суббота, 13 сентября 2014 г.
пятница, 12 сентября 2014 г.
четверг, 11 сентября 2014 г.
четверг, 3 апреля 2014 г.
როგორ მოვემზადოთ კარგი პრეზენტაციისთვის
ავტორი: სოფიკო ლობჟანიძე | ||||||||||||
თარიღი: 07 მაისი 2012 | ||||||||||||
რა არის პრეზენტაცია? პრეზენტაცია არის რაიმე საკითხისსაჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის - მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის - წინაშე. რა უნდა გავითვალისწინოთ პრეზენტაციის მომზადებისა და წარმართვისას პრეზენტაციის დაგეგმვა სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები: აუდიტორია მომხსენებლის უმთავრესი ამოცანა აუდიტორიის დაინტერესებაა, ამიტომ გამოსვლის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა მომზადება და მოთხოვნები: რა იციან მათ ამ თემის შესახებ? რისი გაგება სურთ ჩვენგან და რააღუძრავს მათ ინტერესს ამ თემასთან მიმართებით? რა მოცულობისა და სირთულის ინფორმაციის ათვისება და გააზრება შეუძლიათ თემის შესახებ? რაურთიერთობა გვაქვს მათთან? რამდენად ფორმალური ან არაფორმალური შეიძლება იყოს ჩვენი პრეზენტაცია? თუ აუდიტორიას თქვენი კოლეგები წარმოადგენენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციფიკური ტერმინოლოგია, მოახდინოთ საკითხის ღრმა ანალიზი; თუ აუდიტორია სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან შედგება, მაშინ პრეზენტაცია უფრო ზოგადინფორმაციული ხასიათისა უნდა იყოს. პრეზენტატორის გამოსვლის სტილი მსმენელთა რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. თუ აუდიტორია არ აღემატება 10-12 კაცს, რეკომენდებულია არაფორმალური საუბარი. მას ხშირად დისკუსიის ხასიათი აქვს. დიდ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს კი პრეზენტაცია დისკუსიის რეჟიმშივერ წარიმართება, ამიტომ იგი მეტად უნდა იყოს სტრუქტურირებული, მოხდეს უფრო მეტი ვიზუალიზაცია, ყველა საკითხს გაეცეს მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი. პრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ. პრეზენტაციის თემა, მიზანი და შინაარსი პრეზენტაციის როგორც თემა, ასევე მიზანი მსმენელთა აუდიტორიას უნდა მიესადაგებოდეს. მიზნის განსაზღვრა წინაპირობაა იმისა, რომ პრეზენტაციის დროს მაქსიმალურად კონკრეტულნი ვიყოთ.მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზით შეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთ პრეზენტაციის შინაარსი. შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:
პრეზენტაციის ხანგრძლივობა რაც უფრო ხანმოკლეა პრეზენტაცია, მით უფრო რთულია მისი ეფექტურად წარმართვა, რადგან პრეზენტატორს ხშირად არ ჰყოფნის დრო, რათა სრულად განიხილოს საკითხი და აუდიტორიისგან უკუკავშირი მიიღოს. სასურველია, პრეზენტატორმა თავისი გამოსვლა წერილობით ჩამოაყალიბოს, მაგრამ პრეზენტაციისას მხოლოდ გეგმით ან თეზისებით ისარგებლოს და ზეპირად მიმართოს აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას შემატებს. +ექსპერტებიგვირჩევენ, პრეზენტაციის წინ კოლეგასთან გავიაროთ სრული რეპეტიცია თვალსაჩინოების, შესავალი სიტყვის, მოხსენების ძირითადი ნაწილისა და დასკვნების გამოყენებით. ეს თავიდან აგვაცილებს იმ მღელვარებას, რომელიც გველის სიტყვით გამოსვლის წინ. მოხსენების/პრეზენტაციის ეფექტიანად დაწყება და ეფექტიანად დამთავრება დასაწყისიდა დასასრული პრეზენტაციის ხერხემალია. ეფექტიანი დასაწყისით მივიპყრობთ მსმენელის ყურადღებას და მოტივაციას აღვუძრავთ მას, ჩაერთოს მოხსენებაში, ამიტომ ეს ნაწილი განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დამსწრეთა დიდმა ნაწილმა პრეზენტაციის დასაწყისიდანვე არ დაგიგდოთ ყური და პასიურ მსმენელად იქცეს. დასასრულიამთლიანებს პრეზენტაციას და მეხსიერებაში რჩება მსმენელს. პრეზენტაციის სუსტი მხარეები, რომლებიც მოხსენების შუაში შეიძლება გაგვეპაროს, დავიწყებას მიეცემა, თუ დასასრული ლოგიკური, გააზრებული და შინაარსიანი იქნება. უნდა ვეცადოთ, პრეზენტაცია პოზიტიურად დავასრულოთ. ეს დაეხმარება მსმენელებს, კარგი განწყობით დატოვონ აუდიტორია. სასურველია, მომხსენებელმა აუდიტორიას დაუტოვოს საფიქრალი თემა, რომელიც მას განხილულ საკითხთან მიაბრუნებს. შექმენითშინაარსობრივი ჩარჩო კარგიპრეზენტაციით ჩვენ უნდა მივიღოთ კარგად სტრუქტურირებული ინფორმაცია, რომელიც დასაწყისიდან დასასრულამდე ინტერესის აღმძვრელი იქნება. პრეზენტაცია ძირითადად ასე უნდა იყოს სტრუქტურირებული: 1. შესავალი
2. ძირითადი ნაწილი
3. დასკვნა.
მსმენელთა აუდიტორიისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც პრეზენტაციის მომზადებაში დაგვეხმარა, მადლობის გადახდა. აუდიტორიამ პრეზენტაცია ადვილად რომ გაიაზროს, სასურველია, მივაწოდოთ მხოლოდ მთავარი საკითხები. კვლევები ადასტურებს, რომ ზეპირი პრეზენტაციის დროს აუდიტორიას შეუძლია აითვისოს არა უმეტეს ათი საკითხისა, რომლებიც დაახლოებით სამი სათაურით არის გაერთიანებული. მას შემდეგ, რაც პრეზენტატორი ძირითად ნაწილში სათითაოდ მიმოიხილავს ძირითად საკითხებს, აჯამებს ნათქვამს და შესაბამისი დასკვნები გამოაქვს. მნიშვნელოვანია, თემა არ იყოს მშრალი და მხოლოდ თეორიულ მასალაზე დაფუძნებული. ის უნდა შეივსოს საინტერესო მაგალითებით, რომლებიც თემას შეესატყვისება. სწორედ საინტერესო მაგალითები იძლევა საშუალებას, აუდიტორიამ უკეთ აღიქვას მოსმენილი და დიდხანს დარჩეს იგი მეხსიერებაში. მოხსენება უფრო მიმზიდველი გახდება, თუ პრეზენტატორი პრეზენტაციის დასაწყისში დასვამს კითხვებს, რომლებსაც დასასრულს დასკვნის სახით უპასუხებს. შეიძლება ასევე, პრეზენტაცია დავიწყოთ და დავასრულოთ რაიმე სახალისო ისტორიით, რომელსაც, ბუნებრივია, საპრეზენტაციო თემასთან ექნება კავშირი. პრეზენტაციის გამჭვირვალედ დაგეგმვა პრეზენტატორი უნდა შეეცადოს, მსმენელის ყურადღება და კონცენტრაცია მთელი პრეზენტაციის განმავლობაში არ მოდუნდეს. გამჭვირვალე დაგეგმვის გარეშე ადვილად გაწყდება მსმენელთან კავშირი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძნელია. ამიტომ გირჩევთ, მოხსენების დასაწყისში აუდიტორიას მოკლედ გააცნოთ პრეზენტაციის გეგმა (რა საკითხებს შეეხებით და რა თანამიმდევრობით) და ყოველი ნაწილის დასასრულს თითო წინადადებით შეაჯამოთ იგი. ასეთი დამოკიდებულება მოხსენებას სტრუქტურირებულ სახეს აძლევს, რაც მსმენელს მოსმენილის ცალკეულ თემატურ ბლოკებად დალაგებას უადვილებს. გონივრულია ასევე, ცალკეული შინაარსობრივი პუნქტები ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინოთ ეკრანზე და აჩვენოთ აუდიტორიას. ასე დამსწრეებს ეცოდინებათ, სად არის ამჟამად შეჩერებული მომხსენებელი და კიდევ რამდენი დარჩათ მოსასმენი. მაშასადამე, შესავალ სიტყვაში აცნობთ მსმენელებს, რა თემაზე ისაუბრებთ და როგორ გაქვთ ეს სტრუქტურირებული (მთავარი საკითხები თანამიმდევრობით); საუბრის შუაში გაშლით ამ საკითხებს, ხოლო ბოლოს შეაჯამებთ ნათქვამს (მთავარ საკითხებს) და დასკვნებს გამოიტანთ. რესურსებისგონივრული გამოყენება რესურსების სწორი ჩართვა მოხსენებას ეფექტურს ხდის და მსმენელებს პრეზენტაციის აღქმას უადვილებს. თუმცა ცუდ პრეზენტაციას ვერავითარი ვიზუალიზაცია (Power Point-ი, ვიდეოფილმები, სტენდები და სხვ.) ვერ გახდის საინტერესოს. გაუაზრებლად ჩართულმა ვიზუალიზაციამ კი შესაძლოა კარგი პრეზენტაცია დაანგრიოს. ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმის მონაცვლეობითი გამოყენება პრეზენტაციას აცოცხლებს. კარგი იქნება, თუ დამატებით რესურსად გამოვიყენებთ ჰენდაუტებს. ამ შემთხვევაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ, ძირითად ინფორმაციას მოგვიანებითაც გაეცნონ, მაგრამ მას აქვს სუსტი მხარეც - არსებობს საფრთხე, რომ მსმენელი პრეზენტაციის პროცესში გაერთოს მისი კითხვით და პასიურ მსმენელად იქცეს. ამიტომ ვურჩევთ პრეზენტატორს, ჰენდაუტები პრეზენტაციის დასასრულს დაარიგოს. მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოება იყოს აუდიტორიისთვის ადვილად აღსაქმელი, წარმოდგენილი მხოლოდ ძირითადი პოსტულატების სახით, რომლებსაც პრეზენტატორი საუბრისას ახსნის. ისევე, როგორც სახლისთვის - სახურავი, პრეზენტაციისთვის აუცილებელია კარგად მიგნებული ვიზუალიზაცია. მაგრამ სახურავი (ვიზუალიზაცია) ფუნდამენტის (შინაარსის) და კედლების (სტრუქტრურის) გარეშე უსარგებლოა. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენება წარმატებული გამოსვლისთვის საჭიროა, აუდიტორიასთან კონტაქტი დამყარდეს. გამოსვლისას გასათვალისწინებელია ხმის ტემბრი, რომელიც აუდიტორიის ზომაზეა დამოკიდებული. დგომა, ჟესტები ბუნებრივი უნდა იყოს, მეტყველება - გამართული და მშვიდი, წინადადებები - მარტივი. მომხსენებელმა თავი უნდა აარიდოს თემიდან თემაზე გადახტომას - ეს აუდიტორიას კონცენტრირებაში შეუშლის ხელს. როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია? პრეზენტაციის დაგეგმვის, მზადებისა და წარდგენის პროცესში გამუდმებით უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებასა და პრეზენტაციის უნარების დახვეწაში დაგვეხმარება. გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სარეკომენდაციო რუბრიკას: პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური ცხრილი
მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთ გააზრებული პრეზენტაციისთვის?
|
ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების ისტორიულ-კულტურული ანალიზი
| |||
როგორ ვწეროთ ესე
| |||
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს თხზულების წერა
ავტორი: თინათინ სახელაშვილი |
ჩვენში, როდესაც ქართულ ტრადიციებზე იწყებენ საუბარს, პირველად ქართულ სუფრას და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს ახსენებენ ხოლმე, თუმცა ქართველებს სხვაც ბევრი ტრადიცია გვაქვს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებოა.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მონდომებით გვაწერინებდნენ სკოლაში თხზულებებს და როგორ ჰგავდა ეს თხზულებები ერთმანეთს. რად ღირს თუნდაც "ვეფხისტყაოსანი” და მისი პერსონაჟები, რომელთა დახასიათება ნახევარმა საქართველომ ზეპირად იცოდა... თუ ვინმე საკუთარი აზრის გამოთქმას გაბედავდა, ეს უთუოდ შეცდომად ჩაეთვლებოდა. ამან განაპირობა მოზარდთა ნეგატიური დამოკიდებულება მშობლიური ლიტერატურის მიმართ. საკუთარი თვალთახედვის გადმოცემა ვერასოდეს მოუტანდა დამწერს ისეთ წარმატებას, როგორსაც რომელიმე "გარჩევის წიგნიდან” გადმომღერებული სხვისი ნააზრევი, რომელიც ხშირად სრულიად არ შეესაბამებოდა მოსწავლის ასაკსა და ინტელექტს. იქნებ ბევრმა გამკიცხოს კიდეც ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, ვინც უთუოდ დამეთანხმება. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ გაგიღიმებდა ბედი, როგორი მასწავლებელი შეგხვდებოდა...
როგორც ამბობენ, ჩვენ ვართ უნიკალური ერი, რომელმაც ზეპირად იცის უამრავი ლექსი და პარადოქსია, მაგრამ მათ მნიშვნელობაზე ხშირად წარმოდგენა არ გვაქვს. მოზარდები სწავლობენ ისე, რომ არ ესმით შინაარსი, მოსწონთ ლამაზად გარითმული სიტყვები, მაგრამ მათ მიღმა ვერ ხედავენ ავტორს და მის სულიერ სამყაროს, არადა, უმთავრესი ხომ ეს არის...
სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი პედაგოგი ვერც დღეს შელევია წარსულს. ვერ შელევია, მიუხედავად რეფორმისა, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდა და მეხსიერების ფუჭ ვარჯიშს კი არა, ცოდნის დონის ამაღლებას, აზროვნების განვითარებას გულისხმობს. ზოგიერთი მასწავლებელი მიმართავს ზეპირობის, ზუთხვის მეთოდს, რაც თავისთავად მცდარი და უეფექტოა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ჩვენში კი ამ ჩვეულებას ფესვები ღრმად გაუდგამს.
ალბათ, ამის ბრალია, რომ საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენისა და ლიტერატურის, მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა, რაც თავისთავად ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თანამედროვე განათლების სისტემა იმისკენ არის მიმართული, რომ მოსწავლეები იყვნენ უფრო დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი სურვილისა და აზრის გამოხატვის საშუალება, საკუთარი შეხედულებისამებრ იფიქრონ და იმსჯელონ. ამაში მათ მასწავლებელი უნდა დაეხმაროს. ის უნდა იყოს, თუ ვიგოტსკის დავესესხებით, "ხარაჩო", საყრდენი, რომელიც მოსწავლეს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. მოპოვებული და ნასწავლი კი ბავშვმა თავად უნდა შეაჯეროს და სხვის ჩაურევლად გადაიტანოს ფურცელზე.
რა არის წერა და რაში სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელსაც ტექნიკური მიღწევების ეპოქაში უწევს ცხოვრება, წერითი კულტურის გაღრმავება და განვითარება?
წერა არის ინდივიდის კომუნიკაცია საზოგადოებასთან. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალურიც და არავერბალურიც და ეს უკანასკნელი ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზეპირი კონტაქტი. საკუთარი ნაფიქრალის, ნააზრევის გადმოცემას ბევრი წერილობით უკეთ ახერხებს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, ნაწილობრივ თავისუფლდება გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან, ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია.
წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა არის თემა. თემა არის ის ძირითადი საკითხი, რომელსაც ეხება თხრობა; იდეა, აზრი, რომელიც მკითხველმა უნდა ამოიცნოს ნაწარმოებში. ამის კვალობაზე, თუ მოსწავლეს ნაწარმოები დასაწყისიდან დასასრულამდე დაწვრილებით და ზედმიწევნით არ განვუმარტეთ, არ დავანახეთ პრობლემა, ის ვერასოდეს მიხვდება, რა ან რატომ უნდა დაწეროს.
ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა - მინიშნება მთავარ იდეაზე. მოსწავლემ დამოუკიდებლად ან მასწავლებელთან ერთად უნდა იპოვოს ეს მინიშნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოს არის მოცემული. ზოგჯერ ტექსტის ამოხსნა ბოლოდან იწყება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მთავარი იდეა მძივივით აკინძოს და გაამთლიანოს.
ლიტერატურა ხელოვნებაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ ჩვენგანში ის სხვადასხვა გრძნობას იწვევს. სწორედ ეს გრძნობა და საკუთარი შეფასება უნდა გამოხატოს ბავშვმა ნაწერში. თუ მასწავლებელი შეძლებს, მოსწავლეს ისე გაუწიოს დახმარება, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს, ვფიქრობ, პრობლემაც მოგვარდება. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. თუ შეიძლება, მოზარდს ასწავლო ხატვა, რატომ ვერ ასწავლი თხზულების წერას? ვგულისხმობ პროგრამით გათვალისწინებულ თემებს და არა თავისუფალ შემოქმედებას, რადგან თავისუფალი თემის წერა ერთგვარი ნიჭია, რომელიც მდიდარი შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავია. წიგნიერი ცოდნა კი ის არის, როდესაც მოსწავლემ იცის მხატვრული ხერხების სწორად გამოყენება, ფრაზების, სიტყვების სწორად შეკავშირება. არის შემთხვევები, როცა ნაწერი არც ისე გამართულია, მაგრამ მასში იგრძნობა ინდივიდი. ზოგჯერ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მეტად საგულისხმოა. ნაწერი ძალზე ღირებულია მაშინ, როდესაც ექსპრესიულია, მხატვრულ-გამომსახველობითი. ტროპული მეტყველება ნაწერს განსაკუთრებით ამდიდრებს. ჯერ კიდევ რომაელი ორატორი მარკუს ფაბიუს კვინტილიანე ამბობდა, რომ "ტროპი სიტყვის საკუთარი მნიშვნელობის ისეთი შეცვლაა, როცა ეს მნიშვნელობა მდიდრდება. აქვე დავძენ, რომ თავისუფალი თემა მაშინ იწერება კარგად, როცა მოსწავლეს სწავლის პირველი, დაწყებითი საფეხური უკვე გავლილი აქვს და მისი ცნობიერება განვითარების გარკვეულ დონეს აღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, ბუნებასთან ურთიერთობა, ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში მოზარდს სრული თავისუფლება ეძლევა, მისი ჩარჩოში მოქცევა, რამის მითითება გაუმართლებელია. ასეთ ბავშვებს არც "საყრდენი" სჭირდებათ და არც მინიშნებები.
სწავლების დროს გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა მოზარდი მისი ასაკისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რომელიც ეხმარება და უმდიდრებს ფანტაზიას. კითხვის მოყვარულ ბავშვებს აქვთ მდიდარი ლექსიკა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს. აქვე ვახსენოთ კონსტრუქტივისტული აზროვნებაც, რაც საკუთარ ცოდნაზე დამყარებით ახალი ცოდნის აგებას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს საჭირო თეორიაა, რომელიც ძალზე აადვილებს მოსწავლის შემეცნებითი უნარის განვითარებას. როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, თუ ლექსიკური მარაგი მწირი აქვს, კარგი თხზულების დაწერა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება გაუჭირდება. ამგვარად, გამოსავალი ერთია: წიგნიერი ცოდნის შეძენა.
წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ფსიქოლოგები კალიგრაფიით ადამიანის ხასიათის შტრიხებსაც კი ამოიცნობენ ხოლმე. ყველას როდი შეუძლია, წერის დროს მხატვრული ხერხები გამოიყენოს და თხრობა უფრო მიმზიდველი გახადოს, მაგრამ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამართული წინადადების აგება უნდა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას დაასრულებს.
მასწავლებელს ევალება, ბავშვს წერა შეაყვაროს. მე, როგორც მშობელსა და მასწავლებელს, გაუმართლებლად მიმაჩნია, როდესაც მოსწავლეს აძლევენ წერით დავალებას, თხზულებას პროგრამით გათვალისწინებულ თემაზე, და მასწავლებელი ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება თემის გაშლა, სხვადასხვა კუთხით განხილვა, - ის მხოლოდ სათაურს ასახელებს და დანარჩენზე მოსწავლემ, დაე, თავად იმტვრიოს თავი.
სათაური ვახსენე. ეს ერთ-ერთი საყურადღებო დეტალია, რომელიც დაწვრილებით უნდა იქნეს ახსნილი. ბავშვმა უნდა გაიგოს, რას ითხოვენ მისგან. ვფიქრობ, არავინ შემედავება, რომ შეუძლებელია თხზულების დაწერა, თუ ვერ ხვდები სათაურის აზრს. წერის კულტურის განვითარება მხოლოდ პუნქტუაციის წესების დაცვა როდია; ეს ის დეტალებია, რომლებიც საბოლოოდ კრავს ნაწერს, მთავარი კი სულ სხვა რამაა.
როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრესულად, ლოგიკურად და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი თაობისთვის დაუსწავლელი არაფერია. მითი იმის შესახებ, თითქოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე რთული თხზულების წერაა, იმ ადამიანების შეთხზული მგონია, ვისაც სერიოზულად არასდროს უფიქრია ამის შესახებ. სირთულე ტექსტის იდეის ამოცნობა და წვდომაა, თორემ თხზულებები ცოდნასთან ერთად თავისთავად იწერება, ჯერ - მოსწავლის გონებაში, მერე კი ფურცელზე. პრობლემა გაგებაა და არა გაგებულის თხზულებაში გადმოტანა. მასწავლებლის უმთავრესი მოვალეობა კი საპროგრამო მასალის სწორად ახსნა, სინთეზურად მსჯელობა და გადმოცემაა.
|
ქართული ლიტერატურა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორია
| |||
ინტერაქციულობა და ქართულის გაკვეთილები
ავტორი: ქეთო ნინიძე |
ნაწილი პირველი მოსწავლე სუფთა დაფა რომ არ არის, ამის შესახებ ევროპელი ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, თითქმის, საუკუნეა წერენ. საგანმანათლებლო პროცესების დემოკრატიზაციას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ჩაეყარა საფუძველი ჯონ დიუისა და მის თანამედროვეთა თეორიებში. დიუის მიდგომის თანახმად, ერთმანეთს არსებითად ემიჯნება "სწავლებისა" და "სწავლის" ცნებები. საგანმანათლებლო პროცესის უმთავრეს გამოწვევად მოიაზრება ექსპერიმენტული შესაძლებლობების გაფართოება და ყოფითი, ცხოვრებისეული გამოცდილების ადეკვატური გარემოს შექმნა სასწავლო სივრცეში. დიუისა და მონტესორის კონცეფციები საფუძვლად დაედო კონსტრუქტივიზმსა და ჰუმანიზმს, როგორც განათლების თეორიებს.
1946 წელს თავის ერთ-ერთ საეტაპო ნაშრომში "განათლება ახალი სამყაროსთვის” მარია მონტესორი წერდა, რომ განათლება არ არის ის, რასაც მასწავლებელი გვაძლევს; განათლება ინდივიდის მიერ სპონტანურად მიღწეული ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ვიღებთ არა მოსმენის, არამედ განსაზღვრულ გარემოში მიღებული გამოცდილების ხარჯზე. სწორედ გამოცდილების დაგროვება, არსებულ ცოდნაზე ახლის დაშენების შესაძლებლობა გახდა კონსტრუქტივიზმის მთავარი პოსტულატი. თავის მხრივ, კონსტრუქტივიზმი როგორც თეორია საგანმანათლებლო პრაქტიკებში წაახალისებს სწავლის ინტერაქციულ მეთოდებს.
მოსწავლეზე ორიენტირებული ლიბერალური მიდგომები დასავლეთის ქვეყნებში მე-19 საუკუნემდე ფეხს ვერ მოიკიდებდა, რადგან მანამდე ბავშვი არ წარმოედგინათ დამოუკიდებელ ინდივიდად. ის აღიქმებოდა როგორც "პატარა დიდი”. მე-19 საუკუნიდან კი ბავშვის ქცევა, აზროვნების სტილი და გემოვნება განიხილებოდა როგორც თავისთავადი და არა დუბლიკატური მოვლენა. ეს პროცესი მხოლოდ მეცნიერთა ყურადღების ფოკუსში კი არ მოექცა, არამედ შესაბამისი რეფლექსიებით აღიბეჭდა ხელოვნებაში. თვით ისეთ სფეროსაც კი, როგორიც ბავშვთა მოდაა, მე-19 საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი.
ქართულ ლიტერატურასა და საგანმანათლებლო გარემოშიც ბავშვი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა, როდესაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რეგიონების მიუვალ სოფლებში დაიწყო ბიბლიოთეკებისა და სკოლების გახსნა. დაახლოებით ამავე პერიოდში დაარსდა ქალთა რამდენიმე საზოგადოება, რომელთა მიზანი იყო სოციალურად დაუცველ ბავშვთა განათლების ხელშეწყობა. ორგანიზაციის აქტიური წევრები (ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია) ქმნიდნენ ლიტერატურას ბავშვებზე და ბავშვებისთვის.
საბჭოთა სკოლაში მოსწავლის როლი მაქსიმალურად იყო შესუსტებული, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა დონეზე _ გაკვეთილის სტრუქტურასა და გაკვეთილის მსვლელობისას გამოყენებული პედაგოგიკური მეთოდების ხასიათითაც (აქტიური მასწავლებელი:პასიური მოსწავლე/მოუბარი მასწავლებელი:მსმენელი მოსწავლე). ყოველივე ეს ტოტალიტარული სისტემის ლოგიკით შეიძლება აიხსნას _ საბჭოთა კავშირის მიზანი არ იყო აქტიური, კრიტიკული და დამოუკიდებელი მოქალაქის აღზრდა. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ სასწავლო პროცესი საქართველოში ინტერაქციულ სწავლებას და იმ ფილოსოფიას ემყარება, რომლის მიხედვით, თავად ამ პროცესის ცენტრში მოსწავლე დგას.
რა განასხვავებს თანამედროვე სკოლას საბჭოთა პერიოდის სასწავლო გარემოსგან მაშინ, როდესაც ცოდნის მიმღები და საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ბენეფიციარი ძველ სისტემაშიც მოსწავლე იყო? რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ თანამედროვე სწავლების თეორიები მოსწავლეზე ორიენტირებულია? უმთავრესი ცვლილება და მიდგომათა განსხვავება უნდა გავიგოთ ასე _ დღეს მოსწავლეები სასწავლო პროცესის პასიური შემსრულებლები კი არ არიან, არამედ აქტიურად მონაწილეობენ სისტემის მართვაში. შესაბამისად, აქტუალურობას კარგავს უფროსებზე (მასწავლებლებსა და მშობლებზე) მორგებული "ღონისძიებები", "ღია გაკვეთილები", "ბანკეტები" და სხვა აქტივობები, სადაც მოსწავლეები სხვათა კარიერული წინსვლის ინსტრუმენტებად დარჩებიან. სასკოლო კურიკულური და ექსტრაკურიკულური აქტივობების მიზანი მხოლოდ მოსწავლეთა სასწავლო და სოციალური უნარების განვითარება უნდა იყოს.
რა როლი შეიძლება დაეკისროს ქართულის სწავლებაში ინტერაქციას? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21-ე საუკუნეში არა მხოლოდ მოსწავლე-მკითხველი, არამედ, საზოგადოდ, მკითხველი უფრო აქტიურია, ვიდრე ოდესმე. ამას განაპირობებს კულტურალურ თავისებურებათა წყება, რაც პოსტმოდერნისტულმა ესთეტიკამ მოიტანა. მხატვრულმა ტექსტმა დაკარგა ის ფორმობრივი და ნარატიული მთლიანობა, რაც ე.წ. კლასიკურ ლიტერატურას ახასიათებდა. ნაწარმოებში ძველებური სიმძლავრით აღარ ისმის ავტორის ხმა, რომელიც ამთლიანებდა სიუჟეტურ ქარგასა და თხრობის სხვადასხვა მოდალობას. მე-20 საუკუნის ლიტერატურული თეორიების საფუძველზე ავტორის როლი ტექსტში საგრძნობლად შესუსტდა, მისი სოციალური ფუნქცია რა ხანია აღარ იგივდება ერის წინამძღოლის ხატთან. თუ უტრირებულად გადმოვცემთ მოვლენის არსს, ავტორიტარული მწერლის ფუნქცია ლიბერალურმა პროცესმა _ მკითხველთა მიერ ტექსტის ინტერპრეტაციების განუსაზღვრელმა შესაძლებლობამ ჩაანაცვლა.
ვებ 2.0 საგანმანათლებლო ხელსაწყოებისა და ინტერაქციული წიგნების ფონზე მოსწავლეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია ქართულის მოცულობითი ტექსტების კითხვა სპეციალური სავარჯიშოების, დამხმარე მასალებისა და უკუგების გარეშე. ეს მათ ისედაც დაბალ მოტივაციას კითხვისა და სწავლის მიმართ კიდევ უფრო დაბლა სწევს. მწერლები საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ პოტენციური მკითხველი წიგნისკენ მოაბრუნონ. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენს ქვეყანაში არის აკა მორჩილაძის ინტერაქციული წიგნები "სანტა ესპერანსა" და "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი", სადაც მკითხველი წიგნის თანაავტორია არა მხოლოდ ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, არამედ ტექსტის კითხვის სტილითაც. "მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი" არ არის კლასიკური ფორმის წიგნი; ეს ყუთია, სადაც შეკრებილია საგამოძიებო მასალები: მოსაწვევი ბარათები, ბლოკნოტები, სპექტაკლის ბილეთები, დღიურები და სხვ. გამომძიებელი მისტერ დიქსლი კი თავად მკითხველია, რომელმაც ეს მასალები სიუჟეტად უნდა გაამთლიანოს და საქმის არსს ჩასწვდეს. ასეთი პროექტები წარმატებით იმუშავებს სკოლაში, განსაკუთრებით _ იმ ტექსტების სწავლებისას, რომელთა მიმართ მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ. თუკი ბავშვებს ამ ნაწარმოებებს ასეთივე საინტერესო და ორიგინალური ფორმით მივაწვდით, ისინი ხალისით შეისწავლიან საგანს და ადვილად გადალახავენ ტექსტების კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებსა და მასწავლებლის წიგნებს თუ გადავავლებთ თვალს, ცხადი გახდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათში საგრძნობლად გაიზარდა ინტერაქციულობის ხარისხი. დაახლოებით ხუთი წლის წინანდელი წიგნებისგან განსხვავებით, სადაც აქტივობის ძირითად ფორმად ჯერ კიდევ ე.წ. ფრონტალური კითხვები რჩებოდა, ქართული ენისა და ლიტერატურის ამჟამინდელი სახელმძღვანელოები მოსწავლეებს სავარჯიშოთა მეტ მრავალფეროვნებას სთავაზობს. მათში წარმოდგენილია დამხმარე მასალები: ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ამა თუ იმ კრიტიკოსის შეხედულება საანალიზო ტექსტის შესახებ და მისთ. თუმცა სასურველი იქნება, მეთოდურ მითითებებში უკეთ წარმოჩნდეს მასალების მიზნობრიობა და ის სასწავლო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც უნდა მოხერხდეს გაკვეთილზე ამ მასალების გამოყენება. სავარჯიშოების დიდი ნაწილი კვლავ "წავიკითხოთ, ვიმსჯელოთ" რუბრიკის სახით არის წარმოდგენილი, კითხვები კი თავის თავში პასუხებსაც აერთიანებს, ანუ იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ მტკიცებულების დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობაღა რჩება. ამასთანავე, გაურკვეველია, პრაქტიკულად ვისთვის არის გამიზნული ეს კითხვები, რომელთა მოცულობა და ხასიათი არ შეესაბამება საგაკვეთილო დროსა და ფორმატს. საზოგადოდ, ნუ მოვერიდებით ჩვენი სასწავლო ინსტრუმენტების არსენალიდან ზეპირი კითხვების მაქსიმალურად ამოღებას. ამით დავზოგავთ დროს და უზრუნველვყოფთ საგაკვეთილო პროცესში არა მხოლოდ სხარტად მოაზროვნე და კომუნიკაბელური მოსწავლეების ჩართვას, არამედ იმ მოზარდების გააქტიურებასაც, რომლებიც განსაკუთრებული მოხერხებულობით არ გამოირჩევიან, თუმცა მათი ცოდნა და განვითარების დონე არაფრით ჩამოუვარდება წარმატებული თანაკლასელებისას.
გაკვეთილი რომ უფრო დემოკრატიული იყოს, სახელმძღვანელო უნდა გვთავაზობდეს სხვადასხვა ფსიქოტიპის მოსწავლის, მათ შორის _ სპეციალური საჭიროებების მქონეთა გააქტიურების შესაძლებლობას. ქართულის სახელმძღვანელოების არჩევისას კათედრებმა, ვფიქრობ, სწორედ ამგვარ წიგნებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა. თუ სახელმძღვანელო ამის საშუალებას არ იძლევა, მასწავლებელს მოუხდება დამატებითი მუშაობა, რომ თავად დაგეგმოს აქტივობები, მოიძიოს დამხმარე ტექსტები, გაამდიდროს გაკვეთილი ვიზუალური ელემენტებით, შეადგინოს ტესტები, რაც მას მოსწავლეთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომისა და გაკვეთილის ინტერაქციულ რეჟიმში წარმართვის საშუალებას მისცემს.
გარკვეული გამოცდილებისა და მასალების დაგროვების შემდეგ მასწავლებელთა ჯგუფებს ან დამოუკიდებელ მასწავლებლებს თავად შეეძლებათ სახელმძღვანელოს შექმნა. როგორც ცნობილია, მოქმედი სტანდარტების მიხედვით სახელმძღვანელოს ავტორობა მხოლოდ საგნის ექსპერტებისთვის არ არის შესაძლებელი.
ინტერაქციული სწავლებისთვის აუცილებელი მასალების სიმწირის გარდა დგას მათი რელევანტურობის პრობლემა. იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის დღემდე არსებულ არც ერთ სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა არ არის გაკვეთილებად დაყოფილი, ძალიან ხშირად მასწავლებლებს უძნელდებათ გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა. ისინი კი არ ირგებენ მასალებს სასწავლო მიზნებისთვის, არამედ თავად ერგებიან არსებულს. ეს მოვლენა აფერხებს მოსწავლეთა მიერ გაკვეთილზე გაანალიზებული საკითხების რეფლექსიასა და ცოდნის გამთლიანებას. მიზნობრივი მასალების შერჩევას ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, თუ გაკვეთილი მიმართულია მოსწავლეების მიერ ჰაგიოგრაფიული ეტიკეტის (ე.წ. ჰაგიოგრაფიული შაბლონის) შესწავლისკენ, უსარგებლოა ქართული ლიტერატურული ძეგლების ხელნაწერთა ისტორიის შესახებ არსებული მასალების დამუშავება, ხოლო თუ ტექსტების ისტორიის სწავლებას ვგეგმავთ, არამიზნობრივია ამონარიდების გაცნობა ამა თუ იმ მკვლევარის სამეცნიერო ნაშრომიდან, სადაც საუბარია ჰაგიოგრაფიული ჟანრის თავისებურებებზე.
გარდა იმისა, რომ შერჩეული მასალები გაკვეთილის მიზანს უნდა მოერგოს, დიდი მნიშვნელობა აქვს მასალების ხასიათსაც. მოსწავლეებისთვის ტექსტის "გასაგებად" მეორადი ლიტერატურის მიწოდება ნაკლებად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ამ ლიტერატურაში გამოთქმულ დასკვნებამდე მოსწავლეს თავად შეუძლია მივიდეს. მაგალითად, ავერინცევის ნაშრომის ამონარიდის გაცნობას აგიოგრაფიული ნაწარმოების თავისებურებების შესახებ ჯობს, მოსწავლეებს უშუალოდ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი, სადაც ეს სპეციფიკა თავისთავად იკვეთება. სასურველია, თუ დამხმარე მასალად გამოვიყენებთ ლიტერატურის მომიჯნავე დარგებს, ამ შემთხვევაში _ იკონოგრაფიას, გალობას, ხუროთმოძღვრებას და სხვ. თუ თქვენთვის მაღალპოლიგრაფიული ენციკლოპედიები და კატალოგები არ არის ხელმისაწვდომი, უფრო მოხერხებულია ვებრესურსების გამოყენება, ხოლო თუ შესაბამისი მანიპულაციების გამოცდილება არ გაქვთ, სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს, დაგეხმარონ. ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთვებიან ამ საქმეში, თქვენც გაგიადვილებენ მუშაობას და თავადაც პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად იგრძნობენ თავს.
|
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები
ავტორი: ნათია ნაფეტვარიძე |
ქართულ სასულიერო მწერლობაში, ალბათ, არ არსებობს ნაწარმოები, რომელზეც იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, რამდენიც «შუშანიკის წამებაზე». ერთნი ამბობენ, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, მეორენი ამბობენ, არაო. მოკლედ, ამ ძეგლის თაობაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა ქართველი მკვლევარი აღიარებს, რომ ათას ხუთასი წლის წინ, V საუკუნეში, დაწერილი თხზულება, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) «შუშანიკის წამება», დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
მხატვრული ნაწარმოები, როგორც ასეთი, ყოველთვის იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას - ადამიანი მას იგებს ისე, იღებს ისე, როგორც უნდა ან როგორც უნდა რომ გაიგოს. ერთგვარი გამონაკლისი, ალბათ, ჰაგიოგრაფია და, საზოგადოდ, სასულიერო მწერლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღწერს წმინდანის წამების ან ცხოვრების ამბებს (ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ღირსებას). ამ «გამონაკლისის» გამონაკლისი კი იაკობ ხუცესის უკვდავი «შუშანიკის წამებაა», სადაც სარწმუნოებრივი კონფლიქტი ადამიანური ვნებებისა და მძაფრი ოჯახური დრამის ფონზე აიახება. ამაზე - ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ზოგად ჟანრობრივ საკითხებსა და თავისებურებებს შევეხოთ.
რა არის მიზანი ჰაგიოგრაფიული მწერლობისა? რატომ სურს ჰაგიოგრაფ ავტორს, გვიამბოს წმინდანის ცხოვრების ან წამების შესახებ?
ამას ორი დიდი მიზანი აქვს: პირველი - აღიწერება ამბები, რათა ისინი, ერთ დიდ სასულიერო მწერალს თუ დავესესხებით, «ჟამთა სიმრავლისაგან [არ] მიეცნეს დავიწყებასა», და მეორე - წმინდანის ღვაწლი (არ აქვს მნიშვნელობა, მისი ღირსად ცხოვრება თუ წამება) მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის: თუკი მან, მართალია, გამორჩეულმა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო და დაითმინა, «შიში კაცობრივი განაგდო» და თავისი თავი მიუძღვნა უფალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთარი სულის ცხოვრებას, მაშინ შენც, ამ ნაწარმოების წამკითხველი თუ მომსმენი (რადგან ხშირად ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, არსებითად, მათი კიმენური რედაქცია, ეკლესიაში იკითხებოდა წმინდანის ხსენების დღეს), შეძლებ ამას ნებისყოფის, მონდომების ხარჯზე, ჯილდო კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ქრისტიანისთვის სანატრელია: სულის საუკუნო სიცოცხლე.
ამის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული გმირი ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძია (აკი ნათქვამიც არის ერთ-ერთ ჰაგიოგრაფიულ პერსონაჟზე, რომ «ემსგავსებოდეს (მოწაფენი) მოძღვარსა თვისსა, ვითარცა იგი ემსგავსებოდის ქრისტესა»), როგორც შუამდგომელი («მეოხი») კაცისა უზენაესის წინაშე.
ასეა თუ ისე, ჰაგიოგრაფია, ენციკლოპედიური განმარტებით (ბერძნ. άγιος - «წმინდანი» და γράφω - «ვწერ») სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის; ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი ღვაწლით იესო ქრისტეს - ყოვლადწმინდა სამების განკაცებული ჰიპოსტასის, ძე ღვთისას - ცხოვრების გზას იმეორებენ ერთგვარად.
რას ნიშნავს თვითონ ქართული სიტყვა «მოწამე»? ეს ტერმინიც ბერძნულიდან მომდინარეობს, იგი კალკია ბერძნული «მარტიროს»-ისა, რაც ქართულად «მოწმეს» ნიშნავს. შესაბამისად, სიტყვა «მოწამეც», თავდაპირველი მნიშვნელობით, «მოწმეს» აღნიშნავდა, რომელიც ადასტურებდა თავის ქრისტიანობას და ამას საკუთარი სისხლით ამოწმებდა.
და მაინც, რა შეიძლება ითქვას ქართული ჰაგიოგრაფიის უკვდავი შედევრის, «შუშანიკის წამების» შესახებ? რით ჰგავს ან რით განსხვავდება ის ამ ტიპის (ვგულისხმობ სასულიერო მწერლობას) სხვა ნაწარმოებებისგან? ბევრი რამის თქმა შეიძლება როგორც ერთი, ისე მეორე კითხვის პასუხად.
ერთი შეხედვით, ესაა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, წამებათა ჟანრისა, რომელშიც აღწერილია მორწმუნე ქრისტიანი ქალის, დედოფლის, ქვემო ქართლის პიტიახშის მეუღლის, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასულის შუშანიკის თავდადება სარწმუნოებისთვის. ის სამჯერ გვემა ქმარმა სასტიკად, მერე კი ციხეში წააყვანინა, სადაც გაატარა მან მთელი დარჩენილი ცხოვრება (ექვსი წელი) და იქ ყოფნისას «წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა: მარხვითა, მარადის მღვიძარებითა, ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა». არ აძლევდა საკუთარ თავს დაცემისა და დასვენების უფლებას და მიიღო კიდეც საუკეთესო ჯილდო ღვთისგან - მარადიული სიცოცხლე ზეცაში. შუშანიკი - პერსონაჟი იაკობ ხუცესის ნაწარმოებისა - ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი მოწამე - პერსონაჟი სხვა ნაწარმოებებისა. შესაბამისად, ისიც ისევეა სამაგალითო სხვა ქრისტიანებისთვის, როგორც ის დანარჩენი წმინდანები, რომელთაც თავიანი სისხლის დამოწმებით დაადასტურეს საკუთარი ქრისტიანობა ღვთისა და ხალხის (მათ შორის – თავიანთი ჯალათების) წინაშე.
შუშანიკი, ისევე როგორც სხვა წმინდანები, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა («მოშიში ღმრთისაჲ... სიყრმითგან თჳსით»), ხოლო მას შემდეგ, რაც გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა (აქ არშეიძლება არ აღინიშნოს მისი სულიერი სიმტკიცე), გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს არ აძლევდა მოსვენებას არც დღისით და არც ღამით, ის სხვებისთვისაც ლოცულობდა და მათაც, წმინდანის ლოცვით, მიეცემოდათ: «უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნებაი, ბრმათა - თუალთა ახილვაი».
ნაწარმოებში არის ბევრი სხვა რამ, რაც აქცევს წმინდა შუშანიკს წმინდანად, დედოფალს - მოწამედ, «სამგზის სანატრელად» და «ნეტარად», როგორც მას იაკობ ხუცესი უწოდებს. ეს არის ის, რითაც ის ირიცხება წმინდანთა დასში და რის გამოც მას მორწმუნენი ღვთის წინაშე მეოხებას სთხოვენ.
წმინდა შუშანიკი დიდი შინგანი დაძაბულობის წყალობით მაღლდება მიწიერ ვნებებზე და აღწევს, სწვდება იდეალს. საკუთარი ცხოვრების დასასრულს ამბობს კიდეც: «ხოლო მე აწ ამას ვმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა (ე. ი. ვარსქენის მიერ მიყენებული ტანჯვით) მე ლხინებაი ვპოო და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსვენებასა მივემთხვიო... ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარულ, სატანჯუელთა ამათ წილ - განსუენებაი, გუემათა ამათ ჩემთა, თრევათა და შეურაცხებათა მივემთხვიო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა».
ამბობენ, რომ ძველი ლიტერატურა, პერსონაჟების ქცევის ასპექტები უნდა განვიხილოთ იმ ეპოქის ფონზე, რომელშიც იგი იწერება, - მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, სრულად ავხსნათ გმირის ქცევის მოტივებიო. შესაძლოა, ეს თვალსაზრისი მართებულიც იყოს, მაგრამ თანამედროვე მკითხველისთვის, ვფიქრობ, უფრო გასაგები იქნება, თუკი მოვლენებს სხვა კუთხიდანაც დავანახვებთ და არა მხოლოდ ისე, მაშინ ასე იყო მიღებულიო.
«შუშანიკის წამებაშიც», ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ეძიონ არა მხოლოდ ტიპური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, არამედ ისინიც, ამ ძეგლს იმავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებისგან რომ გამოარჩევს.
ამ თავისებურებათაგან, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანის გამოკვეთილ თვისებებთან ერთად ჩვენ, მკითხველები, მოწმენი ვხდებით, როგორ იქცევა თუნდაც დედოფალი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანად, როგორ სძლევს ის თავის ადამიანურ ვნებებს და შეძლებს სასუფევლის დამკვიდრებას.
ალბათ, ეს ასპექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნაწარმოები ნამდვილად V საუკუნეშია დაწერილი - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ჰაგიოგრაფიული გმირის იდეალი.
ამ ტიპის თხზულებებს (თვით «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაც» კი, სადაც უამრავი პერსონაჟია თავმოყრილი) ყოველთვის ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელზეც ფოკუსირებულია მოვლენები და ყველაფერი ამ გმირის განდიდებას ემსახურება; შესაბამისად, სხვა პერსონაჟების მხატვრულ სახეზე მსჯელობაც გაძნელდება. «შუშანიკის წამებაში» კი ასე არ არის, თავისუფლად შეიძლება ვარსქენის მხატვრული სახის ანალიზი - ესეც ამ ნაწარმოების კიდევ ერთი არაჰაგიოგრაფიული თავისებურება.
ზემოთ ვახსენე, შუშანიკი ჩვეულებრივი მოკვდავიდან წმინდანად მკითხველის თვალწინ გარდაიქმნება-მეთქი. იაკობ ხუცესი თვალნათლივ გვიჩვენებს, რის ფასად უჯდება ეს დედოფალს. ნაწარმოების დასაწყისში პიტიახშის მეუღლე საკუთარ მარტოობას განიცდის («ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე»). ესეც წმინდანის ადამიანური ბუნების გამოვლინებაა; მას გამუდმებით სჭირდება მოძღვრისა და თანამოაზრეების თანადგომა... თუმცა სწორედ ამ ადამიანური განცდების წარმოჩენით ახერხებს ავტორი, სხვებისთვისაც ახლობლად აქციოს თავისი პერსონაჟი, რომელსაც ასე გულშემატკივრობს.
ამ და კიდევ ბევრი სხვა პასაჟის დამსახურებაა, რომ «შუშანიკის წამება» «დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან მრავალი სხვაც, რომლებიც ძველ ქართულ პროზას წარმოადგენს, დღეს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, თუ როგორ ჰგვანან ადამიანები ერთიმეორეს და როგორ ვიბრძოდით ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის - ადამიანობის სამკვიდრებლად» (თამაზ ჭილაძე).
ვფიქრობ, «შუშანიკის წამების», როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, ღირსება უნდა ვეძიოთ მის ყველა თავისებურებაში (ჰაგიოგრაფიის ტიპურ მახასიათებელშიც და სასულიერო მწერლობისთვის უჩვეულოშიც), რადგან, საბოლოოდ, ესაა ერთი დიდი ქართველი მწერლის დიდებული, მაღალი მხატვრული გემოვნებით შესრულებული ტილო, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს ვერც ერთ ეპოქაში. ესაა ნაწარმოები, რომელიც შენც, უბრალო მკითხველსაც, აღწერილი ამბის თანამონაწილედ და თანამედროვედ გაქცევს.
დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქვს თავისი სათქმელი. სწორედ ეს უმკვიდრებს მას უკვდავობას, ისე, როგორც თუნდაც წმინდა შუშანიკს - თავისი ღვაწლი.
|
მეთოდიკური მითითებები ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთათვის
ავტორი: მაია ინასარიძე |
მეორე ენის სწავლების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ჩვენს დროში დიდი ყურადღება ექცევა. ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებში ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. დაიხვეწა სწავლების მეთოდები, ხერხები, შემუშავდა ახალი სტრატეგიები. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა ჩვენთან, რადგან საქართველოს მოსახლეობის ერთმა მეხუთედმა არ იცის სახელმწიფო ენა, რაც ხელს უშლის მათ, საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. იმისთვის, რომ არაქართველი მზად იყოს საქართველოში შრომითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ყოფით, სასწავლო, სოციალურ, კულტურულ და ოფიციალურ-საქმიან სფეროში ურთიერთობებისთვის, მას უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე ურთიერთობა, ამ ენაზე საუბარი, კითხვა და წერა.
ქართული ენის შესწავლა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის, გულისხმობს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების - მოსმენის, ზეპირმეტყველების, კითხვის, წერის - ინტეგრირებულ განვითარებას. რამდენადაც მეორე ენის სწავლების მთავარი მიზანი გაგება, შინაარსის გადმოცემა და აზრის გამოთქმაა, მეორე ენის გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკის ცოდნა თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ სწორედ სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ეს როდი ნიშნავს, რომ მეორე ენის სწავლებაში უგულებელყოფილია ლინგვისტური კომპეტენცია; სხვა კომპეტენციებთან ერთად უთუოდ იგულისხმება ისიც და მეორე ენის სწავლებისას მშობლიური ენის სწავლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს.
ამასთან დაკავშირებით ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელთა წინაშე ბოლო ხანს დაისვა კითხვათა მთელი წყება. კერძოდ:
* უნდა ვასწავლოთ თუ არა ქართული ენის გრამატიკა არაქართულენოვან მოსწავლეებს და თუ ვასწავლოთ, როგორ?
* შეიძლება თუ არა ქართული ენის გრამატიკის სწავლება გრამატიკის წესების გარეშე?
* რა ვასწავლოთ: ფუნქციური თუ თეორიული გრამატიკა?
* როგორ ვასწავლოთ გრამატიკა ისე, რომ მივიღოთ პრაქტიკული შედეგები და მოსწავლეებს განუვითარდეთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები?
* რა მეთოდები არსებობს გრამატიკული მოვლენებისა და კატეგორიების გასაგებად და კომუნიკაციის დროს მათ გამოსაყენებლად?
და ა.შ.
ცხადია, ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის პრეტენზია ამ წერილს ვერ ექნება. ჩვენი მიზანია, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ გრამატიკის სწავლებისას მოსწავლეებს შეასწავლონ კონკრეტული სამეტყველო აქტები და ოპერაციები, ენობრივი პარადიგმები, რათა მათ შეძლონ ამ ენობრივ მონაცემთა ცოდნის ამა თუ იმ სამეტყველო სიტუაციაში გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი გზა გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომაა.
გრამატიკის სწავლებისადმი კომუნიკაციური მიდგომის შესახებ არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი. ზოგი ავტორი უპირატესობას ანიჭებს გრამატიკის ზედმიწევნით ცოდნას, კარგ სტრუქტურულ ბაზას, რომელზეც შეიძლება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაფუძნება. მეორენი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სწრაფმეტყველებას და მიაჩნიათ, რომ გრამატიკული კომპეტენცია ყალიბდება თავისთავად, კომუნიკაციის პროცესში, გრამატიკის ცოდნის მიუხედავად. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრების გარდა არსებობს მიდგომები, რომლებიც ოქროს შუალედის გამონახვას ცდილობს. მათ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ექსპლიციტური გრამატიკული წესები და ტერმინოლოგია არ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა ანუ გრამატიკული მოდელების სწავლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მათ სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპობრივ სიტუაციაზე. ასე რომ, სწავლების კომუნიკაციური მეთოდი გულისხმობს ძირითადად კომუნიკაციურ სავარჯიშოთა სისტემის გამოყენებას, რომლებიც თავისთავად გრამატიკულ კანონზომიერებებს ეყრდნობა. კომუნიკაციური მეთოდისთვის მნიშვნელოვანია კომბინირებული სავარჯიშოები, რომელთაც გრამატიკულ მიმართულებასთან ერთად კომუნიკაციური ხასიათი აქვთ და პირიქით.
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მიერ იმის გაცნობიერებას, რომ გრამატიკული ფორმები აუცილებელია კომუნიკაციური ამოცანის გადასაჭრელად და რომ მათი გააზრებით ადვილია ამ ფორმების გადატანა და გამოყენება ახალ კონტექსტში.
კომუნიკაციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას აღიარებს სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, რომელიც ემყარება არა უბრალოდ წინადადების, არამედ გამონათქვამის დონეზე მუშაობის აუცილებლობას. სწავლების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია საურთიერთობო მეტყველების ელემენტარული ჩვევების ფლობა. წინ წამოიწევს მარტივი წინადადებებისა და ფრაზების გამოყენება, მარტივი შეკითხვის დასმა და პასუხის გაცემა, ურთიერთობის დამყარება მარტივ, ტიპურ სიტუაციებში (მისალმება, დამშვიდობება, გაცნობა) და სხვ.
მასალა, რომელიც კომუნიკაციური მიდგომისას შეირჩევა, უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს სიტუაციის მიხედვით კონკრეტული ენობრივი ფორმების გამოყენებაში, სწორი მეტყველების დაუფლებასა და მართებული წერის ჩვევების გამომუშავებაში. მასალის შერჩევისას გათვალისწინებულია კომუნიკაციური სწავლების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. კერძოდ:
* ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს არა გრამატიკული წესების, ტერმინების ცოდნაზე, არამედ კონკრეტული ენობრივი მასალის კონკრეტულ კომუნიკაციურ, სამეტყველო სიტუაციაში გამოყენებაზე.
* ენობრივი და სამეტყველო მასალა - კლიშეები, მოდელები, სქემები, ცხრილები, წინადადებები, მინიტექსტები, დიალოგები - ორგანიზებული უნდა იყოს თემატურად და სამეტყველო ფუნქციების მიხედვით.
* ტექსტებსა და სავარჯიშოებში სტიმულირებული უნდა იყოს რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია, რომელიც ახლოსაა მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან.
* სწავლებისა და სწავლისას აქცენტირება უნდა ხდებოდეს არა სიტყვების დამახსოვრებაზე, არამედ წინადადებებზე, გამონათქვამებსა და ტექსტებზე.
* კომუნიკაციურობის მიღწევა მხოლოდ ინტერაქტიული სწავლების პირობებშია შესაძლებელი, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმის (წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის) გამოყენების შესაძლებლობა.
გასათვალისწინებელია ის პრინციპებიც, რომლებსაც, საზოგადოდ, მეორე ენის სწავლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, ეს არის:
* კომუნიკაციურობის პრინციპი. მოსწავლეებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ისინი იქცნენ კომუნიკაციური აქტის ძირითად მონაწილეებად, მასწავლებელმა კი გზამკვლევის, დამხმარისა და დამკვირვებლის ფუნქცია იკისროს.
* განმეორებადობის პრინციპი. განმეორება რომ ცოდნის დედაა, უპირველესად ენის სწავლებისას მტკიცდება. ხშირი განმეორება, თანაც სხვადასხვა კონტექსტსა და სიტუაციაში, მარტო მექანიკურ კი არა, გააზრებულ დამახსოვრებას უწყობს ხელს. მისი სიხშირე და ხანგრძლივობა მასალის სირთულეზეა დამოკიდებული.
* მისაწვდომობის პრინციპი. ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მასალა არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი, რადგან ორივე შემთხვევაში მოტივაცია ეცემა. მიცემული დავალებები გასაგები უნდა იყოს და მოსწავლეს მათი დაძლევა შეეძლოს.
* გააზრებულობის / შეგნებულობის პრინციპი. გააზრების გარეშე ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების განვითარება არ ხდება. მოსწავლემ შეგნებულად უნდა გაიგოს გრამატიკული მასალა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი მის გამოყენებას წერითსა და ზეპირ მეტყველებაში.
* აქტიურობის პრინციპი. მასწავლებელი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, როგორ დაგეგმოს გაკვეთილი იმგვარად, რომ გაააქტიუროს მოსწავლე, უზრუნველყოს მისი აზროვნების, ნებისყოფისა და ყურადღების კონცენტრაცია. ეს პრინციპი ამგვარად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ნურასდროს გააკეთებთ იმას თქვენ, რის გაკეთებაც მოსწავლეს შეუძლია.
* აპროქსიმაციის პრინციპი. ენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია, შეცდომა გასწორდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კომუნიკაციას აბრკოლებს. შეცდომის ხშირი გასწორება უშუალოდ მეტყველების პროცესში მოსწავლეს უჩენს ერთგვარ შიშსა და არასრულფასოვნების კომპლექსს, უკარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
* თვალსაჩინოების პრინციპი. მასალის აღქმასა და გააზრებას აადვილებს ვიზუალური მასალა, კერძოდ, სქემები, ტაბულები, დიაგრამები, ცხრილები და ა.შ., რადგან ისინი ეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული საკითხების კონკრეტიზაციასა და უკეთ დამახსოვრებაში.
გრამატიკის სწავლების საბოლოო მიზანი ზეპირი და წერილობითი ტექსტების შექმნა უნდა იყოს. რა სახის სავარჯიშოების შეთავაზებაა რეკომენდებული ამისთვის?
შევეცდებით, ეს სავარჯიშოები გარკვეული თანამიმდევრობით წარმოგიდგინოთ:
* მოცემული ფორმებიდან მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი და გამოტოვებულ ადგილას ჩასვას.
* ჩასასმელი მასალა მოცემულია საწყისი ფორმით და მოსწავლემ ის შესაბამისი ფორმით უნდა ჩასვას წინადადებაში.
* არეული თანამიმდევრობით და საწყის ფორმაში მოცემული სიტყვებისგან წინადადებების შედგენა.
* ორი ან სამი სვეტიდან მოსწავლემ უნდა იპოვოს შესაბამისი ნაწილები და ისრით ერთმანეთთან დააკავშიროს.
* სიტყვების მოცემული გროვიდან ფორმების კლასიფიკაცია-კატეგორიზაცია.
* შეკითხვებისა და არეულად მოცემული პასუხების დაკავშირება
* მოცემული ფორმების გამოყენებით წინადადებების შედგენა.
* პასუხების მიხედვით შეკითხვების დასმა.
* კითხვებზე პასუხის გაცემა.
* აღწერითი ტიპის სავარჯიშოები (მოცემული მონაცემების მიხედვით მოსწავლემ უნდა შეადგინოს ტექსტი კონკრეტულ პიროვნებებზე).
* ე. წ. ტრანსფორმაციული სავარჯიშოები. მაგალითად, წინადადებების შეცვლა იმდაგვარად, რომ მოსწავლე "იძულებული გახდეს" გამოიყენოს გარკვეული გრამატიკული ფორმა (პირველი პირის ფორმიანი წინადადებების გადაყვანა მესამე პირის ფორმაში, დროში გადატანა გუშინ/დღეს/ხვალ ზმნიზედების საშუალებით) და სხვა.
ყველა ეს სავარჯიშო საბოლოოდ ტექსტის შექმნისკენაა მიმართული. საწყის ეტაპზე ტექსტები მოცემული უნდა იყოს ნაკლულად და მოსწავლემ უნდა შეავსოს. მომდევნო საფეხურზე ტექსტი იქმნება მოდელის მიხედვით, ანუ მოსწავლეს მოეთხოვება მოცემული ტექსტის მცირეოდენი სახეცვლილება. უკანასკნელ ტაპზე მოსწავლე გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით დამოუკიდებლად ქმნის ტექსტს.
იმისთვის, რომ გრამატიკის გაკვეთილები უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს, მასწავლებელი:
* არ უნდა დასჯერდეს მარტო სახელმძღვანელოში მოცემულ სავარჯიშოებს და შეეცადოს, თავად შეიტანოს საჭირო დამატებითი მასალა;
* გრამატიკულ მასალაზე იმუშაოს დიფერენცირებულად, ჩამოსაყალიბებელი სამეტყველო უნარ-ჩვევების მიხედვით;
* გაზარდოს სავარჯიშოთა კომუნიკაციური დატვირთვა, ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ფუნქციებსა და მათი გამოყენების ტიპურ სიტუაციებზე;
* უფრო ინტენსიურად გამოიყენოს სწავლების ინდუქციური მეთოდი, როცა მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ გრამატიკულ კანონზომიერებას;
* გამოიყენოს მშობლიური ენის გრამატიკა მეორე ენის გრამატიკული საკითხების გასააზრებლად შედარების გზით, დაადგინოს მსგავსება-განსხვავებები მშობლიურისა და მეორე ენის გრამატიკაში;
* უზრუნველყოს სწავლების განმეორებადობა პრინციპით: ძველი მასალა ახალ დონეზე, ძველ მასალაზე ახლის დაშენება;
* პერიოდულად შეაფასოს მოსწავლეთა ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მომდევნო პუბლიკაციებში შევეცდებით, გრამატიკის სწავლებაში კომუნიკაციური მიდგომის უფრო კონკრეტული მაგალითები შემოგთავაზოთ.
|
"პროგრესული დასწავლის" წესი თუ ანალიზი
ავტორი: მადლენა ჩუბინიძე |
ფსიქოლოგმა რიდმა ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ არსებობს ზეპირად დასწავლის გლობალურსა და ფრაგმენტულზე რაციონალური წესი, რომელიც ორივე ზემოხსენებული წესის უპირატესობებს აერთიანებს. ეს არის პროგრესული დასწავლა. წესი ასეთია: მასალას ყოფენ ნაწილებად (მაგალითად, ლექსს ტაეპებად), ჯერ პირველ ნაწილს დაისწავლიან, შემდეგ - მეორეს, შემდეგ ორივეს ერთად იმეორებენ და ა. შ. პროგრესული წესის მიხედვით, დასწავლის პროცესში, ერთი მხრივ, ცნობიერებაში ყალიბდება მთლიანი მასალა, მეორე მხრივ კი დეტალებსაც ექცევა ყურადღება.
როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ სასწავლო მასალა? რას მისცემს მას თუნდაც ლექსების დაზეპირება? ზეპირად სწავლის პოზიტიური მხარე დახსომების სიმტკიცე და დეტალების ცოდნაა, რაც ხანგრძლივ პერიოდზე განაწილებული ტექსტის გამეორებით მიიღწევა. ზეპირად დასწავლილი მასალიდან სწრაფად და უკეთ ამახსოვრდებათ პირველი ელემენტები, სიტყვათა თანმიმდევრობა და ა.შ. ზეპირად დასწავლისას იჩრდილება მასალის აზრობრივი მხარე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექსტის ზეპირად თხრობა. დაზეპირება მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მოსწავლე ძალაუნებურად მეტ ყურადღებას აქცევს სიტყვათა ზუსტ, თანმიმდევრულ დასწავლასა და მათ სწორად გადმოცემას, ვიდრე ცალკეული ფრაზების ანალიზსა და მთავარი სათქმელის განსაზღვრას. მოზარდს ზეპირად სწავლა ვარჯიშის შედეგად შეძენილ ჩვევად უყალიბდება. დასწავლის ასეთი წესით იზრდება მხოლოდ დახსომების ეფექტი, ხოლო შეფასების, ანალიზის, სინთეზის უნარი მცირდება. ზეპირად სწავლას ნებისყოფა, შრომა და დრო სჭირდება. მოსწავლეს უჭირს, ერთ დღეში ზეპირად ისწავლოს "ლურჯა ცხენები" ან ავთანდილის ანდერძი, მაშინ როდესაც სხვა საგნებიც აქვს მოსამზადებელი. ამ შემთხვევაში მოსწავლის მოტივაცია მცირდება, იგი ინტერესს კარგავს საგნის მიმართ.
იმისთვის, რომ მოსწავლემ ადვილადაც ისწავლოს და ინტერესითაც, აუცილებელია, თავდაპირველად მას ძნელად გასაგები მასალის "მონელებაში" დავეხმაროთ. აზრობრივად უკეთესი დაუფლება, სიღრმისეული გააზრება აუმჯობესებს რეპროდუქციას და ძალდაუტანებლად ილექება ცნობიერებაში. მასალის გაანალიზების შემდეგ დასწავლის უნარი მნიშვნელოვანი ხარისხით ვითარდება. მსჯელობა ეხმარება მოსწავლეს საკითხის განზოგადებაში, ტექსტის გახსნასა და სიღრმეების წვდომაში. ანალიზისას მოსწავლის აზროვნებაში თავისებურად აისახება მოვლენათა არსი, რაც დისკუსიის საგანი ხდება. გარდა ამისა, სახესიმბოლოების თავისებური გააზრება ხელს უწყობს წარმოსახვითი აზროვნების განვითარებას, რადგან სხვადასხვა მოვლენაზე წარმოდგენის შექმნა ფანტაზიის მეშვეობით შეიძლება. ტექსტზე მუშაობის აღნიშნული ფორმა მოსწავლეს უვითარებს ლოგიკურ, ვერბალურ და ცნებით აზროვნებას, რაც მას თვითშეფასებას უმაღლებს. საილუსტრაციოდ ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "ლურჯა ცხენები", რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ, რომ ადვილად და რუტინის გარეშე შეძლოს ლექსის სწავლა?
* მოსწავლე კითხულობს ლექსს რამდენჯერმე;
* აანალიზებს ფრაზებს, საუბრობს მათ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებაზე;
* საუბრობს სიტყვების სიმბოლურ დატვირთვაზე;
* ტაეპების აზრს გადმოსცემს პერიფრაზით;
* განსაზღვრავს ლექსის მთავარ სათქმელს;
* იხსენებს ალუზიურ სახეებს;
* აღნიშნავს ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელსაც ლექსი მიეკუთვნება და საუბრობს იმ საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება "ლურჯა ცხენები" მივიჩნიოთ სიმბოლისტურ ნაწარმოებად;
* მოსწავლე საუბრობს იმ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომლებსაც ლექსი აღძრავს;
* საუბრობს მის წარმოსახვითობაზე;
* გამოყოფს ტროპული მეტყველების სახეებს;
* გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას ლექსის მიმართ და საზრისს ასაბუთებს.
ამგვრად შესწავლილი მასალა ავითარებს მოსწავლის აზროვნებას, აძლიერებს ანალიზის უნარს და აუცილებლობას აღარ წარმოადგენს პროგრესული დასწავლის წესის გამოყენება, რადგან მოსწავლე საკუთარ თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თავისუფლად შეძლებს ლექსის ზეპირად დამახსოვრებას. ტექსტის "გაშიფვრა" თვალსაჩინოს ხდის მის არსს. შტრიხების, მოვლენების წამოწევა განაპირობებს ცალკეული ფრაზების უნებლიე დამახსოვრებას.
მასალის ათვისების ამ ორ მოქმედებას შორის განსხვავება უდავოა. ის, რაც დროის გარკვეულ პერიოდში გაუანალიზებელი, არსგაურკვეველი ფრაზების ხშირი გამეორებით მიიღწევა, პროგრესულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ასეთი წესით დასწავლა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
|
გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემები
| ||||
Подписаться на:
Сообщения (Atom)