეთესი დაუფლება, სიღრმისეული გააზრება აუმჯობესებს რეპროდუქციას და ძალდაუტანებლად ილექება ცნობიერებაში. მასალის გაანალიზების შემდეგ დასწავლის უნარი მნიშვნელოვანი ხარისხით ვითარდება. მსჯელობა ეხმარება მოსწავლეს საკითხის განზოგადებაში, ტექსტის გახსნასა და სიღრმეების წვდომაში. ანალიზისას მოსწავლის აზროვნებაში თავისებურად აისახება მოვლენათა არსი, რაც დისკუსიის საგანი ხდება. გარდა ამისა, სახესიმბოლოების თავისებური გააზრება ხელს უწყობს წარმოსახვითი აზროვნების განვითარებას, რადგან სხვადასხვა მოვლენაზე წარმოდგენის შექმნა ფანტაზიის მეშვეობით შეიძლება. ტექსტზე მუშაობის აღნიშნული ფორმა მოსწავლეს უვითარებს ლოგიკურ, ვერბალურ და ცნებით აზროვნებას, რაც მას თვითშეფასებას უმაღლებს. საილუსტრაციოდ ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "ლურჯა ცხენები", რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ, რომ ადვილად და რუტინის გარეშე შეძლოს ლექსის სწავლა?
* მოსწავლე კითხულობს ლექსს რამდენჯერმე;
* აანალიზებს ფრაზებს, საუბრობს მათ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებაზე;
* საუბრობს სიტყვების სიმბოლურ დატვირთვაზე;
* ტაეპების აზრს გადმოსცემს პერიფრაზით;
* განსაზღვრავს ლექსის მთავარ სათქმელს;
* იხსენებს ალუზიურ სახეებს;
* აღნიშნავს ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელსაც ლექსი მიეკუთვნება და საუბრობს იმ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება "ლურჯა ცხენები" მივიჩნიოთ სიმბოლისტურ ნაწარმოებად;
* მოსწავლე საუბრობს იმ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებსაც ლექსი აღძრავს;
* საუბრობს მის წარმოსახვითობაზე;
* გამოყოფს ტროპული მეტყველების სახეებს;
* გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ლექსის მიმართ და საზრისს ასაბუთებს.
ამგვრად შესწავლილი მასალა ავითარებს მოსწავლის აზროვნებას, აძლიერებს ანალიზის უნარს და აუცილებლობას აღარ წარმოადგენს პროგრესული დასწავლის წესის გამოყენება, რადგან მოსწავლე საკუთარ თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავისუფლად შეძლებს ლექსის ზეპირად დამახსოვრებას. ტექსტის "გაშიფვრა" თვალსაჩინოს ხდის მის არსს. შტრიხების, მოვლენების წამოწევა განაპირობებს ცალკეული ფრაზების უნებლიე დამახსოვრებას.
მასალის ათვისების ამ ორ მოქმედებას შორის განსხვავება უდავოა. ის, რაც დროის გარკვეულ პერიოდში გაუანალიზებელი, არსგაურკვეველი ფრაზების ხშირი გამეორებით მიიღწევა, პროგრესულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ასეთი წესით დასწავლა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემები

ავტორი: მაია ინასარიძე
გააზრებული კითხვისა და წერის უნარის განვითარება არ არის მხოლოდ მშობლიური ენის, როგორც საგნის, მიზანი. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი.

არსებობს უნივერსალური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ საგანში ეფექტიანია. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია - „დაკარგული სიტყვები" - წინა სტატიაში შემოგთავაზეთ. ამჯერად გთავაზობთ კიდევ ერთს - გაგებისა და ანალიზის მარტივ სქემებს.

ეს სქემები წარმოადგენს ერთგვარ ტრაფარეტს, რომელიც:
ააქტიურებს ახლად ათვისებულ ინფორმაციას.
აძლევს მოსწავლეს საშუალებას, შეაჯამოს მოსაზრებები წაკითხულის შესახებ.
აჩვევს სტრუქტურირებულ მსჯელობას.
აძლევს მოსწავლეს საშუალებას, გამოყოს მთელისაგან ნაწილი და, პირიქით, გაამთლიანოს მიღებული ინფორმაცია, განასხვავოს მნიშვნელოვანი ნაკლებ მნიშვნელოვნისაგან.
უადვილებს აზრის მოკლედ და ლაკონიურად ჩამოყალიბებას.
ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევებს.
აძლიერებს მოტივაციას.
გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების საშუალებით შეიძლება პერსონაჟის დახასიათება/პერსონაჟების შედარება, მნიშვნელოვანი იდეის განსაზღვრა, წაკითხულის რეზიუმირება, ძირითადი ცნებების განმარტებათა ჩამოყალიბება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ახსნა და სხვა. ყველაფერი ეს უკავშირდება წერის უნარის განვითარებასაც. დასამალი არ არის, რომ ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ დასაწერად თხზულებებს, რომლებიც მათგან მსჯელობას მოითხოვს. იმის გამო, რომ დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ აზრის წერილობით ჩამოყალიბების ჩვევა, მათთვის ასეთი დავალებები ზედმეტად რთულია და ამიტომ მოტივაციაც იკლებს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსწავლეები მასწავლებლის მიერ კლასში წამოჭრილ საკითხზე საინტერესო აზრებს გამოთქვამენ, მაგრამ როცა იმავე აზრების გამთლიანებასა და წერილობით ჩამოყალიბებაზე მიდგება საქმე, უჭირთ მწყობრი, სტრუქტურირებული მსჯელობა. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება მათ გაგებისა და ანალიზის სქემები აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სქემები მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებასთან ერთად წერისათვისაც ამზადებს. მათთვის წერის დამღლელი და რთული პროცესი სახალისო და შედარებით ადვილად დასაძლევ საქმედ იქცევა. ისინი თანდათანობით, ნელ-ნელა, მათთვის შუმჩნევლად ითვისებენ შინაარსისა თუ მსჯელობის სტრუქტურულ ჩარჩოს. შეიძლება ბევრმა ამაში ერთფეროვნებისა და მსჯელობის შეზღუდვის რისკი დაინახოს, მაგრამ სხვის (ძირითადად უფროსების) მიერ დაწერილისა და საკუთრად გასაღებულის ნაცვლად საწერი დავალებისათვის მოსამზადებლად საწყის ეტაპზე ასეთი ჩარჩოს გამოყენება დასაშვებია. მეტიც -სასარგებლო.

გთავაზობთ გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემების რამდენიმე ვარიანტს.

მოთხრობის შეჯამება ერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციით.

ჩვენი მოთხრობა არის _________ შესახებ.

------ არის მნიშვნელოვანი გმირი (მოქმედი პირი) იმიტომ, რომ იგი ცდილობს ----------

მოთხრობა თავდება, როცა ----------



მსგავსი სქემის გამოყენება შესაძლებელია ისტორიული გმირის შესახებ ინფორმაციის შესაჯამებლად. მაგალითად,



_________ (გმირის სახელი)______ ისტორიაში შევიდა, როგორც ---------------

ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი დამსახურება არის ის, რომ ----------


ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ---------------------------------


მნიშვნელოვანი პრობლემისა და მისი გადაჭრის გზის შესახებ.

მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ ---------------------
ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ---------------------
პრობლემა გადაიჭრება, როცა ----------------------------
და/ან პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ ------------------- .

ტექსტში მოთხრობილი ამბის დროისა და ადგილის განსაზღვრა.

ამბავი ხდება (როდის?) ----------------

ასე ვფიქრობ, რადგან _______
სხვა მინიშნებები, რომლებიც გვიჩვენებს, როდის მოხდა ეს ამბავი, არის __
ადგილს, სადაც ხდება მოქმედება, ავტორი აღწერს ამგვარად: ____________

პერსონაჟის დახასიათება.

________ არის მთავარი და მნიშვნელოვანი გმირი ამ მოთხრობაში. _____________

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ___________________

ერთხელ ის _______________
სხვა დროს __________________
მე ვფიქრობ, რომ ______(გმირის სახელი)---------- არის _________ (გმირის ხასიათის თვისება)_______, რადგან

პერსონაჟების შედარება.

_________ და _________ამ მოთხრობის ორი გმირია. ____(გმირის სახელი) __________ არის ____________

(გმირის ხასიათი/თვისება) -----------------------------
მაშინ, როცა ____________(გმირის სახელი) ------------- არის ___________ (გმირის ხასიათი/თვისება) _______________.
მაგალითად, ____(ერთი)____________ ცდილობს ________________

_______(მეორე)_____________, პირიქით, ______________
ორივე არის _________ (საერთო თვისება/თვისებები) ____________

ასეთი სქემის მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენება შეიძლება ორი მოვლენის / ორი ცნების შესადარებლადაც.

ცნობილია, რომ მოსწავლეებს ხშირად ესმით ცნების, ტერმინის არსი, მაგრამ უჭირთ მისი განმარტების ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანია ასეთი სქემის გამოყენება. მოსწავლეების ინტერესს გაზრდის ისიც, თუ მათ მიერ შევსებული სქემის საფუძველზე ჩამოყალიბებულ განმარტებას ისინი შეადარებენ სახელმძღვანელოში მოცემულ განმარტებას, აღმოაჩენენ მსგავსება-განსხვავებას.

კლასში შესაძლებელია რამდენიმე სქემაზე მუშაობა ერთდროულად. სასურველია, თუ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს შესავსებად მივცემთ თითო სქემას. ეს საშუალებას მოგვცემს ტექსტის თითქმის ყველა ასპექტი გავააზრებინოთ მოსწავლეებს და მსჯელობის სხვადასხვა მოდელი მივაწოდოთ.
ჯგუფში მუშაობა და სქემის ერთობლივად შევსება იმით არის გამართლებული, რომ მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას, ერთად ეძებენ და პოულობენ შესაბამის სიტყვებს/ცნებებს, არგებენ ფრაზებს მოცემულ ტრაფარეტს. ასეთ დროს კითხვის პროცესი ხდება უფრო საინტერესო და ნაყოფიერი (სქემის შესავსებად მოსწავლეები რამდენჯერმე უბრუნდებიან ტექსტს), მოსწავლეები იყენებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს/ტერმინებს. მათ ადვილად ამახსოვრდებათ არსებითი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დეტალები ტექსტიდან.
მასწავლებლებს შეუძლიათ ამ სქემების მოდიფიცირება, გართულება ან გამარტივება საგნის სპეციფიკის, კლასის დონისა და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად.